"თვითონვე ითხრიან ძირს გამაოგნებელი, გაუმართლებელი და უპასუხისმგებლო საკადრო პოლიტიკით"
ია აბულაშვილი
07.05.2015

 "ოცნების ტრაგედია დაიწყო მაშინ, როდესაც გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ მთავრობაში და პოლიტიკური პარტიის მმართველობაში მოიყვანა ხალხი არსაიდან, კლანური და ნათესაური პრინციპით; ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს შედეგი, რომელიც დადგა - უშედეგობა სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის" - აცხადებს დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

"რეზონანსი": რატომ არ შეცვალა ხელისუფლებამ ეკონომიკური გუნდი?

დემურ გიორხელიძე: საქართველოს კონსტიტუციით მოქმედი არის არა ეკონომიკური ბლოკი, არამედ საქართველოს მთავრობა, რომელსაც ჰყავს მთავრობის ხელმძღვანელი. რომელიმე სამინისტრომ თუ რაიმე ვერ გააკეთა, მაშინ მეც და თქვენც უნდა ვიცოდეთ, რა დავალება ჰქონდა და რას ვერ მიაღწია. პირადად მე არ ვიცი, ცალკეულ სამინისტროებზე რა დავალებები იყო გაცემული. საზოგადოებაც და ჟურნალისტებიც შეცდომას უშვებენ, როცა აქცენტს ეკონომიკურ გუნდზე აკეთებენ, რომელსაც კონსტიტუციურად არანაირი დამოუკიდებელი მოქმედების უფლება არა აქვს; ამიტომ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ მთავრობაზე და მთავრობის მეთაურზე, სუსტ სამთავრობო პოლიტიკაზე და სუსტ სამთავრობო მმრთველობაზე;

"რ": ზოგიერთი მიმომხილველი ამბობს, რომ ქვეყანაში მართვის კრიზისია. თქვენც ასე ფიქრობთ?

დ.გ: მე ვფიქრობ, რომ გვაქვს ერთი კრიზისი, რასაც სავალუტო კრიზისი ჰქვია და ჯერჯერობით ხელისუფლება ვერ უვლის მას. ხელისუფლება არაეფექტურია, შედეგს ვერ დებს და არა აქვს გამიზნული მოქმედების პროგრამა.

რაც შეეხება მენეჯმენტს, მართვის სისტემის კრიზისი აშკარაა, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები არ მართავენ სახელმწიფოს, იგი იმართება არაოფიციალური პირებით. პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ გახდა მმართველი სახელმწიფო საქმეში. მანკიერი ტრადიცია გრძელდება, სახელმწიფო კვლავ სახელმწიფო ინსტიტუტების გარედან, არაფორმალური ქსელებით იმართება და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია; ეს არის გზა სერიოზული პოლიტიკური კრიზისისკენ, რომლის ნიშნებიც ოდნავ, მაგრამ მაინც გამოიკვეთა ამ ბოლო დროს. დღეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კრიზისი არ არის, მაგრამ უუნარო მმართველობა, სუსტი ეკონომიკური ზრდა, სოციალური მდგომარეობის გაუარესება, სამუშაო ადგილების არარსებობა და ნეგატიური განწყობის გაჩენა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ხალხმა ხმა მისცა, ადრე თუ გვიან პოლიტიკურ კრიზისში გადაიზრდება.

"რ": ფიქრობთ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა კრიზისის ზღვარზეა?

დ.გ: არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტია "ოცნების" მდგომარეობა სახარბიელო იყოს. ავანსი, რომელიც მათ მიიღეს 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ჯერ ვერ დააბრუნეს. თავისი მოქმედებით თვითონვე ითხრიან ძირს გამაოგნებელი, გაუმართლებელი და უპასუხისმგებლო საკადრო პოლიტიკით. "ოცნების" ტრაგედია დაიწყო მაშინ, როცა გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ მთავრობაშიც და პოლიტიკური პარტიის მმართველობაში მოიყვანა ხალხი არსაიდან, ჰაერიდან, კლანური და ნათესაური პრინციპით; ეს იყო შეცდომა, რომელიც, არა მგონია, "ოცნების" გამოსწორების პოტენციალი გახდეს. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის შედეგი, რაც დადგა - უშედეგობა სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისათვის.

"რ": ექსპერტთა აზრით, კოალიციის რღვევის რისკი რომ არ გაჩენილიყო, საჭირო გახდა "რესპულიკელებისათვის" პასუხისმგებლობის გადანაწილება, მმართველ გუნდში მათი როლის გაზრდა...

დ.გ: ყველა, ვინც მთავრობაშია, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე უნდა იღებდეს. კოალიციის შიგნით ვინ ძლიერდება და ვინ სუსტდება, ეს მეათეხარისხოვანია, ძლიერდები - დადე შედეგი, თუ არ ძლიერდები და იკავებ პოსტებს, მაშინ დღეს თუ ხვალ პასუხი მოგეთხოვება. კრიზისს გაამყარებს უცვლელობა და იმის ყოველდღიური დეკლარირება, რომ ყველაფერი კარგად არის და მთავრობა შესანიშნავად მუშაობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×