"ქართული ოცნების" და პირველ რიგში იგივე "რესპუბლიკური პარტიისთვის" ყველაზე იოლად (რასაც არც დიდი ფული და არც დიდი ანალიზი სჭირდება) საარჩევნო კანონში აუცილებელი დემოკრატიული ცვლილებების შეტანა იყო. ამის გაკეთება კოალიციას არჩევნებიდან 3-4 თვეშივე შეეძლო.
"ნახეთ, რა საინტერესო რამ ხდება, თვით შთამბეჭდავი გამარჯვებით ეიფორიის პირობებშიც კი კოალიციამ ვერ გაბედა, თუნდაც მომავალი 4 წლით (2016 წლამდე) ენდო საკუთარი პოლიტიკური ბედი ხალხისათვის და უკვე ნორმალური საარჩევნო კანონით წასულიყო ახალ არჩევნებზე", - განუცხადა "რეზონანსს" პოლიტოლოგმა სოსო ციცნაძემ არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას.
"რეზონანსი": რას მოუტანს მორიგი სამთავრობო ცვლილება ქვეყანას და თავად მთავრობას?
სოსო ცინცაძე: ქვეყანას არაფერს, არც ცუდს და არც კარგს, ვინაიდან დღევანდელ საქართველოში თავდაცვის სამინისტრო (დიასპორისა და შერიგების სამინისტროსთან ერთად) ისეთი უნიკალური უწყებაა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი აბსოლუტარად არ არის დამოკიდებული მინისტრის კვალიფიკაციაზე.
პარადოქსია, თუმცა ფაქტია, ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც საქართველოს თავდაცვის ყველა ყოფილი მინისტრი ფასდება, მხოლოდ კორუფციასთან მის მოქნილ თუ რეალურ კავშირებზე ეჭვები იყო. ვფიქრობ, ამ მხრივ ქალბატონი თინა საიმედოდ არის დაცული. ასე რომ, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, კარგი თუ ცუდი მინისტრის რეპუტაციით დაასრულებს თავის სათავდაცვო კარიერას დღევანდელი მინისტრი. თუ, რასაკვირველია, ღმერთმა დაგვიფაროს - ომში არ აღმოვჩნდით ჩართული.
"რ": თუმცა, ამ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ხშირად ისმოდა კითხვაც, ქალს რატომ ვანდეთ თავდაცვაო?
ს.ც: ეგ კითხვა, რომელიც მეც ხშირად მესმის, კიდევ ერთი არგუმენტია იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ მარსამდე არსებული მანძილით ვართ დაშორებული ევროპასა და საერთოდ 21-ე საუკუნის ცივილიზებული სამყაროსაგან, რასაც მშვენივრად ხედავენ თუნდაც იგივე ნატო და ევროკავშირი.
უკანასკნელზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჩვენში ერთი კითხვაც არ გაჩენილა გენერალურ შტაბზე, მის პროფესიონალობაზე, ქმედითუნარიანობაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს იმაზე, თუ რეალურად ვინ რა დოზით აგებს თავდაცვის სამინისტროში პასუხს არმიის სიძლიერესა და ქვეყნის თავდაცვის საიმედოობაზე.
ასე რომ, ქვეყნისთვის, რომლის თავდაცვისუნარიანობა უმთავრესად ნატოს ქოლგის ქვეშ განიხილება, ხოლო ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა კი სიამის ტყუპებივით არის გადაბმული რუსეთ-დასავლეთის კონფლიქტის სიმძაფრესთან, მეორადი მნიშვნელობა აქვს მინისტრის პერსონას.
ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტრო ისევე იქნება დაზღვეული "ოჯახური გარჩევებისაგან", როგორც ზემოთ ნახსენები დიასპორისა და შერიგება-დაძმობილების სამინისტროები. აი აქ კი, ძალზედ დიდი ალბათობით, იჩენს თავს ახალი მინისტრის პირადი თვისებები...
"რ" რას გულისხმობთ?
ს.ც: თუნდაც მის სუპერაქტიურ ხასიათს და ხშირად გამოვლენილ უზომო ამბიციურობას, ჩვენში მომძლავრებულ მეგობარ-ნათესავ-თანაპარტიელების "დაპურების" (ცხადია, თანამდებობებით) შეუქცევად პრაქტიკას; იგივე პრემიერთან კომუნიკაბელობის პრობლემას და ბევრ, დღეს უხილავ, პირადული ფაქტორით გამოწვეულ რისკებს.
"რ": გაძლიერდა ამ დანიშვნებით "რესპუბლიკური პარტია"?
ს.ც: არ ვიჩქარებდი შორსწარმავალი დასკვნებით; ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სისუსტესა და სიძლიერეზე, ბუნებრივია, დემოკრატიულ საზოგადოებაში, საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მისი ელექტორალური დასაყრდენის, სტაბილურ მდგომარეობაზე აპელირებითაა შესაძლებელი. "რესპუბლიკელებს" კი თითქმის 30 წელი ჰქონდათ საიმისოდ, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური და ასე თუ ისე მასობრივ საკუთარ ელექტორატზე ეზრუნათ.
არ ვიცი, თანამდებობრივმა უხვმოსავლიანობამ როგორი გავლენა იქონია ამ აშკარად მაღალ ინტელექტუალურ ჯგუფზე (პარტიის ხელმძღვანელობას ვგულისხმობ), მაგრამ მათზე ჭკვიანებიც კი არ ყოფილან დაცულნი წარმატებისაგან გამოწვეული თავბრუდახვევისაგან და ადეკვატურობის განცდის შესუსტებისაგან.
"რ": უფრო კონკრეტული რომ იყოთ?
ს.ც: კონკრეტული რეალობა კი მუდამ და ყოველთვის უკვე ქვეყნის გარეთ დაგროვილ გამოცდილებას ეყრდნობა. იმდენად მდიდარია მსოფლიო გამოცდილების "მონაცემთა ბანკი", რომ დარგის სპეციალისტებისათვის (რომელთა რიგებში, თქვენი დიდსულოვანი ნებართვით საკუთარ თავსაც ჩავრთავდი) დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ანალოგიური სიტუაციის მოძებნა...
"რ": ჰოდა, რას გეუბნებათ ეგ "ანალოგიური სიტუაცია?"
ს.ც: იმას, რომ იქ, სადაც პიროვნებისა თუ პოლიტიკური ჯგუფების აღმა თუ დაღმა სვლა ხელისუფლების დემოკრატიული წყაროს - ხალხის ნებაზე კი არა, ფავორიტების მზიდ კონსტრუქციას ემყარება, მყიფე და არასტაბილურია, როგორც სიძლიერე, ასევე სისუსტე. ქართველი "რესპუბლიკელების" "საოჯახო კალათა" ჯერ კიდევ არ ავსებულა ამომრჩეველთა ნდობითა და პოპულარობით.
"რ": ახალი თანამდებობები მათ არ უქმნით საამისო პერსპექტივას?
ს.ც: როგორ შეიძლება პოპულარული გახდეს არაპოპულარული (მიზეზს აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს) მთავრობის ღერძი პარტია? კი ბატონო, პერსონალურად რომელიმე მინისტრი, თუ ის თანამდებობითა და ნაკლები ტრაბახით გამოირჩევა, შეიძლება იყოს პოპულარული, ისიც მხოლოდ კოლეგების ფონზე, მაგრამ პარტია გამორიცხულია.
"რ": თუ ელით ვადამდელ არჩევნებს და საერთოდ რას ელით მომავალი არჩევნებისგან?
ს.ც: მოდით, ნუ დავაყენებთ ურიკას ცხენის წინ; დღეს მთავარი მახინჯი საარჩევნო კანონის გაკეთილშობილებაა და არა ვადამდელი ან "ვადიანი" არჩევნები.
"ქართული ოცნების" და პირველ რიგში იგივე "რესპუბლიკური პარტიისთვის" ყველაზე იოლად (რასაც არც დიდი ფული და არც დიდი ანალიზი სჭირდება) საარჩევნო კანონში აუცილებელი დემოკრატიული ცვლილებების შეტანა იყო. ამის გაკეთება კოალიციას არჩევნებიდან 3-4 თვეშივე შეეძლო.
ნახეთ, რა საინტერესო რამ ხდება, თვით შთამბეჭდავი გამარჯვებით ეიფორიის პირობებშიც კი კოალიციამ ვერ გაბედა თუნდაც მომავალი 4 წლით (2016 წლამდე) ენდო საკუთარი პოლიტიკური ბედი ხალხისათვის და უკვე ნორმალური საარჩევნო კანონით წასულიყო ახალ არჩევნებზე.
არადა, "რესპუბლიკელები" და მათი მთავარი საჯარო ტრიბუნი, ქალბატონი ხიდაშელი არ აპროტესტებდა ყველაზე ხმამაღლა და დამაჯერებელად არსებულ საარჩევნო კანონს? დასკვნები უკვე მკითხველმა გააკეთოს!