ელზა პაპოშვილი
15.05.2015

ბოლო მონაცემებით ლარის გაცვლითი კურსი დოლართან შეფარდებით 2.36-ს გადაცდა. ეროვნული ვალუტა გასული შემოდგომიდან მოყოლებული გაუფასურებას განაგრძობს და ნელ-ნელა უახლოვდება 1998 წლის ანტირეკორდს, როდესაც 1 დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება სერიოზული პრობლემაა, რომელიც გამოწვეულია გარე შოკებით და უახლოეს მომავალში ლარის კურსის დაწევას ელოდებიან.

"მინდა, ყველა ექსპერტს ვთხოვო, თავი შეიკავოს აბსოლუტურად არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისგან. ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის სერიოზული პრობლემა, გამოწვეულია გარე შოკებით.

"საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა უახლოეს მომავალში კურსის დასტაბილურდეს. მეტიც, იმედი გვაქვს, რომ ის არათუ დასტაბილურდება, არამედ გამყარდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის ოპტიმიზმს იზიარებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ეს არის ლარის დევალვაცია.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ მიმართულებით ბევრს მუშაობს, გარკვეული ღონისძიებები გატარდა და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს.

გჯერათ თუ არა, რომ უახლოეს მომავალში ლარის კურსი დასტაბილურდება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "მე ვფიქრობ, რომ მთავრობის ასეთი ოპტიმისტური განწყობა არარეალურია. მე არავის მიმართ პირადი ანტიპათია არ გამაჩნია, მაგრამ რა გახდა ამ ეკონომიკური გუნდის მთავრობიდან გაშვება?! არ გამოვიდა ისე, როგორც საჭიროა, გაუშვან თანამდებობიდან უმტკივნეულოდ - ხალხს რაღას ანერვიულებენ? ჩემი დაქირავებული მთავრობაა და რატომ უნდა ვიმკითხაო ყოველდღე, დაიწევს თუ არა ლარის კურსი?!

"ხალხი გაგიჟებულია. რისი ეშინიათ, რა ნიშნულსღა უნდა მიაღწიოს ლარმა, რომ ამათ ქვეყანაში არსებული კრიზისი აღიარონ? ამათი ალოგიკური ქცევით ქვეყანა უკვე სერიოზულ მინუსშია წასული. როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი ეს მაინც გვითხრან."

 იგორ კვესელავა  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ვფიქრობ, რომ ლართან დაკავშირებული პრობლემა მხოლოდ საშინაო მიზეზებით არ არის გამოწვეული. ეს განპირობებულია საგარეო ფაქტორებთან და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე სიტუაციასთან. რაც შეეხება მინისტრების ოპტიმიზმს, ესენი ფიქრობენ, რომ ზაფხულში ტურისტების შემოდინება და ინვესტიციების გაიზრდა იქნება.

"მე ვფიქრობ, რომ მთლად მაგის იმედზე არ უნდა იყვნენ, რადგანაც ეს მაინც სავარაუდო ფაქტორებია, რომელიც შეიძლება გამართლდეს და შეიძლება - არა.

"მთავრობის ეს განცხადებები მთლად დამაჯერებლად არ მიმაჩნია. მე არ ვენდობი, რადგანაც ლართან დაკავშირებული პროცესი უკვე რამოდენიმე თვეა, მიმდინარეობს და პროგრესს ვერ ვხედავთ. "ვალუტის გამყარება ასე არ ხდება, ეს უნდა იყოს წარმოების გაძლიერებასთან, გარკვეული პროდუქციის გამოშვებასთან, ეკონომიკის განვითარებასთან. ლარი ასე ადვილად მხოლოდ ტურისტის შემოდინებით ვერ გამყარდება."

 ქეთი ბექაური (იურისტი): "მე ვფიქრობ, რომ მთავრობის მხრიდან ასეთი ოპტიმიზმის ქონა კარგია. დღეის მონაცემებით, როგორც ვიცი, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწია. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი დგება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტს ანგარიში უნდა წარუდგინოს, ვფიქრობ, მთავრობა ცდილობს მიზეზების დადგენას, რაც თავის მხრივ კარგია და მგონია, რომ რაღაც შედეგს მოიტანს.

"ამ ყველაფრის შემდეგ კი შეიძლება რაიმე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, მინდა იმედი მქონდეს, რომ მთავრობა ამ პრობლემას ძალიან მალე გადაჭრის."

 დოდო ხურცილავა (კინომცოდნე): "ჯერჯერობით, როგორც ვხედავ, ლარის კურსის გამყარებას მთავრობა ვერაფრით ახერხებს. არ ვიცი, როგორ გითხრათ, ალბათ ასეთი ოპტიმისტური განცხადებების საფუძველი აქვთ. მე როგორც ვხედავ, ძალიან ცდილობენ, რომ ქვეყანა ამ სავალუტო კრიზისიდან გამოიყვანონ. ამ ბოლო დროს ასე მომეჩვენა, რომ თვითონ ქადაგიძეც ცდილობს ამ პრობლემის წინააღმდეგ მთავრობასთან ერთად გაერთიანდეს. დაველოდოთ და ვნახოთ, რის საფუძველზე აკეთებენ ასეთ განცხადებებს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×