ორიოდე დღის წინ კანკალით, თავის ტკივილით, სუნთქვის გაძნელებითა და სისუსტის შეგრძნებით კარალეთის საჯარო სკოლიდან გორის ბავშვთა საავადმყოფოში ათი მოსწავლე გადაიყვანეს. შემთხვევა დილის საათებში, სკოლაში გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა.
ექიმების განცხადებით, ბავშვები საკვებითა და წყლით არ მოწამლულან. 24 საათის განმავლობაში მოსწავლეების ცუდად გახდომის მიზეზი ვერ დადგინდა. თბილისიდან სპეციალურად ექიმ-ტოქსიკოლოგებიც ჩავიდნენ. ბავშვების უმეტესობა სახლში გაწერეს და მკურნალობა დაუნიშნეს, გამომწვევი მიზეზი კი გამოკვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
როგორც "მთელ კვირას" გორის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა ქეთევან ხვადაგიანმა უთხრა, ბავშვები დაუდგენელი სახის აირით მოიწამლნენ.
"შემოიყვანეს ათი მოსწავლე, რომელთაც აღენიშნებოდათ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, კიდურების დაბუჟება, გულისრევის შეგრძნება, ტემპერატურა ჰქონდათ დაბალი, წნევა - მაღალი, პულსი - აჩქარებული.
"ბავშვები ტოქსიკოლოგებმა გასინჯეს და დადგინდა, რომ აირით გამოწვეული ინტოქსიკაციაა, თუმცა, რომელი აირით - ეს ჯერჯერობით უცნობია. მოსწავლეები რომელიღაც გაზით მოიწამლნენ, თუმცა, ბუნებრივი აირით არა. ეს იყო რაღაც აქროლადი ნივთიერება.
"როცა შემთხვევა მოხდა, ყველა ბავშვი სკოლაში იყო. შემოიყვანეს მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კლასის მოსწავლეები. ისინი დაახლოებით ერთი-ორი საათის ინტერვალით გახდნენ ცუდად, ჩამოთვლილი ჩივილები პირველი გაკვეთილის შემდეგ დაეწყოთ", - გვითხრა ქეთევან ხვადაგიანმა.
ტოქსიკოლოგების თქმით, აღნიშნული სიმპტომები სხვადასხვა სახის აირით მოწამვლას ახასიათებს. ექიმ-ტოქსიკოლოგ სოსო კუტუბიძის თქმით, ბევრ აირს ახასიათებს ერთი და იგივე სიმპტომები, თუნდაც ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას, მაგრამ როგორც ის ამბობს, ამ შემთხვევაში მოწამვლის მიზეზი შესაძლოა პესტიციდები იყო.
"ეს სიმპტომები ძალიან ჰგავს პესტიციდებით მოწამვლას. ეს არის სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებული ქიმიკატები. მათი შესხურებით ხეხილსა და ვენახს წამლავენ. ჩემი აზრით, სწორედ აქედან გამოწვეული ჰაერის შესუნთქვის შედეგადაც შეიძლება ადამიანი მოიწამლოს, ამ დროს მკურნალობაც ჩვეულებრივად ინიშნება და საშიში არაფერია", - ამბობს კუტუბიძე.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ობსერვაციისა და ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი ტოქსიკოლოგი ოთარ რუსაძე გორის საავადმყოფოში თბილისიდან ჩავიდა და კარალეთში მომხდარ შემთხვევას პირადად გაეცნო.
მისი თქმით, მოსწავლეები შესუნთქვის გზით გაურკვეველი სახის აირით მოიწამლნენ:
"ეს არის ინჰალაციური აირით მოწამვლა და ძალიან დამაეჭვა, რომ მარტო გოგონები მოიწამლნენ, ბიჭები შატალოზე ყოფილან და ალბათ სასწავლო პროცესის ჩაშლის მცდელობა იყო.
"ისტერიის მომენტიც არ არის გამორიცხული. რამდენიმე ბავშვი სხვის ნათქვამს იმეორებდა. ძირითადი სიმპტომები იყო თვალების წვა, სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი, ცრემლდენა, ორ გოგონას მუცელიც სტკიოდა", - ამბობს ოთარ რუსაძე.
ტოქსიკოლოგის თქმით, საკვებითა და წყლით მოწამვლა გამორიცხეს, რადგან ამ შემთხვევაში ინტოქსიკაცია ბევრად უფრო მასობრივი იქნებოდა და მხოლოდ მოსწავლეები არ მოიწამლებოდნენ.
"ბავშვებს სუნი არ უგვრძნიათ, ზოგი იძახდა, შმორის სუნიაო. ეს იყო გამაღიზიანებელი ეფექტის მქონე აეროზოლით მოწამვლა. ჩვენ რომ ჩავედით, მოსწავლეებს კლინიკური ნიშნები აღარ ჰქონდათ. ამიტომ მათ გამოვკითხეთ, თუ ვინ სად იყო, რომელ გაკვეთილზე დაეწყოთ ჩივილები, რომელ კლასში იყვნენ და დასკვნამდე ამ გზით მივედით.
"ბავშვების ორგანიზმში შესუნთქვის გზით რაღაც გამაღიზიანებელი, უცნობი ეტიმოლოგიის აირი მოხვდა. ექიმებმა პაციენტები იმდენჯერ გამოკითხეს, რომ მათი უმეტესობა ერთმანეთის ნათქვამს უფრო იმეორებდა. თვალების სიწითლე მხოლოდ 3 ბავშვს შევამჩნიე და ემოციური ფაქტორი უფრო სჭარბობდა", - ამბობს ოთარ რუსაძე.