მოსაზრება
11.05.2015

ოპტიმისტები ნეგატივში პოზიტივს ეძებენ,

ხოლო პესიმისტები - პოზიტივში ნეგატივს!

მე

თამაზ აქუბარდია

და რადგანაც ქართველთათვის გენეტიკურად დამახასიათებელი ოპტიმიზმის გრძნობა მეც თავზესაყრელად მაქვს, მოდით გავარკვიოთ, რა ხდება ლარის თავს და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ლარის "დასაწყნარებლად" და, თუ მან ეს ვერ შეძლო, მაშინ - სამოქალაქო საზოგადოებამ.

თავიდან კინოხელოვნებით უნდა დავიწყო. თუ ვინმეს არ გინახავთ ამერიკული სერიალი "რუდდ წტ ცრუუდთ", დამიჯერეთ, - უნდა ნახოთ. ეს არის უბრწყინვალესი მაგალითი იმისა, თუ როგორი ტანჯვით, წამებით, აურაცხელი შრომით და უზარმაზარი სისხლის ფასად აშენდა ის ამერიკა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ.

ჩვენ კი ჩვენი ასაშენებელი ქვეყანა მივატოვეთ და სხვას ვუტოვებთ საჯიჯგნად და სათარეშოდ.

უკანასკნელი აღწერით საქართველო დატოვა სულ ცოტა 800 ათასმა ადამიანმა. ახალგაზრდებს კი ერთი სული აქვთ, როგორმე განათლება საზღვარგარეთ მიიღონ და იქ დარჩნენ ნებისმიერი გზებით და საშუალებებით - ქალების უცხოლებზე გათხოვებით და კაცების უცხოელი ცოლის მოყვანით დამთავრებული.

მათი საქციელის გაგება შემიძლია, მაგრამ გამართლებით მათ საქციელს ვერაფრით ვერ გავამართლებ!

მესმის, რომ ბიბლიური სამოთხის არსებობის ყველას სჯერა, მაგრამ კაცთა მოდგმის უდიდესი ნაწილის ოცნებაა ეს სამოთხე ამ ცოდვილ დედამიწაზე მოიწყოს.

მათი ქცევის გასამართლებლად იმასაც ვიტყვი, რომ როცა მაღაზიის გამყიდველის ანაზღაურება 300 ლარია და ერთ გადაცდომაზე საგადასახადო სამსახურის "ჩაფრები" 200 ლარიან ჯარიმას აგკიდებენ, ხოლო ადამიანურად რომ იცხოვრო, ერთ ადამიანს (და არა ოჯახს) სულ ცოტა 1000 ლარი სჭირდება, მაშინ ორში ერთია - ან უნდა "ფირალად გახვიდე", ანუ აუჯანყდე არსებულ ხელისუფლებას (რაც ქართველთა ფიცხი ხასიათის მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა. ქართველს თუ სისხლი ყელში არ ამოუყვანე, იმდენადვე ბევრს მოგითმენს მსხვილმანებში, რამდენადაც ცოტას დაგითმობს წვრილმანებში), ან დატოვო ქვეყანა და ბედი სხვაგან ეძებო. უმრავლესობა სწორედ ამ გზას ირჩევს.

ჩვენი უბედურება ყოველთვის ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა იყო და ამიტომ "ორ ზღვას შუა საომარი ლელო" ვიყავით ყოველთვის და დღესაც ასე ვართ.

და როგორ იქცევიან დიდი ქვეყნები თავიანთი ინტერესების სფეროში მოქცეული ქვეყნების მიმართ, ისევ კინოხელოვნებიდან უნდა მოვიშველიოთ მაგალითები.

ყველას გირჩევთ ნახოთ სამი ამერიკული კინოსერიალი, - "რწგთუ წა სფკვთ", "თსფტვფდ" და "ქფვფქ თუსკუეფკნ".

თუ მესამე სერიალი უფრო საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისტულ ფილმებს მოგაგონებთ და, ამდენად, მისი მხატვრული ღირებულება, სულ ცოტა, უკეთესის სურვილს ტოვებს, პირველი ორი ნამდვილი კინო შედევრია და სამივე ერთად უცხადესად გვიჩვენებს, როგორ უსწორდებიან ზესახელმწიფოები მორჩილებას არმოსურნე ქვეყნებს და ამ ქვეყნების ხელისუფლებას.

ის, რაც ჩვენს ქვეყანაში დღეს ხდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი გადმოსახედიდან, მათ ინტერესებში არ ჯდება. ამიტომ ლართან მიმართებაში მავანთა ეკონომიკური წიაღსვლები, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და მაგონებს პატივმოყვარე ექსპერტების ტელეკამერებთან დანატრებულ ფუჭ ყელყელაობას!

ეკონომიკური თეორიები თავისი მნიშვნელობით დაახლოებით იგივე ღირებულებისაა, როგორიც სამყაროს შექმნის მოდელები, რომელსაც ვისაც არ ეზარება, ყველა ქმნის - ფიზიკოსებით დაწყებული და მეტაფიზიკოსებით დამთავრებული.

ცხადია, ალბათ, ეს თეორიები საჭიროა, თუმცა, პირველთაგან ეკონომიკური თეორიები ერთი არსებითი ნიშნით განსხვავდება - ეკონომისტები მოდელებს ქმნიან უკვე მომხდარი ფაქტის შემდეგ (იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, ბუნებრივი, თუ სოციალური, თუ სხვა კატაკლიზმებით გამოწვეული), ანუ პოსტ ფაქტუმ და ამიტომ მათი პროგნოზები მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ წარსული მოვლენისას მიღებულ ფაქტობრივ მასალას ეფუძნება

სამწუხაროდ, ყოველი ახალი კრიზისის გამომწვევი მიზეზები ძირეულად განსხვავდება ძველისგან. ამიტომ მათი პროგნოზები, როგორც წესი, მჩხიბავთა საქმიანობას უფრო გვაგონებს, ვიდრე ღრმა მეცნიერულ საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებს. ამის კლასიკური მაგალითია 2005 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისი, რომლის პროგნოზი ვერცერთმა ნობელიანტმა ეკონომიკის სფეროში ვერ გააკეთა.

ამას დაუმატეთ კიდევ კონიუნქტურული მოსაზრებებით ამავე სწავლულების მიერ მრავალმილიონიანი კუპიურებით გამაგრებული და ათასი ტყუილით გაჯერებული მეცნიერებასთან ძალიან შორს მყოფი კრიზისის მიზეზების ახსნა და თქვენ მიიღებთ ძალზე სამწუხარო სურათს. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ცალკე აღებულ რომელიმე ქვეყანას!

ასეთი პრეამბულის შემდეგ, ალბათ ძალზე ძნელია რაიმე ოპტიმისტური განცხადების გაკეთება ლართან მიმართებაში, მაგრამ მაინც ვიტყვით რამდენიმე მოსაზრებას.

იმისათვის, რომ დავიჭიროთ ლარის კურსი და თავიდან ავიცილოთ მისი შემდგომი ვარდნა, ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტიკური მსხვერპლშეწირვაა საჭირო და იმ ზომით, რა ზომითაც ამას ჩვენგან მოითხოვენ! ვერავითარი სხვა ღონისძიება ლარის კურსის სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს. თუ რა იგულისხმება ამ სიტყვების უკან, გამგები ალბათ გაიგებს.

რაც შეეხება სამომავლო ღონისძიებებს, ალბათ ლარის კურსის დაცემიდან ყველაზე დიდი პოზიტივი ის არის, რომ სტიმული მიეცემა ადგილობრივ წარმოებას და, დოლართან და ევროსთან მიმართებაში ლარის სიიაფის გამო მოხდება იმპორტთან შედარებით ექსპორტის წახალისება, რასაც ხელისუფლებამ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი.

რას შეეხება სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებს, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს დაბალანსებული უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში, რადგან, როგორც ვხედავთ, ყოველთვის გვექნება იმის საშიშროება, რომ ლარი გაუფასურდეს, როგორც კი ეს მავანის ინტერესებში იქნება. ამისათვის კი ალბათ აუციელებელია გველის ჭკუა და დათვის (და არა მელიის, როგორც ეს მონადირეებისგან არაერთხელ გამიგონია) სიეშმაკე.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, იგი უფრო აქტიურად უნდა ჩაებას უცხოური ინვესტიციის შემოსვლისას დადებული კაბალური ხელშეკრულებების გამოვლენის კუთხით, რისი სამწუხარო მაგალითიც "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულებაა.

უცხოელები მხოლოდ 51 პროცენტიანი წილით, ან დროის გარკვეული, გონივრული ვადით უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის გათამაშდება ლარის გაუფასურების კოზირი, რაც დამოკლეს მახვილივით იქნება ქვეყნის კისერზე აღმართული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×