საქართველოს განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს 21-22 მაისს რიგაში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისაგან და ზოგადად, არცერთი სხვა სამიტისგან, რადგანაც ეს არის წინასწარ მომზადებული შეხვედრა, სადაც დაუგეგმავი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. ამის შესახებ საუბრობს "მთელი კვირისათვის" მიცემულ ინტერვიუში ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე.
მისი თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მისაღებად ევროკომისიის 2 ანგარიშია საჭირო. აქედან პირველი, რომელიც გასულ კვირას ოფიციალურად გამოქვეყნდა, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად საჭირო მოთხოვნების შესრულებას ეხება. მეორე დასკვნაში კი ის იქნება ასახული, თუ რეალურად როგორ ხორციელდება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ცვლილებები ცხოვრებაში და ხომ არ რჩება ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე.
ელჩი იმედოვნებს, რიგის სამიტზე დასახელდება კონკრეტული ვადა, თუ როდის შეძლებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის მეორე, გადამწყვეტი ფაზის დასრულებას და, მისი ვარაუდით, ეს 2015 წლის ბოლოს უნდა მოხდეს.
"მთელი კვირა": რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ რიგაში დაგეგმილი სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კონტექსტში?
ნატალი საბანაძე: შეიძლება ითქვას, რომ სამიტისადმი მოლოდინი ცოტა გაბუქებულია, რადგან ეს მაინც არის წინასწარ მომზადებული შეკრება, რომელზეც გადაწყვეტილებები ერთ დღეში, სპონტანურად არ მიიღება. საერთოდ, რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს არც ამ სამიტის და საერთოდ არც არცეთი სამიტის მიმართ.
გარკვეულწილად ეს მაინც განსაკუთრებული სამიტია - პირველად იმართება შეხვედრა ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ფაქტობრივად ომის პირობებში. საერთო სამეზობლოში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული მოვლენები. ეს ომი მარტო უკრაინას და გარკვეულწილად ჩვენ არ გვეხება, არამედ ასევე ეხება ევროკავშირსა და იმ ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, რომლებსაც ცივი ომის დამთავრების შემდეგ მშვიდობიანი საერთაშორისო თანამშრომლობა ეფუძნებოდა.
რისკის წინაშე დგას ყველა ერთნაირად, რადგან, როგორც ვიცით, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ამიტომ ეს სამიტი ძალიან განსაკუთრებულ პირობებში გაიმართება.
ევროკავშირის წინაშე დგას საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, როგორ უპასუხოს ამ კრიზისს ისე, რომ ერთი მხრივ, არ მოხდეს ესკალაცია და კიდევ უფრო არ გაიზარდოს დაძაბულობა, მეორე მხრივ, არ მოხდეს დათმობა იმ ნორმებისა და პრინციპებისა, რომელსაც ეფუძნება თავად ევროკავშირი და საერთაშორისო წესრიგი და მესამე - არ მოხდეს ისეთი პასუხი, რომელიც სამეზობლოში ევროკავშირის ინტერესების დათმობის ხარჯზე წაახალისებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.
სამივე მიზნის მიღწევა ძალიან რთული და, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კია. ამიტომ მოიძებნება კომპრომისი, რომელიც გარკვეულწილად პასუხს გასცემს ამ დილემას.
"მ.კ.": რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ითხოვს გავლენის სფეროების დაფიქსირებას. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, რომ ევროკავშირი ამ მხრივ რაიმე დათმობაზე წავიდეს?
ნ.ს.: პუტინი ითხოვს ევრაზიული კავშირის, როგორც მხარის, აღიარებას და გავლენის სფეროების განსაზღვრას - ჰქონდეს გავლენის სფერო იმ ქვეყნებზე, რომლითაც რუსეთი შემოსაზღვრულია. ამის პირდაპირი აღიარება ძალიან რთულია და ამაზე ევროკავშირი არ წავა.
მეორე საკითხია, რამდენად შეეწინააღმდეგება ამას. უკრაინის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, იგი საკმაოდ მაგრად დგას - ერთიანობა გამოიჩინეს, სანქციები გაგრძელდა მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები ევროკავშირსაც ვნებს.
იცით, რომ ევროკავშირი გაყოფილია, ყველა ქვეყანას ერთნაირი ინტერესი არ აქვს, თუმცა ერთიანობა ჯერჯერობით შენარჩუნებულია. მაგრამ მომავალში რამდენად შეძლებს ძლიერად შეეწინააღმდეგოს რუსეთის ამ მცდელობებს, ჩვენ ჯერ არ ვიცით.
"მ.კ.": ასეთი რთული საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე, რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ ევროკავშირისაგან?
ნ.ს.: რაც ეხება საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს, ამაზე ევროკავშირი უკან არ დაიხევს, რადგანაც ცალკეული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, იგი თავის თავს წარმოადგენს ნორმატიულ და არა გეოპოლიტიკურ ძალად და ეს მისი არსებობისა და თვითდეფენიციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც პატარა სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც ევროპა გარკვეულწილად თავშესაფარს წარმოადგენს.
რა პრინციპებზეა საუბარი? - პირველ რიგში ეს ეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, იმის დაუშვებლობას, რომ ხდებოდეს საზღვრების ძალით შეცვლა და აქვე უნდა ვახსენოთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - ყველა სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა, ალიანსების წევრობა მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად.
ეს არჩევანი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ, რომ რუსეთის ქმედებები სწორედ ამის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც საშუალებას არ აძლევს მის სამეზობლოში მყოფ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, გააკეთონ ის, რასაც მისი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აღიქვამს.
ამიტომ ევროკავშირიდან გვჭირდება ცალსახა მხარდაჭერა, რომ საქართველოს აქვს ამ არჩევანის გაკეთების უფლება. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევანთან ერთად ისინი იმასაც აღიარებენ, რომ ეს არის ევროპული არჩევანი და ჩვენ, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას, გვესახება მომავალი ევროპულ ოჯახში.
"მ.კ.": საქართველოში 400-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართვა გაავრცელა ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნებისათვის ევროპული პერსპექტივის თაობაზე. შეიძლება დეკლარაციაში მართლაც აღინიშნოს ეს საკითხი რაიმე ფორმით?
ნ.ს.: ჩვენ ამას პერსპექტივას დავარქმევთ თუ გაწევრიანების ამბიციას, ფუნდამენტური მნიშვნელობა ახლა არ აქვს იმ დილემიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ახლა ევროკავშირი იმყოფება. ასევე გასათვალისწინებელია წევრ ქვეყნებში მიმდინარე შიდა მოვლენები და გაფართოების მიმართ მზარდი სკეპტიციზმი. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ გაწევრიანების პერსპექტივის მხრივ ჩვენ რამეს დაგვპირდებიან, ზედმეტად ოპტიმისტური იქნება.
ამიტომ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რა შესაძლებლობებიც გვაქვს. ამ სიტუაციაში შესაძლებლობა არის ის, რომ აღიარონ ჩვენი ევროპული მისწრაფებები. შესაძლებელია, მხარი დაგვიჭირონ, რომ ამ მისწრაფებების განხორციელებაში წინ წავიწიოთ. ამისათვის ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი უკვე გვაქვს, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება. ეს არის სერიოზელი ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობების განვითარების გზაზე.
"მ.კ.": თქვენი შეფასებით, შეიცვალა ევროკავშირის ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, თუ იგი მას კვლავ ტექნოკრატიულ პროექტად განიხილავს?
ნ.ს: უკრაინის მოვლენებმა ვილნიუსის სამიტის გარშემო აჩვენა ძალიან ნათლად, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა არ არის და ვერ იქნება ტექნოკრატიული პროექტი. შეიძლება ეს თავიდან ასე იყო ჩაფიქრებული - უფრო ბიუროკრატიულ-ტექნოკრატიული, ვიდრე პოლიტიკური და მითუმეტეს გეოპოლიტიკური, მაგრამ ვილნიუსმა აჩვენა, რომ არსებობდა მეორე მხარე - ევროკავშირის მაშინდელი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი, რომელიც აბსოლუტურად არ აღიქვამდა ამ პროექტს ტექნოკრატიულად და პასუხიც შესაბამისი ჰქონდა.
ამიტომ ამჟამად ევროკავშირისთვისაც იმის აღქმა, რომ იგი მხოლოდ რაღაც პატარა პროექტებსა თუ ხელშეკრულებებზე საუბრობს, უკვე არარეალისტურია. ამიტომ ახლა უკვე ყველას ესმის, რომ ეს არის ბევრად უფრო რთული, პოლიტიკური გამოწვევების შემცველი ინიციატივა და ფიქრობენ, როგორ უნდა განვითარდეს.
არსებობს სამი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობების ეტაპზე გადავიდა და არის სამი ქვეყანა, რომლებსაც სხვა ინტერესები და ამბიციები აქვთ. საკმაოდ რთულია ამათი ერთად დაბალანსება და როგორ განვითარდება პროცესები, სწორედ ამ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გადაწყდება. მხოლოდ მარტივი ტექნოკრატიული მიდგომით ამ გამოწვევის გამკვლავება შეუძლებელი იქნება.
"მ.კ.": რიგის სამიტისაგან საქართველოში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების ვადის დასახელებას ელიან. რამდენად საფუძვლიანია ეს მოლოდინი?
ნ.ს.: დასკვნა დღეს უკვე ქვეყნდება - ეს არის მეორე ეტაპის პირველი შეფასება, კონსოლიდირებული მოხსენება. ბოლო თვეებში საქართველოში მოეწყო რამდენიმე მისია. შეისწავლეს ოთხივე ბლოკი და ეს ანგარიში აჩვენებს, რა პროგრესია მეორე ფაზის იმპლემენტაციის მხრივ.
ჩვენ ველით, რომ იქნება კარგი შეფასება, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, იყო უპრეცედენტო მობილიზაცია იმისათვის, რათა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მომხდარიყო ამ ფაზაში წინსვლა.
იმისათვის, რომ მოხდეს საბოლოო შეფასება, ევროკავშირს სჭირდება ორი ანგარიში. მეორე ფაზა მოიცავს კანონმდებლობებს, იმპლემენტაციის შეფასებას, რომელიც პირველ ფაზაში იქნა მიღებული. ამიტომ უფრო რთული ფაზაა და უფრო მეტი დრო ესაჭიროება, რათა ინახოს, როგორ ხდება ცვლილებების ცხოვრებაში გატარება და მხოლოდ ქაღალზე ხომ არ რჩება.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოჩდება დროის ვადა, რომლის პერიოდშიც, ევროკომისიის აზრით, შესაძლებელი იქნება ამ ფაზის დახურვა და ჩვენ ვთვლით, რომ ეს იქნება ამ წლის ბოლომდე.
"მ.კ.": საერთოდ, რამდენად აუცილებელია საქართველოში რეფორმების განხორციელებისათვის ევროკავშირის პერსპექტივა? აუცილებლად ვინმემ გარედან უნდა დასახოს მიზნები, ჩვენ არ გაგვაჩნია ამის ნება?
ნ.ს.: საქართველომ ძალიან სერიოზული რეფორმები ჩაატარა, მოახდინა სახელმწიფოს რეალური რესტრუქტურიზაცია, მანამდე, სანამ აღმოსავლეთ პარტნიორობა საერთოდ გაჩდებოდა. ეს ძალიან ნათლად აჩვენებს იმას, რომ შიდა მამოძრავებელი ძალა არის გადამწყვეტი და არსებობს შიდა ინტერესი, რომ შეიქმნას ფუნქციონირებადი სახელმწიფო.
ეს ვალდებულებები კი არ არის, ეს არის ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირთან, ის, რაც ჩვენ გვინდა განვახორციელოთ და ამისთვის გვსურს მათი დახმარება. იმისათვის, რომ ეს დახმარება მივიღოთ, ეს კარგად უნდა განვახორციელოთ. ეს არის სახელმწიფოს მოდერნიზაცია, ტრანსფორმაცია, რაც დარჩენილია, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის დემოკრატიად. ნებისმიერი სახის დახმარება, თუ შეიძლება ეს ჩვენ მივიღოთ, რატომაც არ უნდა მივიღოთ?! მითუმეტეს, რომ ჩვენ გვინდა დაახლოება და ეს პროცესი გაიარა ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც შეუერთდა ევროკავშირს.
"მ.კ.": როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ევროპულ გზაზე, გასაგებია, რამ განაპირობა ჩვენი არჩევანი, მაგრამ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს, რითი შეგვიძლია გავხდეთ საინტერესო მისთვის?
ნ.ს.: ის, თუ როგორ განვითარდება ევროკავშირის სამეზობლო, დიდწილად განსაზღვრავს, თუ რა ტიპის საერთაშორისო აქტორია ევროკავშირი. თუ მას არ შეუძლია, თავისი წონა, თავისი დადებითი გავლენა, რომლის პროექციასაც იგი აკეთებს, წარმატებით განახორციელოს სამეზობლოში, მისი გლობალური როლი მითუმეტეს კითხვის ქვეშ დგება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ამბიციები არ არის ევროკავშირის, როგორც პროექტის, საფუძველი, მას ეს ამბიციები აქვს. მას ფაქტობრივად აქვს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჰყავს უმაღლესი წარმომადგენელი.
წარმატებული, განვითარებული, დემოკრატიული და მშვიდობიანი სამეზობლო არის უშუალოდ ევროკავშირის განვითარებისა და უსაფრთხოების საფუძველი. სამეზობლო, რომელიც ახლა არის ძალიან არეული, უქმნის ევროკავშირს მთავარ რისკებსა და საფრთხეებს.
რატომ დებს ამდენ სახსრებს, რომ მოხდეს მეზობელი ქვეყნების ტრანსფორმაცია? საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ურყევი პოსტულატი არის ის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთს არ ებრძვიან.
ანუ, ეს დემოკრატიული მშვიდობის თეორია საკმაოდ მნიშვნელოვანია. დემოკრატიული სივრცის გაფართოება ევროკავშირისვე უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოების და განვითარებისთვის. ამიტომ აქ არის რეალური ინტერესების გადაჯაჭვა.
ასევე უნდა გამოვყოთ ენერგორესურსების მომენტიც, თუ მერკანტილურ ინტერესებზეც ვისაუბრებთ. საქართველო სერიოზული კორიდირია. ენერგოდამოუკიდებლობა კი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. რადგანაც ხდება ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენება, ევროკავშირის ინტერესშია, მოხდეს დივერსიფიკაცია. საქართველოს, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის, როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველო შეიძლება განხილული იქნეს, როგორც ხიდი შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაში. შუა აზია დიდი ბაზარია და, ამასთან, მას არ აქვს არც ამბიცია და არც ინტერესი, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. საქართველოს სტრატეგიული როლი შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს.
"მ.კ.": რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ცალკეული ქვეყნების პოზიციები? უნდა იყოს თუ არა ამ მხრივ ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში გერმანია და საფრანგეთი?
ნ.ს.: როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირის ინტერესებზე, ეს არის შეჯერებული თვალთახედვა ბრიუსელიდან, თუმცა ამის სიმძაფრის აღქმა ევროკავშირის სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია. იტალია, ესპანეთი, პორტუგალია ასე მძაფრად არ აღიქვამს ჩვენთან ურთიერთობას, რადგანაც მისი სამეზობლო არის სამხრეთი. შესაბამისად, პოლონეთისთვის და ბალტიისპირეთისათვის სამეზობლო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები. ამიტომ ჩვენ მათთან ბევრი ახსნა არ გვჭირდება, რადგან ბუნებრივი პარტნიორები არიან და საერთო ინტერესი გვაქვს.
არიან ქვეყნები შუაში, რომლებიც ძალიან დიდ როლს თამაშობენ. მათგან ყველაზე წონიანი ქვეყნებია გერმანია და საფრანგეთი და მათთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და გვჭირდება, რადგან როგორც ვხედავთ, მათი მხარდაჭერის გარეშე საბოლოო ჯამში არაფერი კეთდება.
გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრს ძალიან კარგი ვიზიტი ჰქონდა გერმანიაში და მათი მხრიდან გამოხატული იქნა საქართველოსადმი მხარდაჭერა. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება სავიზო ლიბერალიზაციას. თუ გეგმით გათვალისწინებული ყველა მითხოვნა შესრულდა, გერმანია გვპირდება, რომ არ დაბლოკავს ამ პროცესს.
მაგრამ როდესაც საკითხი ეხება პერსპექტივებს, ახალ ეტაპზე საუბარს, აქ გერმანია ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი. ამის მიზეზი ბევრია, მაგრამ, მათი აზრით, ჩვენ სულ ახლახან მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება და უმჯობესი იქნება, თუ ამ ეტაპზე შევჩერდებით და სრულად გამოვიყენებთ ყველა ახალ ინსტრუმენტს. ყურადღება უნდა გადავიტანოთ შინაარსზე და არა რაღაც ახალ ფორმულირებებზე. მათი აზრით, თუ სულ ახალი ფორმულირებების ძიებაში ვიქნებით სამიტიდან სამიტამდე, მთავარი შეიძლება გვერდზე დაგვრჩეს.
"მ.კ.": ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლებიდან ბევრი, მათ შორის საქართველოს ევროპული პერსპექტივის აქტიური მხარდამჭერებიც, მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის ამბიცია ჩვენთვის კონტრპროდუქტიულიც კი შეიძლება იყოს. თქვენი პოზიცია როგორია ამის მიმართ?
ნ.ს.: ჩემთვის ამის გადაჭრით თქმა ძნელია, რადგანაც გარემოებები ძალიან სწრაფად იცვლება. მაგრამ იმისთვის, რომ აქამდე მივიდეთ, აუცილებელია, ორივე მხარე იყოს მზად. ჩვენ რომ გვინდა - ეს საკმარისი არ არის. მეორე მხარესაც უნდა უნდოდეს. ჩვემ ჯერ მზად არ ვართ და არც ისინი არიან მზად. ამიტომ ასეთ პროცესში სწორი მომენტის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მომენტი შეიძლება ძალიან სწრაფად დადგეს, ან დიდი ხნის მერე მოგვეცეს შანსი.
კიდევ ერთხელ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაველოდოთ და ავირჩიოთ სწორი მომენტი იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. საჭიროა ევროპა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ არ ვიქნებით პრობლემის იმპორტიორები, არამედ საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელიც გაამდიდრებს და გააძლიერებს საერთო ევროპულ ოჯახს.