ინიციატივის, რომლის მიხედვითაც ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანისთვის სპეციალური რეგულაცია უნდა შემუშავდეს, ავტორი კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძეა. მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც ბავშვების უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, იდეა ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და განათლების მინისტრებს გაუზიარა.
როგორც კულტურის სამინისტროში გვითხრეს, ინიციატივა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, თუმცა კვირის ბოლოს შეიკრიბება კომისია და კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელებს.
"შეიკრიბება უწყებათაშორისი კომისია, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, მინისტრებიც იქნებიან თუ არა, მაგრამ კომისია ამ საკითხებზე სამუშაო პროცესში იმსჯელებს. შეკრება, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ან იქითა კვირის დასაწყისში მოხდება და ამასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.
"კულტურის მინისტრმა იდეის დონეზე სხვა სამინისტროებსაც მოუწოდა, თუმცა კონკრეტული გზავნილი ჯერ არავისთვის გაგვიგზავნია. მინისტრმა იდეა მინისტრთა კაბინეტს გაუზიარა", - განმარტავენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საკითხი ეხება ქალაქგარეთ ბავშვების გაყვანის დროს მათი უსაფრთხოების ნორმების დაცვას: "მაგალითად, როდესაც კონკრეტული ჯგუფი მიდის რომელიმე ექსკურსიაზე ან ფესტივალზე, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ავტობუსი, რომლითაც ბავშვები მიჰყავთ, ასევე ჯგუფის ხელმძღვანელებს პირველადი დახმარების აღმოჩენა უნდა შეეძლოთ.
"პირობითად ვიტყვით, თუნდაც ავტობუსში ბავშვს ლუკმა გადასცდა, ხელმძღვანელს, მინიმუმ, დახმარების აღმოჩენა უნდა შეეძლოს. კომისიამ შეიძლება მოიწვიოს არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები, ყველა ის ადამიანი, რომელთაც ამ საკითხში გამოცდილება აქვთ, გაუზიარონ სხვა ქვეყნების გამოცდილება.
"იმის გასაგებად, არსებობს თუ არა ასეთი რეგულაციები, უწყებათაშორის კომისიაში დაეკითხებიან იურისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოისმენენ მათ შეხედულებებს", - გვითხრეს კულტურის სამინისტროში.
ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბავშვების უსაფრთხოების დაცვის რეგულაციები უნდა ამოქმედდეს, თუმცა როგორც ის ამბობს, გასტროლების დროს ბავშვის უსაფრთხოება, პირველ რიგში, ჯგუფის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული.
"ზოგადად კარგი იქნება, თუ რამე ისეთ ღონისძიებას გაატარებენ, რომელიც ამ საქმეს წაადგება. ბრძანება და განკარგულება კი არ უნდა გასცენ, თითოეული დეტალი უნდა გაწერონ, ვის მიჰყავს ბავშვი, რითი მიდიან, სად მიდიან, სად იცხოვრებენ, ყველა დეტალი უნდა იყოს დაზუსტებული და უსაფრთხოების წესები დაცული.
"სანამ სახელმწიფო რამეს დაამტკიცებს, პირველ რიგში, თავად იმ ადამიანმა უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა, ვისაც ბავშვები მიჰყავს, ვინც ამხელა პასუხისმგებლობას იღებს", - ამბობს ჭკუასელი.
მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჭიროა კვლევის ჩატარება, სადაც დააკვირდებიან ანსამბლებსა და ჯგუფებს და შესაბამის ზომებს მიიღებენ: "მაგალითად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ და მშვიდობიანად ჩაიაროს ყველაფერმა. მაგრამ ვინ იცის, შემთხვევიდან შემთხვევამდე რა ხდება? უბედური შემთხვევა სხვა ამბავია და ბავშვს ყურადღებას რომ არ მიაქცევ, სულ სხვა.
"მინდა გამოვეხმაურო ქობულეთში დატრიალებულ ტრაგედიას. დასკვნებს ვერ გავაკეთებ, თუმცა ვიცნობ იმ ხალხს და ვიცი, რომ ბავშვებს ასე უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდა და ამას ვერავითარი რეგულაცია ვერ უშველის, მაგრამ რაღაც ზომები აუცილებლად უნდა მიიღონ", - ამბობს ჯემალ ჭკუასელი.
გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის თქმით, გაეროს, ბავშვის უფლებათა კონვენცია სახელმწიფოს ავალდებულებს ბავშვების უსაფრთხოება დაცული იყოს, თუმცა როგორც ის ამბობს, კონკრეტული რეგულაციები, თუნდაც ქალაქიდან ბავშვების გაყვანის დროს შესაბამისი ზომების მიღებასთან დაკავშირებით, არ არსებობს.
"არის შენობების მშენებლობის დროს გარკვეული სახის ხანძარსაწინააღმდეგო რეკომენდაციები, რომლის რეგულირებაც მნიშვნელოვანია და ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა იმიტომ, რომ საბოლოოდ სახელმწიფო იბარებს და ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ, თუმცა იუნისეფი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობდა და სასწავლო პროგრამაში შეიტანეს კატასტროფების და მსგავსი უბედურებების თავიდან აცილების მიზნით პროგრამა.
"პროგრამის მიხედვით, ბავშვებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში. კურიკულუმი მეოთხე, მერვე და მეთორმეტე კლასებისათვის შემუშავდა და ეხებოდა თავდაცვასა და უსაფრთხოებას. სპეციალურად ამისთვის მასწავლებლებიც გადამზადდნენ.
"რა თქმა უნდა, სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიღოს, რომ ბავშვების უსაფრთხოება დაცული იყოს. ჩვენ აუცილებლად შევხდებით კულტურის მინისტრს და ამ თემაზე ვისაუბრებთ, თუმცა კონკრეტული რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს", - ამბობს მაია ქურციკიძე.