ლიკა ამირაშვილი
08.05.2015

იმპორტში კლება გვაქვს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია უახლოეს ერთ-ორ კვირაში დაიწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.

"პრივატიზაციის ნაწილში გვაქვს შედგენილი ნუსხა იმ ობიექტების, რომლებიც უნდა გაიყიდოს უახლოესი თვეების განმავლობაში. რამდენიმე ობიექტის გაყიდვა უკვე მოხდა. ასევე ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის - გარდაბნის თბოელექტოსადგურის გაყიდვას, რაც დამატებით, დაახლოებით, 300 მილონ დოლარს შემოიტანს ქევეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის მიმართულებით დადებითი ტენდენციებია და უკვე გამოცოცხლება შეინიშნება.

"აპრილის წინასწარი მონაცემებით, იმპორტში გვაქვს კლება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ერთ-ორ კვირაში, ასე რომ, ჩვენი და ეროვნული ბანკის პროგნოზებით, თუმცა მე არ მინდა მათ ნაწილზე ვისაუბრო, ეს სწორედ ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და უმჯობესია, მათ გააკეთონ განმარტებები, ჩვენ ველოდებით, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ორ-სამ კვირაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, ელით თუ არა ლარის სტაბილიზაციას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): პროფესიულ დონეზე ამაზე ვერ გიპასუხებთ, მე შემიძლია კომპეტენტური აზრი მოსახლეობაზე გითხრათ. მაგრამ მაინც მგონია, რომ წინსვლა იქნება, რაღაც შეიცვლება. საერთოდ დაღმავლობას ყოველთვის აღმავლობა მოჰყვება.

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): თუ პირველი პირი ამბობს, ალბათ რაღაცის იმედი აქვს, მაგრამ იმედი რამდენად მაქვს მე, ვერ გეტყვით. ჯერჯერობით კატასტროფული მდგომარეობაა. რაღაც-რაღაცები უკან-უკან მიდის. ძალიან გამიხარდება, თუ ღარიბაშვილის განცხადება მართალი იქნება. იმედიანად ვუყურებ, არ მგონია, რომ პირველი პირები ასეთ სერიოზულ განცხადებებს ზერელედ ისროდნენ. არაფრის იმედი რომ არ ჰქონდეს, არ მგონია, ასეთი განცხადებები გაეკეთებინა.

 

 ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი): რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ ღარიბაშვილის განცხადება რეალური გახდება. თუმცა საიმისოდ, რომ ლარი დასტაბილურდეს, 1-2 კვირა ნაჩქარევად და მცირე ვადად მეჩვენება. იმისათვის, რომ ქვეყანაში ლარი დასტაბილურდეს, ეკონომიკური პერსპექტივებია საჭირო.

გრძელვადიანი პერსპექტივებია საჭირო, თუმცა მოკლევადიანი პრესპექტივა შესაძლებელია დროებითი მექანიზმებითაც დასტაბილურდეს, მათ შორის დროებითი ღონისძიებებით. მაგრამ სრულფასოვანი ლარის კურსის სტაბილურობა მხოლოდ სრულფასოვანი ეკონომიკური რეფორმების გატარების საფუძველზეა შესაძლებელი, ამისთვის 1-2 კვირა ნამდვილად საკმარისი არ იქნება.

 თედო დონდუა  (ისტორიკოსი): ერთია, ინფლაცია, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული ან მოხმარებული პროდუქტის რაოდენობა მცირდება, მეორე, წმინდა სავალუტო კრიზისია. სამომხმარებლო კალათა, რასაც ჩვენ მოვიხმართ, ძირითად საგნებზე ფასი იგივე აქვს, რაც ადრე ჰქონდა.

კახეთში იძახიან, რომ არასოდეს ამდენი ღვინო არ გაუყიდიათ. აღმოსავლეთ საქართველოდან დიდი რაოდენობით ხილია გასული. კაზანტიპი ჩვენთან ჩატარდა. სასტუმრო "აჭარასთან" ძალიან ახლოს ვცხოვრობ, რასაც ვუყურებ, ძალიან დიდი რაოდენობის ტურისტია. სხვადასხვა მარკეტებში ფასები იდენტურია, რაც ადრე იყო. ბინების ფასი და მანქანების ფასი დაცემულია.

ჩივილი ისეთი ადამიანებისგან მესმის, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული. არ შეიძლება ყველას კრედიტი მისცე. ფული უნდა მისცე ადამიანს, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს. ქვეყნაში სავალუტო კრიზისია, ქვეყნის სავალუტო მარაგი შემცირებულია, რომელიც შეიძლება ხელოვნურადაც იყოს გამოწვეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×