ლიკა ამირაშვილი
16.05.2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამი მოადგილე წარადგინა. ფინანასთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ებრალიძე თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად დაინიშნნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე და იურისტი ბესიკ ლოლაძე.

ამავდროულად, ბესიკ ლოლაძე თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება. გარდა ამისა, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, კიდევ ორი მოადგილე ეყოლება, თუმცა, ისინი ამ დროისთვის უცხოეთში სწავლობენ და საქართველოში დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის დაბრუნდებიან.

"ჩემი პირველი მოადგილე იქნება დავით ებრალიძე. ბატონი დავითი გახლდათ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მანამდე, მრავალი წლის განმავლობაში იყო ენერგოომბუდსმენი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კონტროლის პალატაში მუშაობის. შესაბამისად, მისი ამ პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უხელმძღვანელებს და ჩაიბარებს ძირითადად ფინანსების, ლოჯისტიკის, შესყიდვების მიმართულებებს.

"ბესო ლოლაძე არის პოტსდამის უნივერსიტეტის დოქტორი. სულ რამდენიმე კვირაა, რაც საქართველოში დაბრუნდა. მანამდე გახლდათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

"მესამე მოადგილე გახლავთ ქალბატონი ანა დოლიძე. ანას ალბათ ყველაზე უკეთ იცნობენ მედია და საზოგადოება. ანა ორი დღეა, რაც დაბრუნდა საქართველოში. მას ერთი კვირით მოუწევს უკან დაბრუნება, რათა დაასრულოს კანადაში თავისი საქმიანობა უნივერსიტეტში. მასაც აქვს დოქტორის ხარისხი. ანას ძირითადი მიმართულება იქნება უფლებები, ყველა ის თემა, რაც უკავშირდება ქართველ ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, მათ ოჯახებს, დაჭრილ მეომრებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორ აფასებთ თინა ხიდაშელის მიერ განხორცილებულ პირველ საკადრო ცვლილებებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): "ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროში მოადგილეების ვაკანსიები კიდევ არის. ერთი თუ ორი მოადგილე კიდევ ეყოლება და მგონია, საჭიროა ამ მიმართულების ექსპერტი გამოჩნდეს. ვფიქრობ, მხოლოდ იურისტები საკმარისი არ იქნება. მართალია, სამინისტრო პოლიტიკური ხელმძღვანელობაა, მაგრამ დარგის ექსპერტი მაინც აუცილებელია.

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ანა დოლიძე ძალიან კარგი ადამიანია და ხელისუფლებაში ქალის ყოფნა ჩვენს გაუბედურებულ სახელმწიფოში მხოლოდ დადებითი იქნება. ანა დოლიძის დანიშვნას დადებითად ვაფასებ."

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ანა დოლიძეს ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით, ეს ადამიანები რომ ქმნიდნენ იუსტიციის სამინისტროს ან საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც იურიდიულ სფეროს წარმოადგენს, გადასარევი იქნებოდა, თუნდაც სასამართლო სფერო. მაგრამ თავდაცვა?!

"დოლიძე გადასარევი იურისტია, ისევე, როგორც თინა ხიდაშელი, მაგრამ არ მეგონა, რომ თავდაცვის სფეროში ასეთი ცოდნა ჰქონდათ. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა მათდამი, აღშფოთებას ვერ დავმალავ - ამ ადამიანებმა თავდაცვის სფეროში რა უნდა გააკეთონ, ან რა იციან?

"შესაძლებელია, ეს ადამიანები ვიღაცას ესაჭიროება იმისათვის, რომ დანარჩენები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები აკონტროლოს. სხვა რა უნდა ვიფიქრო? ხალხი, რომელთაც თავდაცვასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თავდაცვის მმართველები არიან. ეს აბსურდის თეატრია და მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს.

"გამართლება შეიძლება უპოვო იმით, რომ ისინი ალბათ კარგი მაკონტროლებლები არიან. თავისი კონტროლით სამინისტროში ორგანიზებულობა შეიტანონ. ეს არის ერთადერთი რამ, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს. ქვეყანა, რომელსაც უკეთესი თავდაცვის მინისტრი და მოადგილეები არა ჰყავს, მე მგონი ცოდვაა."

 რეზო მიშველაძე  (მწერალი): "ალბათ ქალბატონ თინა ხიდაშელს ჯარის ხელმძღვანელობის პრობლემა უკეთესად ესმის. ვფიქრობ, რომ 2008 წელს მამაკაცურმა ხელმძღვანელობამ ვერ გაამართლა და ქართველი მარშლები და გენერლები სამარცხვინოდ, ერთ დღეში ბრძოლის ველიდან გამოიქცნენ. ალბათ თინა ხიდაშელმა - თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, მაია წყნეთელის პერიოდის ტრადიციები უნდა აღადგინოს.

"მე ვერაფერს ვიტყვი, რაკი თვითონ ქალბატონ თინა ხიდაშელს უხეხულად არ მიაჩნია მისი თავდაცვის მინისტრად ყოფნა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თინა ხიდაშელი და მისი მოადგილე ქალბატონი კარგად ერკვევიან იმ ურთულესი შეიარაღების, საჰაერო, საზღვაო დაცვის ტექნოლოგიებში, მე კი ჩემის მხრივ ვალდებული ვარ, შევახსენო მათ, რომ თუ საქართველოს ომმა მოუწია, იქ პრობლემები ქართული მანდილის ჩაგდებით არ გადაწყდება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×