9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით გორში კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. რუსეთის დროშების ფონზე აქციაზე სხვადასხვა პრორუსული ლოზუნგი იყო გამოტანილი. "ჩვენ არ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა რუსეთი!" "ამერიკელებო, წადით სახლში!"
სტალინის სახლ-მუზეუმთან და გორის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები ქალაქში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვდნენ. სტალინის ძველი ძეგლის აღდგენამდე კი გორში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა კომუნისტური პარტიის წევრებმა ქალაქში მომცრო ზომის სტალინის ბიუსტი დადგეს.
რითი აიხსნება პრორუსული განწყობის გაზრდა ქალაქში, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): "არ მგონია, პრორუსული განწყობა იყოს, ეს უფრო პროსტალინური განწყობაა. მოგეხსენებათ, გორელების დამოკიდებულება სტალინის ფიგურის მიმართ. მ ემგონი, ინსპირირებულია ეს პროვოკაციები, რასაც თავი უნდა დავანებოთ. ვფიქრობ, გორის განუყოფელი კომპონენტია სწორედ ის ფაქტი, რომ გორია ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ამ პიროვნების ძეგლი თუ ხსოვნა დარჩეს."
ქეთა გაბიანი (კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის"): "მსგავსი განწყობა ყოველთვის იყო და ეს ვინმეს გაუკვირდა?! მე არ გამკვირვებია. გორის მოსახლეობა დაახლოებით 50 ათასია, აქციაზე კი დაახლოებით 200 ადამიანი იქნებოდა გასული. ეს ტენდენციები გორში ყოველთვის იყო, ეს ყველამ ვიცით. ის, რომ საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალულია და სახელმწიფომ რეაგირება არ მოახდინა, რომ ამდენი წითელი დროშა, ნამგალი და ურო გამოიტანეს ქუჩაში, ეს უკვე ძალიან ცუდია."
ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): "რუსეთის აგრესიას და გორის დაზარალებას რაც შეეხება, ეს რუსეთის აგენტის მიხეილ სააკაშვილის დიდი დამსახურებაა. ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, გორში სტალინის სახლ-მუზეუმთან სტალინის ძეგლი, რომელიც განათლებით და გენით ქართველი იყო, აუცილებლად უნდა დაიდგას, რადგან მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სტალინი დიდი პიროვნება იყო.
"ხალხმა არ იცის ის რეალობა, რომ სტალინმა ფაქტობრივად ერთიანი სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნა იმდროინდელ საქართველოს. ის ექსცესები, რაც გუშინ იყო, ხალხის სამართლიანი მოთხოვნაა. სამარცხვინოა, რომ მერაბიშვილის, თარგამაძეების, ბოკერიების სურვილით სტალინის ძეგლი აიღეს გორში და ბუშის და რეიგანის ძეგლები დადგეს."
ია ანთაძე (ჟურნალისტი): "არავისთვის უცხო არ არის, რომ გორში განსაკუთრებული სენტიმენტები აქვთ სტალინის მიმართ და შესაბამისად, მათთვის სტალინი საბჭოთა კავშირთან, ომთან, მოგებასთან არის გაიგივებული. ეს თემა ძალიან მგრძნობიარეა გორელებისთვის, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარდა მოქალაქეთა თვითორგანიზებისა, იყო ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია ასეთი განწყობის და ჯგუფების არსებობით.
"ის ჯგუფი, რომელიც 9 მაისს ქუჩაში იყო, მთელი გორის განწყობას სტალინისა თუ რუსეთის მიმართ არ გამოხატავს. გორი რჩება ქალაქად, სადაც მეტი სამოქალაქო აქტივობაა და განათლებაა საჭირო. სანამ კანონი არ ირღვევა, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. როდესაც კანონი ირღვევა, სამართალდამცავები დროულად უნდა ერთვებოდნენ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე