იაგო ნაცვლიშვილი
08.05.2015

9 მაისის აღსანიშნავად თბილისში რუსი ბაიკერები გეორგიევსკის ლენტებით არიან ჩამოსულები. ითხოვენ, რომ დღეს ვაკის პარკში შევიდნენ და მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ უცნობ ჯარისკაცებს პატივი მიაგონ. მათ იდეას მხარს უჭერს საქართველოში მოქმედი რამდენიმე პრორუსული ორგანიზაციაც.

ცნობისთვის, ბაიკერთა ეს დაჯგუფება - "ღამის მგლები" - რუსეთის პრეზიდენტ ვლდიმირ პუტინის მეგობრებად არიან ცნობილი. მათი ნაწილი თბილისში შემოვიდა, მეორე ნაწილი კი ბერლინისკენ გაემგზავრა, სადაც ასევე წინააღმდეგობა შეხვდათ.

ქართველი ბაიკერები და საზოგადოების ერთ ნაწილი "ღამის მგლების" განზრახვას პროვოკაციად აფასებენ. მათი აზრით, რუსი სტუმრები 9 მაისს ვაკის პარკში მხოლოდ ერთი პირობით უნდა შეუშვან - თუკი ისინი გეორგიევსკის ლენტებს მოიხსნიან, ჯერ გმირთა მოედანზე მივლენ და ქართველ გმირებს მიაგებენ პატივს, შემდეგ დაუბრკოლებლივ შეეძლებათ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისვლა.

უნდა შეუშვან თუ არა რუსი ბაიკერები ვაკის პარკში და რა პირობით? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 გია ბუღაძე (მხატვარი): "მიმაჩნია, რომ რუსი ბაიკერები ვაკის პარკში არ უნდა შეუშვან. მითუმეტეს ამ გეორგიევსკის ლენტებთან ერთად, რომელიც მათი შავრაზმული სიმბოლოა. ეს გახლავთ იმპერიალიზმის განმტკიცების, საქართველოსთვის ყოვლად გამანადგურებელი იდეის განხორციელების სიმბოლო.

"რა თქმა უნდა, დღევანდელი "ფე-ეს-ბეს", ყოფილი "კაგებეს" აგენტურა მუშაობს. ამით ცდილობენ ნიადაგის მოსინჯვას, თუ რა რეაქცია ექნებათ გარკვეულ ძალებს საქართველოში.

"ვფიქრობ, რომ რა პირობებსაც უყენებენ რუს ბაიკერებს, თუ იმას შეასრულებენ, მაშინ შეიძლება შეუშვან ვაკის პარკში. ჯერ მივიდნენ გმირთა მოედანზე, პატივი მიაგონ ჩვენს გმირებს, შემდეგ მოხსნან მოტიციკლებს გეორგიევსკის ლენტები. ამის მერე კი, ბატონო, შევიდნენ ვაკის პარკში. მაგრამ ისინი ამას არ გააკეთებენ, მათი მიზანი ეს არ არის."

 მარინა ბერიძე (მუსიკათმცოდნე): "მიმაჩნია, რომ რუსი ბაიკერები ვაკის პარკში არ უნდა შეუშვან. საერთოდ საზღვარზეც არ უნდა გამოეტარებინათ. დღეს ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს მითვისებული. ამიტომ მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვაკის პარკში შევიდნენ.

"მე ასე მგონია, რომ ვაკის პარკში არცერთ ვარიანტში არ უნდა შეუშვან, არავითარი პირობებით."

 

 ლაშა ბაქრაძე (ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი): "თავიდანვე არ უნდა შემოეშვათ ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ნაძირალებს ქვეყანაში უშვებენ. არცერთ ვარიანტში არ უნდა შეუშვან ვაკის პარკში. გეორგიევსკის ლენტები არის სრული იმპერიალისტური სიმბოლო, ამიტომ ეგ ლენტები უნდა მოაძრონ და უკანალში შეტენონ."

 

 

 ჯემალ ჭკუასელი ("ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "მე ქართველი კაცი ვარ და ვაჟას იდეების მიმდევარი - "დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა". ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსი ბაიკერები უნდა შეუშვან ვაკის პარკში.

"თუმცა, ყოველგვარი პირობების გარეშე შეშვებაც არ ივარგებს. მგონია, რომ საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია.

"ასე ცალსახა პასუხის გაცემა რთულია. მე ვიცი, რომ თუ სტუმარია და ბოროტი იდეები არ ამოძრავებს, მაშინ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თუ რღაცებს გადააჭარბებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, საკადრისი პასუხი უნდა გასცე.

"მე არ ვიცი, ვინ არის ეს ხალხი - პუტინის იდეების მიმდევრები არიან თუ დოსტოევსკის, რა მესიჯით არიან მოსულები... გეორგიევსკის ლენტებიც რას ნიშნავს კონკრეტულად, ძნელი სათქმელია - ამ ლენტებით გვეუბნებიან, რომ ძმები ვართ, თუ პირიქით, დაგიპყარითო...

"მეც ვფიქრობ, რომ იმპერიალისტური იდეის გამომხატველია, მაგრამ ეს ცალსახა პასუხის გაცემის შესაძლებლობას მაინც არ იძლევა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×