9 მაისის ზეიმზე მოსკოვში საქართველოდან 3 ვეტერანი მიიწვიეს
იაგო ნაცვლიშვილი
09.05.2015

 დღე მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებაზე 68 ქვეყნის ხელმძღვანელობას დაუგზავნეს მოსაწვევები, თუმცა ამაზე დადებითი პასუხი მხოლო 30 ქვეყნიდან მიიღეს.

ოფიციალური დელეგაციების გარდა, მოსკოვში სხვადასხვა ქვეყნებიდან || მსოფლიო ომის ვეტერანები არიან მიწვეული. რუსული მედია ზეიმის ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოდან მოსკოვში 3 ვეტერანი ჩავა. თუმცა, მათი ვინაობა უცნობია. ასევე უცნობია, თუ კონკრეტულად ვინ და რა კრიტერიუმებით არჩევდა საქართველოდან მოსკოვში წასაყვან 3 ვეტერანს.

"რეზონანსი" ამ დეტალების გარკვევას შეეცადა, თუმცა ამაოდ. შესაბამის ინფორმაციას არ ფლობენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კობა ალხაზაშვილმა გვითხრა, რომ ამის შესახებ არავითარი ცნობები არ აქვთ.

ვეტერანების მოსკოვში გამგზავრების შესახებ ცნობები არ აქვს არც საერთაშორისო ორგანიზაცია "სტალინის" დამფუძნებელ გრიგოლ ონიანს. უფრო მეტიც, ონიანი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მოსკოვიდან მოსაწვევი მის სახელზე არ ყოფილა. ამბობს, რომ თუ აქამდე პრორუსად ითვლებოდა, ახლა "პუტინისა და რუსეთის მაგინებელი" ხდება.

საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველოდან მოსკოვში ოფიციალური დელეგაცია არ გაემგზავრება. შესაბამისი უწყებები რუსული მხარისთვის არც მისალოცი ბარათების გაგზავნას აპირებენ. ეს დეტალები "რეზონანსმა" პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციებში და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა.

"ყველაფერი უცვლელად რჩება. ოფიციალური დელეგაცია არ გაემგზავრება მოსკოვში. პრემიერის ადმინისტრაციიდან არც მისალოცი ბარათის გაგზავნა იგეგმება", - გვითხრა პრემიერის პრესსპიკერმა სოფო მოსიძემ.

უცვლელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაც:

"ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელია. მოსკოვში არც პრეზიდენტი გაემგზავრება და არც სხვა ვინმე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. არ იგეგმება არც მისალოცი ბარათების გაგზავნა. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამას აუცილებლად შეგატყობინებთ", - უთხრა "რეზონანსს" პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ.

მოსკოვში წასვლას არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან აპირებს ვინმე:

"ყველაფერი უცვლელად რჩება. საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვში არავინ მიდის, ისევე როგორც სხვა უწყებებიდან. ოფიციალური დელეგაცია საქართველოდან არ მიემგზავრება. რაც შეეხება იმას, გავგზავნით თუ არა მისალოც ბარათს, ამაზეც მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენი უწყება არც მისალოც ბარათს გაგზავნის მოსკოვში", - განაცხადა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია "სტალინის" დამფუძნებელი გრიშა ონიანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, 9 მაისის აღსანიშნავად მიდის თუ არა რომელიმე ვეტერენი მოსკოვში.

"ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. გამგზავრებას არც მე ვაპირებ. არავის არ მივუწვევივარ. მოსაწვევი რომ მომსვლოდა, სამამულო ომის 70 წლის იუბილის აღსანიშნავად აუცილებლად გავემგზავრებოდი. წასვლის ძალიან დიდი სურვილი მქონდა.

"აქამდე საზოგადოებაში პრორუსად ვიყავი ცნობილი, მაგრამ 10 მაისიდან მე უკვე რუსების მაგინებელი ვხდები. მე ვიწყებ მუშაობას, რომ პუტინის და მთელი რუსეთის უღირსი საქციელი გამოვააშკარავო. ამ დიდი გამარჯვების უდიდესი მხედართმთავარის ორგანიზაციის წარმომადგენელი არ მიიწვიეს 70 წლის იუბილეზე. როგორ შეიძლება ორგანიზაცია "სტალინის" დამფუძნებელი არ მიიწვიო ასეთ ღონისძიებაზე?! გამოდის, რომ სტალინის ამაგს არაფრად თვლიან. მათი ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან ნაწყენი ვარ.

"თუმცა, ჩვენი მხრივ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვქონდა უკვე ჩვენი აქტივობა. ერთი კვირის წინ გორის უნივერსიტეტთან ღონისძიება გავმართეთ, სადაც ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ ამ ღონისძიებამ მოსკოვიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა", - განუცხადა "რეზონანსს" გრიგოლ ონიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×