2008 წლის აგვისტოში რუსულმა ავიაციამ გორი დაბომბა. 7 წლის შემდეგ კი, 9 მაისს, გორის ცენტრში ქართველებმა რუსული დროშები ააფრიალეს. თუკი აქამდე პრორუსული ძალები ძირითადად მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდით იყვნენ დაკავებული, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნის გარდა, მათი მხრიდან რუსეთის ახალი იმპერიული ამბიციების ხმამაღალ მხარდაჭერად იქცა.
გორში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე 1000-კაციან დემონსტრაციაზე შეკრებილებმა სტალინის უზარმაზარი პლაკატებისა და საბჭოთა წითელი დროშების ფრიალით რუსეთთან პოლიტიკური ერთობა მოითხოვეს.
წითელი დროშების ფრიალით არა, მაგრამ რუსული იმპერიალისტური სიმბოლოთი - წმინდა გიორგის ლენტებით გამოვიდნენ თბილისში ვაკის პარკში ევრაზიული კავშირის მომხრეები, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა კიდეც.
9 მაისს გიორგის ლენტები გამოჩნდა კასპშიც, თელავის სოფელ აკურაში კი ერთი დღით სტალინის ბიუსტი დააბრუნეს.
ანტიდასავლური პროპაგანდიდან პრორუსულ პროპაგანდამდე
კითხვაზე, არის თუ არა რუსული პროპაგანდა საქართველოში, პასუხი ერთმნიშვნელოვანია - კი და ეს 9 მაისსაც გამოჩნდა. ხოლო გაიზარდა თუ არა პრორუსული გავლენა ქვეყანაში, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის. აშკარაა მხოლოდ ის, რომ პრორუსულად განწყობილი ჯგუფები საკუთარი სურვილის ხმამაღლა გამოხატვას არ ერიდებიან.
ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ წინათ მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდა ხდებოდა, ახლა პირდაპირ პრორუსულ პროპაგანდაზე გადავიდნენ. ეს კი ძალიან შემაშფოთებელია და სამწუხაროა ის, რომ ამაზე სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობასაც ვერ ვხედავთ.
მისი თქმით, ბევრი ქართველი ეწევა ამ პროპაგანდას და ეს სწორედ 9 მაისსაც გამოჩნდა.
ლაშა ბაქრაძე: "სამწუხაროდ, პრორუსულ პროპაგანდაზე სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ. მაგალითად, ისეთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ, როგორიც პოლონეთია, შეუშალა ხელი რუსი ბაიკერების პოლონეთში შეშვებას. საქართველოში კი ბაიკერები დაუბრკოლებლად შემოვიდნენ, თანაც გიორგის ბაფთებით.
"პრორუსული ძალები ძლიერდებიან და ეს, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის, რადგან რუსეთმა დიდი თანხები გამოყო იმისათვის, რომ ეს პროპაგანდა მიდიოდეს და ზეგავლენას ახდენდეს საქართველოში საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე.
"მე გორში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე ეს დემონსტრაცია. გორში, როგორც სტალინის დაბადების ადგილზე, ყოველთვის არის სტალინისტური განწყობა, მაგრამ, გარდა ამისა, იქ დემონსტრაციაზე ხაზგასმით იყო ნათქვამი, პლაკატები და ბანერებიც ეჭირათ, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირი, უნდათ ევრაზიული კავშირი. სტალინი კი ასოცირდება სოციალიზმთან, საბჭოთა კავშირთან. დღეს სტალინი ასოცირდება რუსულ იმპერიალიზმთან".
როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, მისთვისაც გასაკვირი იყო, როდესაც გორში, რომელიც 7 წლის წინ რუსების მიერ დაიბომბა, დღეს, 7 წლის შემდეგ ასეთი პრორუსული დიდი დემონსტრაცია მოეწყო.
"მართლაც, წლების განმავლობაში არ ყოფილა გორში ასეთი დემონსტრაცია. 1000 ადამიანი იქნებოდა. უნდა ითქვას, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხებიდანაც იყვნენ ჩამოსული, აჭარა ჩანდა განსაკუთრებით. იყვნენ ახალგაზრდებიც.
"უნდა ვთქვა, რომ ეს გორისთვისაც არ იყო დიდი რაოდენობა, უბრალოდ, იყო ყველაზე დიდი, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში გვინახავს. ნუ ვიტყვით, რომ მთლიანად გორი არის სტალინისტური. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ დემონსტრაციას კრიტიკულადაც უყურებდნენ, ძალიან ბევრი ახალგაზრდისათვის იყო ეს აქცია მიუღებელი და ეს სასიამოვნო იყო", - ამბობს ბაქრაძე.
ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ რუსეთისკენ ორიენტირებული ჯგუფები ძალიან ცოტაა, თან ისინი სერიოზულ ძალას არ წარმოადგენენ და ეს ძალიან სასიხარულოა.
"არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში თუ მილიონი არა, ასიათასობით ქართველია, რომელთა დიდი ნაწილი ფინანსურად კარგად ცხოვრობს, ამიტომაც მათი ოჯახის წევრებს დასავლეთის დემოკრატიას და მაღალ ღირებულებებს რუსეთი და შემოსავალი ურჩევნიათ. მაგრამ ამის მიუხედავად, ამდენი ხნის, 25-წლიან ბრძოლის დროს რუსეთისკენ ორიენტირებული სერიოზული ძალები ცოტა გამოჩნდა, მათგან ნაწილი გაქრა კიდეც, მაგალითად, კომუნისტური პარტია გამქრალია. მათ საქართველოში ვერ იხარეს.
"ვერ ვიტყვი, რომ დღეს პრორუსული ჯგუფები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. თან ეს იმ პირობებში, როდესაც ქართველებს შუა ბრძოლის ველზე ზურგის შექცევა და სხვა მხარეს მოტრიალება სჩვევიათ. აღმაშენებელმა დიდგორის ომის დროს ტყუილად კი არ ჩახერგა ზურგი.
"მეორეც, ჩრდილოელი მეზობელი ცდილობს ასეთი ჯგუფები გააჩინოს და მიიზიდოს. რუსეთის ამ სურვილისა და ქმედებების მიუხედავად, სერიოზული პრორუსული კლიმატი არ დგას. ფრაგმენტები თუ გაჩნდება, ის გაგვიკვირდეს, რომ სერიოზული არაფერი ჩნდება," - მიიჩნევს საყვარელიძე.
სტალინის სიყვარული თუ პრორუსულობა
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრორუსული განწყობა და სტალინის სიყვარული უნდა გავმიჯნოთ, რადგან სტალინის მოყვარულ ქართველებს სტალინისადმი თავისი ქართული სიყვარული აქვთ. 9 მაისს წითელი დროშების გამოჩენაც არ არის დიდად გასაკვირი. ეს ნოსტალგიაც არ არის, რამდენადაც გახსენება. ამ გახსენებაში კი ის დროშა და ის სახეებიც ამოტივტივდებიან, რაც მაშინ იყო. თუმცა, მისი თქმით, ეს წითელი დროშების ფრიალი თუკი შემდეგაც გაგრძელდება, ეს უკვე საშიში ტენდენცია იქნება.
"ბევრს ეამაყება, რომ მისი ქვეყნის შვილმა მსოფლიო ლიდერობას მიაღწია, თუნდაც მსოფლიო მნიშვნელობის ტირანი იყოს. საამაყოა ის, რომ მსოფლიო მნიშვნელობისაა. დღეს სტალინის სიყვარული მაინც ძირითადად გორში შემორჩა, სხვა რეგიონებში გადაიარა მაინც, თორემ 1956 წლის ტრაგედია ხომ ძირითადად იმის რეაქცია იყო - ჩვენი გაზრდილი კაცი რატომ დაჩაგრეთო.
"დღევანდელი სტალინისტები პოლიტიკაში ჩართულები ძალაუნებურად აღმოჩნდნენ. მეეჭვება, რომ ამ ჩართულობაში პოლიტიკური მოტივები იყოს. გიორგის ლენტებს რომ იკეთებს ვიღაც, ეს უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ვინც ამას იკეთებს, იცის კი, რისი სიმბოლოა?! ეს გენიალური ქართული თათქარიძეობაა თუ რუსოფილობა?!
"ამ საბჭოთა სამბოლოებში ჯერჯერობით არ ჩავდებდი ძალიან ღრმა შინაარსს. არც იმათ ქცევაში ჩავდებდი ღრმა შინაარსს, ვინც ეს ბაფთები გააპროტესტა და კონფლიქტები შექმნა, რადგანაც პოლიტიკური შინაარსის ინტერესი რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ, რომ რუსი ბაიკერების ნაკადი და ბაფთები წმინდა წყლის პროვოკაცია იყო და უამრავი სხვა სახე შეიძლებოდა კონფლიქტს მისცემოდა. შეიძლებოდა ამ ხალხის დისტანციიდან დაცინვა, ბოლოს და ბოლოს დადგომა და საქართველოს ჰიმნის სიმღერაც პროტესტის ნიშანი იქნებოდა.
"გავიხსენოთ თუნდაც ბალტიისპირეთის ადრინდელი მსგავსი პროტესტის ფორმები. ამიტომაც ბალტიისპირეთში რუსულმა პროვოკაციებმა არსად არ გაიხარა. ჩვენ კი ოღონდ გული მოვიოხოთ და არ ვფიქრობთ, პოლიტიკურად რა უფრო მომგებიანი იქნება," - ამბობს საყვარელიძე.
რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან
რამაზ საყვარელიძის თქმით, პრორუსული გავლენა სხვა სახით წამოვა საქართველოსკენ. ამბობს, რომ რუსეთისთვის მთავარია ანტიდასავლური პოლიტიკა არსებობდეს, რადგან თვლის, რომ თუკი საქართველო დასავლეთისგან გაირიყება, გზა მას რუსეთთან მიიყვანს. ამიტომ დიდი შანსია, რომ ისე როგორც რუსეთში, რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ აქაც პატრიოტიზმზე გააკეთოს აქცენტი და დასავლეთს ამით დაუპირისპირდეს.
"რუსეთისთვის მთავარია, საქართველოში ასეთი ფორმულა შემოიტანოს - ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების გამო არ გვინდა დასავლეთი. ამ ტიპის განწყობილების მომტან პროცესებში უნდა ვეძებოთ რუსული გავლენა. ერთმანეთისგან რთული გასარჩევი იქნება რეალური პატრიოტი და პრორუსი, რადგან ერთი და იმავე ტექსტებს იტყვიან. თუმცა, შესაძლოა რუსეთის პოლიტიკა ამაზეც იყოს გათვლილი, რომ მისი პოლიტიკის ასეთი უნებლიე გამტარებლებიც აღმოჩნდნენ მისი საქმის მკეთებლები და ამით, რა თქმა უნდა, მოიგებს," - მიიჩნევს საყვარელიძე.
ლაშა ბაქრაძის თქმით, რუსეთი ყველა მიმართულებით ცდილობს და სხვადასხვა მეთოდებით მუშაობს. ის გამოცდილი ქვეყანაა ამაში, სხვანაირად ის ამხელა იმპერია ვერ გახდებოდა.
"ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი ხვალ იარაღსაც დიდი სიხარულით გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ, როგორც დღეს იყენებს მსუბუქ ძალას - პროპაგანდას და აგენტურას, რომელიც მათი მეშვეობით აშკარად იზრდება საქართველოში. ეს უაღრესად საშიშად მიმაჩნია საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის, რომლისათვისაც ამდენმა ადამიანმა თავი გასწირა და რომლის გამოც ამდენი ხანია ვიბრძვით", - ამბობს ბაქრაძე.
ის საუბრობს იმაზეც, რომ რუსული პროპაგანდა მიდის მედიითაც და ეს საკმარისად საშიშია.
"თავისუფლების ქარტია", რომელიც საბჭოთა სიმბოლიკას უნდა ებრძოდეს
2013 წელს "თავისუფლების ქარტიაში" შევიდა შესწორება და საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკების გავრცელება აიკრძალა. თუმცა, ამ კანონით აკრძალვა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებს ეხება და კერძო პირისათვის ის დაშვებულია. თანაც, გავრცელების აკრძალვის გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ უნდა გააანალიზოს, ეს კომისია კი მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და საბჭოთა სიმბოლიკები სხვადასხვა თვითმმართველობებში ბარელიეფებისა თუ ბიუსტების სახით აქა-იქ ისევ შემორჩენილია.
პარტია "ქართული ოცნებიდან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ კორძაიას თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი პრორუსული განწყობა და საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლოები გამოჩნდა, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლების სფეროა და საქართველოში არც ერთი კანონი, არც "თავისუფლების ქარტია" კერძო პირისათვის კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებას არ კრძალავს.
მისივე თქმით, კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლიკა და ტოტალიტარიზმში დაბრუნებისკენ მოწოდებები, ისე როგორც ფაშიზმი, ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში შეზღუდულია და არსად ის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი არ არის. მსგავსი ტიპის მოწოდებების შეზღუდვას ევროსაბჭოს რეზოლუციაც ითხოვს.
თამარ კორძაია: "პოლონეთში საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა ფიზიკურ პირებსაც ეხებათ და იქ გიორგის ბაფთებით არავის შეუშვებდნენ, ჩვენთან კი "თავისუფლების ქარტიის" თანახმადაც ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება ქუჩების სახელდება, ასევე ძეგლების აღმართვა, მაგრამ ეს კანონი კერძო ფიზიკური პირების მიერ საკუთარი აზრის გამოხატვას და სიმბოლიკის ტარების აკრძალვას არ ითვალისწინებს.
"შესაბამისად, თუ აქციაში მხოლოდ ფიზიკური პირების მიერ გამოხატული მოსაზრება იყო, პირდაპირი გაგებით კანონი არ დაურღვევიათ, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ეს დღეს საქართველოში ხდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთელი 25 წლის განმავლობაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ვერ დაანახა საზოგადოებას, თუ არ დიდი საშინელება იყო საბჭოთა ტოტალიტარიზმი".
კორძაიას თქმით, გორში მომხდარი მოვლენები აძლევს საფუძველს, რომ კანონმა რაღაც ტიპის შეზღუდვები ფიზიკურ პირებზეც უნდა გაითვალისწინოს და ასევე, მაგალითად, მოხდეს იმის გათვალისწინება, რომ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებს შეეზღუდოთ კომუნისტური სიბოლიკის შემოტანა.
თამარ კორძაია: "არ ვთვლი, რომ პრორუსული განწყობა გაიზარდა, უბრალოდ ადამიანებს საკუთარი პოზიციების გამოხატვის თავისუფლება აქვთ. საქმე ისაა, რომ ჩვენ საკმარისი დიალოგი არ გვაქვს ხალხთან. ჩვენ მათ უნდა ავუხსნათ, რომ ისინი ცდებიან.
"ჩვენ წარსული უნდა გადაგვეფასებინა. შესაძლოა ვიღაცას მართლა მოსწონდეს ტირანი ლიდერი. ხელისუფლებას ეს არ მოსწონს, მაგრამ მან მხოლოდ და მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა იმოქმედოს.
"ადეკვატური იქნება ის, რომ ანტიტოტალიტარული კომისია შეიკრიბოს, გარკვეული რეკომენდაციები მოამზადოს და მაგალითად, საქართველოს პარლამენტს რჩევა მისცეს, საჭიროა თუ არა ამ კანონმდებლობის შეცვლა. მე, როგორც პარლამენტის ერთი წევრი, ვხედავ, რომ ცვლილება საჭიროა, იმიტომ, რომ ამან უფრო საშიში და ფართო ხასიათი არ მიიღოს".