ელზა პაპოშვილი
07.05.2015

 4 მაისს თბილისის ზღვაზე სამაშველო სამსახურმა გარდაცვლილი 16 წლის გოგონა იპოვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდი ნაპირზე, ხის ქვეშ იწვა.

მაშველების განცხადებით, მათ გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი საეჭვოდ მიიჩნიეს და მისი შემოწმება გადაწყვიტეს. თუმცა ახლოს მისვლისას ნახეს, რომ მოზარდი გარდაცვლილი იყო.

პირველადი დათვალიერებისას გოგონას რაიმე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. პირველადი ვერსიით, მან თავი საკუთარი ჩანთის ქამრით ჩამოიხრჩო.

16 წლის გარდაცვლილი მოზარდი თბილისის 98-ე სკოლის მოსწავლე მარიანა ხაჩატურიანი აღმოჩნდა. როგორც სკოლის დირექტორი გიორგი მომცემლიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მარიანა მათ სკოლაში 2014 წლის 27 ოქტომბერს 142-ე საჯარო სკოლიდან გადავიდა.

მისი თქმით, გოგონას სკოლის შეცვლის მიზეზი მაღალი აკადემიური მოსწრება გახდა. როგორც გამცემლიძე ამბობს, გარდაცვალების დღეს მარიანასთვის საეჭვო ქცევა არ შეუმჩნევიათ, რადგანაც იგი საკმაოდ მშვიდად და ადეკვატურად იქცეოდა.

"დაახლოებით 5-6 საათისთვის მარიანას დედამ სკოლაში დარეკა და გვითხრა, რომ გოგონა სახლში ჯერ არ მისულა. ჩვენ იმ წუთიდან მოკვლევა დავიწყეთ და ვიდეოკამერაში ვანახეთ, რომ გოგონას 6 გაკვეთილის შემდეგ სკოლა ჩვეულ დროს დაუტოვებია.

"ამის შემდეგ უკვე დავუკავშირდით პოლიციას და მისი მოძებნა ვთხოვეთ. უკვე 7 საათისთვის ზღვის სამაშველო სამსახურის მეშვეობით გავიგეთ, რომ მარიანა ზღვის ნაპირზე, ხის ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა თავად ვნახე და გეტყვით, რომ გარეგნულად მას ძალადობის რაიმე ნიშანი არ ეტყობოდა. შემდეგ, როგორც პოლიციელმა მითხრა, სავარაუდოდ, მარიანამ საკუთარი ჩანთის ქამრით თავი ჩამოიხრჩოო.

"გოგონას გარდაცვალების შემდეგ მის კლასელებსა და მასწავლებლებს ვესაუბრე. როგორც მათ ჩემთან საუბრისას აღნიშნეს, ის იმ დღეს მშვიდად, ჩვეულებრივად იქცეოდა. მარიანა ჩვენს სკოლაში გასული წლის 27 ოქტომბერს გადმოვიდა.

"ცოტა ჩაკეტილი და გულჩათხრობილი გოგონა იყო. თუმცა მის ამ ქცევას, ახალ გარემოსთან შეგუებას მივაწერდით. საკმაოდ კარგად სწავლობდა. დედამისმაც ჩვენს სკოლაში ამიტომაც გადმოიყვანა. როდესაც მისი აკადემიური მოსწრება ვნახე, გავოცდი, ყველა საგანში მაღალი ქულები ჰქონდა.

"როგორც ვიცი, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. ჩვენც ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, ალბათ ამის შემდეგ უკვე ზუსტად გვეცოდინება, რა გახდა მარიანას გარდაცვალების მიზეზი," - აცხადებს 98-ე სკოლის დირექტორი.

მარიანა ხაჩატურიანის კლასის დამრიგებელი ვარდენ ჟღენტი აცხადებს, რომ გოგონა გარდაცვალებამდე მის გაკვეთილს დაესწრო. ამბობს, რომ მარიანას ქცევაში საეჭვო ვერაფერი შეამჩნია. პირიქით, მან გოგონა გაკვეთილის გამოსაკითხად გამოიძახა და ისე კარგად მოყვა, რომ მაღალი ქულა დაიმსახურა. დამრიგებელი აცხადებს, რომ მოზარდმა გაკვეთილი ყოველთვის იცოდა და საერთოდ ნიჭიერი ბავშვი იყო.

"თავდაპირველად, როდესაც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა, ბავშვებთან და ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდა. თუმცა პიველივე სემესტრის მეორე ნახევრიდან, ბავშვებთან კონტაქტში შევიდა. განსაკუთრებით კი ორ გოგონას დაუმეგობრდა.

"მე მას ისტორიას ვასწავლიდი და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაკვეთილი არ სცოდნოდა. წყნარი, მორიდებული, მოწესრიგებული გოგონა იყო. არ მახსოვს, ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა.

"გარდაცვალების დღეს მარიანას 6 გაკვეთილი ჰქონდა. მე-5 ჩემი იყო. ის ჩვეულებრივად გაკვეთილებს დაესწრო, როგორც ყოველთვის. გამოვიძახე და დავალება კარგად მოყვა. რამდენიმე დღის წინ კი მან სკოლისთვის სპეციალური პროექტი მოამზადა. ანუ ამით იმის თქმა მსურს, რომ თუ დეპრესიაში იყო, მის ქცევაზე ხომ უნდა ასახულიყო? ამის მსგავსი არაფერი ეტყობოდა.

"გავრცელდა ვერსია, რომ გოგონას შეყვარებული ჰყავდა და მშობლები მასთან ურთიერთობას უშლიდნენ. არ ვიცი, ეს სიმართლეს რამდენად შეესაბამება, ყოველ შემთხვევაში მტკიცედ შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს სკოლაში მსგავსი ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია. ამ ასაკის გოგონებისგან განსხვავებით, ასეთი სახის აქტიურობით არ გამოირჩეოდა... მინდა სწორად გამიგოთ," - აცხადებს კლასის დამრიგებელი.

"რეზონანსი" გარდაცვლილი მარიანა ხაჩატურიანის თანაკლასელებს ესაუბრა. გოგონების თქმით, რომელთა სახელსა და გვარს მათივე თხოვნით არ ვასახელებთ, მარიანასგან იცოდნენ, რომ შეყვარებული ჰყავდა, თუმცა მასთან უჩხუბია და სამუდამოდ დაშორებულა.

"გარდაცვალების დღეს ძალიან მხიარული და სხვა დღეებთან შედარებით უფრო აქტიური მომეჩვენა. სკოლაში მოსვლის დღიდან საკმაოდ ჩაკეტილი და გულჩათხრობილი იყო. თანაკლასელები ყველანაირად ვცდილობდით, რომ მისი ეს მდგომარეობა რაღაცნაირად შეგვეცვალა. ბოლოს იმდენი მოვახერხეთ, რომ კონტაქტშიც შემოვიდა და თავის პირად გრძნობებზეც საუბარი დაიწყო.

"მიყვებოდა, რომ შეყვარებული ჰყავდა. თუმცა მშობლებმა გაუგეს და მასთან დაშორება კატეგორიულად მოსთხოვეს. მარიანა ამის მიუხედავად ბიჭს მშობლების უჩუმრად ხვდებოდა. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ შეყვარებულთან იჩხუბა და სამუდამოდ დაშორდნენ," - აცხადებს მარიანას თანაკლასელი.

"რეზონანსი" მარიანას ძველ 142-ე სკოლის დირექტორს შორენა ცნობილაძეს დაუკავშირდა. დირექტორის თქმით, მისთვის მარიანას დედის გადაწყვეტილება, რომ გოგონა სხვა სკოლაში გადაეყვანა, გაუგებარი აღმოჩნდა. როგორც ცნობილაძე ამბობს, მან ამის მიზეზად 98-ე სკოლაში ნათესავის მასწავლებლად ყოფნა დაასახელა.

"მარიანა ჩვენს სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა და ათოსანი იყო. ის სხვა სკოლიდან 3 წლის წინ გადმოვიდა. მას თანაკლასელები და მასწავლებლებიც დადებით პიროვნებად ახასიათებენ. როგორც მისი მეგობრები ყვებიან, ჩვენს სკოლაში უკან დაბრუნება უნდოდა.

"ხშირად ესაუბრებოდა ძველ თანაკლასელებს და დანანებით ეუბნებოდათ, რომ სკოლა და მეგობრები ძალიან ენატრებოდა. თუმცა როგორც მასწავლებლები ამბობენ, საკმაოდ გულჩათხრობილი იყო. არ ვიცი, ეს რითი იყო გამოწვეული. ის თავის პრობლემაზე არასდროს არავისთან არ საუბრობდა.

"სიმართლე გითხრათ, რატომ გადაწყვიტა მარიანას დედამ ჩვენი სკოლიდან მისი გადაყვანა, ვერ გავიგე. როგორც მან განმიცხადა, 98-ე სკოლაში მათი ნათესავი ასწავლიდა და მარიანასაც უფრო კარგად მიაქცევდა ყურადღებას.

"ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას შესაძლოა ჩვენს სკოლაში შეყვარებული ჰყოლოდა და მშობლებმაც მასთან დაშორების მიზნით სკოლიდან გადაიყვანეს... თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ," - აცხადებს 142-ე სკოლის დირექტორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×