NDI-ის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა უმეტესობამ არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. ამ კითხვაზე კატეგორია "არ ვიცი" აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია "ქართული ოცნება 24%-ით და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 16%.
კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა "თავისუფალ დემოკრატებს", 4% - "პატრიოტთა ალიანსს", 3% - კი "ლეიბორისტულ პარტიას". რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს - ის მოდის კატეგორიაზე "სხვა".
"ერთი ძალის მოკრება გვინდა გამარჯვებამდე, ძალა ერთობაშია", - ასე ეხმიანება ,,ნაცმოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური კვლევის შედეგებს.
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნების" რეიტინგი კატასტროფულად დაეცა.
"მატყობინებენ, რომ ტვშ კვლევის მიხედვით, კატასტროფულად დაეცა "ქართული ოცნების" რეიტინგი. შარშანდელი 42%-დან 24%-მდე. ამავდროულად, პირველად არჩევნებში მარცხის შემდეგ ჩვენ მოვიმატეთ ერთბაშად 5% და ახლა გვაქვს 16%", -წერს სოციალურ ქსელში წიკლაური.
თქვენი აზრით, აქვს თუ არა "ნაცმოძრაობას" მომავალ არჩევნებზე გამარჯვების შანსი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): "ჩემი აზრით, არც ერთმა არ უნდა გაიმარჯვოს. ერთმა საქართველო მოსპო და გაანადგურა, მეორემ კი, რაც იმათ დააკლეს, როგორც შეეძლოთ, დაამატეს."
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მე პირადად ამ კვლევებს ეჭვის თვალით ვუყურებ. მიმაჩნია, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ნამდვილ რეიტინგს არ ასახავს. ვფიქრობ, რეალური გამოკითხვა არ არის, რაღაც ინტერესს ემსახურება. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ არჩევნების დროს სუბიექტების არჩევანი უფრო მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე მხოლოდ ერთი და ორი პარტია."
დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "ქართული ოცნება" არჩევნებზე მხოლოდ 16 პროცენტით გავა, მეტით ვერა. "ქართული ოცნების" რეიტინგი ეკონომიკური ფაქტორების გამო კი არ დაეცა, არამედ ხალხის გულის აცრუება მოხდა. მათ ვერ მოახერხეს, რომ სამართლიანობის აღდგენის პრინციპი ბოლომდე დაეცვათ.
"ჩემზე ძალიან მოქმედებს, როდესაც ვხედავ, რომ ეს ადამიანები პასუხისმგებლები არიან დანაშაულზე და არ ისჯებიან. აუცილებელი არ არის, მათ ცოცხი თავად სჭეროდათ. როდესაც სისტემის შემქმნელები კიდევ ბედავენ და ტელევიზორიდან რაღაც ჭკუას გვასწავლიან, მე ვბრაზობ. კიდევ არის ერთი ფაქტორი - საერთოდ, როგორც წესი, ხელისუფლებაში მოსული პარტიის რეიტინგი ყოველთვის ეცემა."
ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი): "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვების შანსები საქართველოში ვეღარ ექნება. თუმცა, "ქართული ოცნების" რეიტინგის შემცირება ნამდვილადაა. თუკი "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ სუნთქავს, ეს სამწუხაროდ, მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა, რომელმაც დამნაშავეები არ დასაჯა.
"სამწუხაროდ, დამნაშავეთა უმრავლესობა არათუ არ არის დასჯილი, არამედ ბევრი მათგანი კიდევ მაღალ თანამდებობებზეა, რაც მიუღებელია. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა გარიგებითი თანაცხოვრების ბრალია, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის შედგა.
"ამ კვლევების მიმართ ნდობით განწყობილი ნამდვილად არ ვარ. ზოგადად ბოლო პერიოდში ტვშ-ს ძალიან ბევრჯერ რეალობასთან სერიოზული აცდნები ჰქონდა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ასე და რატომ ვერ ხერხდება, რომ ქვეყანაში სერიოზული კვლევა ჩატარდეს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე