ირაკლი ალასანია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას აპირებს. "ყველამ ვნახეთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩვენთან ერთად პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს და არ მოსწონს ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს პოლიტიკური ელიტის, მმართველი ელიტის წარმომადგენლებს პრეზიდენტისადმი და ამ ინსტიტუტისადმი. ჩვენ, "თავისუფალ დემოკრატებს" ძალიან ნათლად გამოკვეთილი პოზიცია გვაქვს, რომ ასეთი დაჩეხილი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც სააკაშვილისგან მემკვიდრეობით გვერგო, ეს ინსტიტუტი არის უკიდურესად შეზღუდული.
"მივიჩნევ, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი პატრონი, ძლიერი მმართველი, რომელსაც აქვს ასევე ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობა და როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ამ მიმართულებით წავიყვანთ ქვეყანას. გაძლიერდება პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს ჩვენი ამოცანაა და ეს მოხდება საზოგადოებასთან ერთად", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ბესო ზანგური (მსახიობი): სააკაშვილმა ისეთი ცუდი სიძლიერე და ბოროტება დაგვანახა, რომ პრეზიდენტის მმართველობის გაძლიერების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. როგორც "ქართული ოცნება" აკეთებს, ისე სჯობს. ეს აზრი მხოლოდ იმის გამო მაქვს, რაც საკააშვილის რეჟიმმა ჩაიდინა.
დოდო ხურცილავა (თეატრმცონდე): არა, სჯობს როგორც არის, ისე დავტოვოთ. უბრალოდ, ბალანსი უნდა იყოს. არ მიმაჩნია სწორად ქვეყნის მართვა ერთი კაცის ხელში იყოს. მხოლოდ ერთ ადამიანს მთელი ძალაუფლება არ უნდა მივანიჭოთ.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ვფიქრობ, პრეზინდეტის ინსტიტუტის გაძლიერება მიზანშეწონილია, მაგრამ ეს რომელიღაცა შემდგომი ეტაპიდან უნდა მოხდეს. არ შეიძლება არჩევნებს შორის შეიცვალოს. წელი უნდა დამთავრდეს. თუ შეიცვლება, ახლა რომ იქნება არჩევნები ან შემდეგი არჩევნების შემდეგ შეიცვალოს.
გია ბუღაძე (ფერმწერი): ვფიქრობ, სასურველია პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ბალანსიც აუცილებელია. მგონია, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება ყველაზე სწორი პოლიტიკური სვლა იქნება, რაც ქვეყანაში შეიძლება გაკეთდეს. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ინსტიტუტი რამდენად გაძლიერდება, ასევე პარლამენტის და მთავრობის ძალაუფლება როგორ დაბალანსდება.
გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): ქვეყანაში, თუ ასეთი თანამდებობა არსებობს, რასაც პრეზიდენტი ჰქვია, რა თქმა უნდა, უფლებები, ძალა და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მართოს. იცით, რა გამოდის? ჰგონიათ, რომ ჩვენთან პრეზიდენტი როგორც დედოფალი ელისაბედი ინგლისში, ისე უნდა იყოს. ქვეყნის სიძლიერეს პრეზიდენტის ძალაუფლება განსაზღვრავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე