ლიკა ამირაშვილი
12.05.2015

რაც მოხდა და ხდება უკრაინაში, ყველაზე კარგი დასტურია იმისა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები კიდევ უფრო მეტი სითამამით უნდა უყურებდნენ ნატოს გაფართოების არა თუ პერსპექტივას, არამედ აუცილებლობას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე გააკეთა.

უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო აუცილებელი კომპონენტია მშვიდობიანი და სტაბილური ევროპისათვის.

"საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის წარმომადგენლებს არ დაგვიმალავს, რომ ნატოს უელსის სამიტიდან მეტს ველოდით, მაგრამ ახლა ჩვენ მობილიზებული ვართ იმის იმპლემენტაციაზე, რაც მივიღეთ. ამ პროცესში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია - მათ შორის, უშუალოდ ყოვლისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ღონისძიებებში მას კონკრეტული ფუნქციები დაეკისრა.

გვსურს ვირწმუნოთ, რომ კითხვები, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა არა თავად საქართველოს მზაობას ნატოში სწრაფი ინტეგრაციისკენ, არამედ სხვა პროცესებს რეგიონში და მის მიღმა, იქნება ადეკვატურად შეფასებული, დასკვნები იქნება გაკეთებული არა იქეთკენ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად უნდა შეყოვნდეს, რადგან ეს რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის უფრო სწორია, არამედ პირიქით - პროცესი უნდა დაჩქარდეს. ეს უფრო ადეკვატური პასუხია იმ მოვლენების ფონზე, რაც რეგიონში განვითარდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით მეტი იმუშაოს და არგუმენტები კიდევ უფრო მეტად დაასაბუთოს.

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ნატოს გაფართოების პერსპექტივა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): უახლოეს 1-2 წელიწადში ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მიმაჩნია, რომ ნატო არ გაფართოვდება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. 3-4 წლის შემდეგ რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ წუთას ვფიქრობ, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება.

 

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი  (უფლებადამცველი): ვფიქრობ, ნატოს გაფართოების პერსპექტივა არსებობს, თუმცა, თავისთავად მსოფლიოში პოლიტიკურ ბალანსზეა დამოკიდებული. ამის გარდა, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი ვალდებულებები გვაკისრია, მათ შორის იმ ვალდებულებებს გამოვყოფდი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ეხება, რომელიც არამარტო ჩვენთვის, არამედ ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია.

 

 

 

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): ნატოს გაფართოების პერსპექტივა არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება არსებობს, რომ მათ სურთ, ნატოს წევრები გახდნენ. მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენთან რუსული პროპაგანდა არსებობს, რომელსაც განეიტრალება სჭირდება, რასაც მხოლოდ ინდივიდები ვერ მოახერხებენ. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობა, იმისათვის, რომ რუსეთის ასეთი აგრესიული პროპაგანდა განეიტრალდეს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მესვეურების მხრიდან პასიურ მოქმედებებს ვხედავთ.

საბოლოო ჯამში ის ძალები, რომლებიც უფრო აქტიურად ცდილობენ, საქართველოში ევრაზიული კავშირის იდეა აამუშაონ, სასურველ შედეგს აღწევენ, ეს გამოკითხვებშიც აისახა.

თუ ქვეყნის მოსახლეობა მყარად არ იდგება იმ აზრის გარშემო, რომ ჩვენ ნატო გვინდა, მაშინ ეს გაერთიანებები ჩვენს მისაღებად არაფერს არ გააკეთებენ.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ამ ეტაპზე ნატოს გაფართოების არავითარი პერსპექტივა არ არსებობს. მაღალ სტრუქტურებში, რომელთაც ნატოს სადავეები ხელთ უპყრიათ, არავითარი ნატოს გაფართოება არ იგეგმება. ევროპის წამყვანი ქვეყნები, დიდი ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა სახელწიფოები ჯერჯერობით თავს იკავებენ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს.

საქართველოს აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, რადგან ეს პრობლემა არსებობს და პრობლემის უკან რუსეთი დგას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებას შეეცდება, კონფლიქტია მოსალოდნელი, რადგან ძალისმიერი მეთოდების გარეშე ჩვენ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებას ვერასდროს ვერ შევძლებთ. თუ ასე დაბრუნება არ მოხდა, მაშინ ოსეთსა და აფხაზეთსაც უნდა დავემშვიდობოთ, აი, ასეთ პრობლემურ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა გართულებული აქვს, ნატოში არ მიიღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×