ლიკა ამირაშვილი
14.05.2015

NDI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს გაწევრიანება ევრაზიის კავშირში? - დადებითი პასუხი 31%-მა გასცა. 41%-მა აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია, დანარჩენებმა კი პასუხზე უარი თქვეს ან აირჩიეს კატეგორია "არ ვიცი".

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი - გამოკითხულთა უმეტესობა - 65% დადებითად აფასებს, 20%-სთვის კი ეს მიუღებელია.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა მისაღებია 68%-სთვის, მიუღებელი კი 16 %-სთვის.

რესპონდენტთა 25% "სრულად ეთანხმება" მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროატლანტიკური ინტეგრაციით, 24% კი - "ეთანხმება".

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე - მას "სრულად ეთანხმება" 11% და "ეთანხმება" 15 პროცენტი. არცერთ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება 6%, არ იცის 17%-მა, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

თქვენი აზრით, რატომ იზრდება ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა შედგა, სულ ამბობენ, რომ ნატოში შევდივართ. ბედნიერები ვიყავით, რომ დასავლეთისკენ მივდიოდით. ხალხის უმეტესი ნაწილი ამით დაიღალა. დასავლეთით იმედგაცრუებულია. რა თქმა უნდა, ხალხის კატეგორია არსებობს, რომელიც აგიტაციას ეწევა, რომ ჩვენი ცნობიერება შეატრიალოს და ევრაზიის მომხრეთთა რაოდენობა გაზარდოს.

დასავლეთიდანაც მოვლენების განვითარება იწელება, ხალხს ხელი აქვს უკვე ჩაქნეული, რადგან ჯერ არაფერი გაკეთებულა. ევრაზიის კავშირის მომხრეთა ნაწილი ფინანსურად არის დაინტერესებული, ნაწილი პრინციპულად ერთ პოზიციაზე დგას.

პროცენტული მაჩვენებლის გაზრდა ძალიან ცუდია. ამიტომ ვფიქრობ, რომ რეალურად დასავლეთს უნდა გავაგებინოთ, რომ ყველაფერი ოპერატიულად გაკეთდეს. უმრავლესობას სურს, რომ ევროკავშირში შევიდეთ, მათ შორის მეც მინდა, რომ დამოუკიდებელ და ცივილიზებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): დარწმუნებული არ ვარ, რომ ენ-დი-აი-ის კვლევა იმ რეალობას ზუსტად გამოხატავს, რაც საზოგადოებაში არსებობს. თუ ზრდის ტენდეცია შეინიშნება, ალბათ იმიტომ, რომ ქვეყანაში ასეთი დაბალი ეკონომიკური მაჩვენელია. მთავრობა ხალხს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ჰპირდებოდა.

ევრაზიულ კავშირში შესვლის სურვილი შეიძლება იმ ფაქტორით იყოს განპირობებული, რომ ხალხი მთავრობისგან მეტს ელოდა. თუ ხელისუფლება ამას გაითვალიწინებს და მარტო იმას არ დააბრალებს, რომ ენ-დი-აი სანდო არ არის, ყველაფერს მოევლება.

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): ძალიან რთული შეკითხვაა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა რამდენიმეს გამოვყოფდი. პირველ რიგში, ვფიქრობ, პრობლემაა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე ამის მიზეზია დღევანდელი მმართველი პარტიის სრულიად უგუნური პოლიტიკა.

მერე, რა თქმა უნდა, ევროპის ეს ფრთხილი და, ვფიქრობ, არაგამართლებული პოლიტიკა რუსეთისადმი. ძალიან ხშირად დასავლეთის ეს ფრთხილი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის მიმართ აწარმოებს, უკან ძალიან მძიმედ უბრუნდება.

როდესაც მთელ სამყაროში მატერიალიზმი და მოგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა ბატონობს, რა თქმა უნდა, დიქტატურული რეჟიმი, როგორიც რუსეთშია, ამაზე ხელს ითბობს. რეალურად ორი უბედურება ტრიალებს - სიფრთხილე ევროპისა, რომელიც გონიერების სახით გვევლინება და რომელიც მათთვის წინდაუხედაობას ნიშნავს. ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების სრულიად უსახური პოლიტიკა და ქმდება.

 გრიგოლ გაგნიძე (იურისტი): 9 წლის მანძილზე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა არ გამოსწორებულა. გარკვეულწილად საზოგადოებას დასავლეთის მხრიდან დადებითი მოლოდინი ჰქონდა. ამაზე მოქმედებს ლარის გაუფასურებაც, ამერიკასა და ევროპას რეალურად ამის მოგვარება შეუძლიათ. ეს 31 პროცენტი, ხალხის გულგატეხილობამ გამოიწვია.

ასევე არის კიდევ ერთი მიზეზი, ვინაიდან რუსეთი ჩვენი მეზობელია, ვერც საქარველო ვერ გადაადგილდება სხვაგან და ვერც რუსეთი. აქედან გამომდინარე საზოგადოების ნაწილს, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×