ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი თანამშრომელთა მასობრივი პროტესტის გამო სამსახურში მისვლაზე უარს ამბობს
სალომე სარიშვილი
18.05.2015

 ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. შაბათს საკონკურსო კომისიამ ცენტრის ახალ დირექტორად ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აირჩია. ახალი დირექტორი ცენტრში დღეს უნდა მისულიყო, თუმცა, თანამშრომელთა მასობრივი პროტესტის ფონზე იგი ამაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ გაოგნებულია მათი ასეთი დამოკიდებულებით.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს უშუალოდ ზაზა აბაშიძის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ისინი დირექტორის თანამდებობიდან ბუბა კუდავას გათავისუფლებას აპროტესტებენ და ამ პროტესტს პრაქტიკულად თანამშრომელთა სრული შემადგენლობა იზიარებს.

ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ახალი დირექტორის მიღებას არ აპირებენ. მიაჩნიათ, რომ კონკურსი არასამართლიანად ჩატარდა, ხოლო განათლების მინისტრის მიერ ყოფილი დირექტორის, ბუბა კუდავას მისამართით გაკეთებულმა დისკრედიტაციულმა განცხადებებმა შესაბამისი გავლენა იქონია.

ცნობისთვის, განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილ დირექტორს, ბუბა კუდავას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრმა კუდავა მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან ცენტრში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრა სამინისტროს დახმარების გარშე ვერ მოახერხა.

ამასთან, სანიკიძემ განაცხადა, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ წარმოებულმა მონიტორინგის შედეგებმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უამრავი დარღვევა გამოავლინა. კერძოდ კი, ეს ეხებოდა სახელფასო პოლიტიკას, საცავების არასათანადოდ გაფრთხილებასა და ა.შ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ყოფილმა დირექტორმა ბუბა კუდავამ წამოწია, ერთ-ერთი უნიკალური ხელნაწერი - ლაილაშის ბიბლია იყო, რომლის გადაცემასაც ცენტრს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი სთხოვდა. კუდავას განცხადებით, ამ უთანხმოების სათავეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იყო, რომელმაც აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც თემა საჯარო განხილვის საგანი გახდა.

როგორც კუდავა "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, კონკურსის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან განათლების მინისტრის წინასწარი განწყობა ადასტურებდა, რომ ის ამ თანამდებობას ვეღარ შეინარჩუნებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის შედეგებს უნდობლობას უცხადებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი მხარს ყოფილი დირექტორის, ბუბა კუდავას კანდიდატურას უჭერენ და კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

როგორც "მთელ კვირას" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ახალი დირექტორის დანიშვნას მასშტაბური აქციებით კვლავ გააპროტესტებენ.

საგულისხმოა, რომ კუდავას კანიდატურას მხარს მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე აკადემიკოსიც უჭერს.

"მე ჩემს დოკუმენტაციას დავურთე არაერთი რეკომენდაცია, რომელსაც მიწევენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა მეცნიერ-თანამშრომელი, ასევე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე განყოფილების აკადემიკოსი, აგრეთვე სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები. განაცხადების მიღების ვადად 7 მაისი იყო გამოცხადებული, თუმცა, ვფიქრობ, რომ საკონკურსო განაცხადი სრულყოფილი არ იყო და ეროვნული ცენტრის მნიშვნელობას არ შეესაბამებოდა, ვინაიდან აქ აუცილებელ მოთხოვნად დაწესებულების განვითარების ხედვა და კონცეფცია წარმოდგენილი საერთოდ არ იყო.

"უნდა აღინიშნოს, რომ კომისიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხელმძღვანელობდა, რომელიც ღიად მაკრიტიკებდა, საუბრობდა ჩვენთან არსებულ დარღვევებზე, რაც აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება იყო.

"აღსანიშნავია ისიც, რომ კომისიის 9 წევრიდან ორი სწორედ სანიკიძის მოადგილე იყო, ხოლო ცენტრიდამ მხოლოდ ერთი - ზაზა ალექსიძე.

"მე კომისიის წევრების კომპეტენციას არ ვეხები, უბრალოდ მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ. რა თქმა უნდა, მინისტრის უფლებაა, რა პრინციპით დააკომპლექტებს კომისიას, თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ის სპეციალისტებით იყო შედგენილი," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას ბუბა კუდავა.

მის პრეტენზიებს კომისიის არაობიექტურ შეფასებასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს როგორც განათლების სამინისტრო, ისე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნული ზაზა აბაშიძე. ამბობს, რომ მისი კანდიდატურა, სავარაუდოდ, მისივე კომპეტენციის გამო შეარჩიეს, რადგან კომისიის წევრების მანიპულირება არ ყოფილა.

შაბათ საღამოს "მთელ კვირასთან" საუბრისას აბაშიძემ განაცხადა, რომ ის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ მზადაა, სურვილის შემთხვევაში, ყველა იმ თანამშრომელთან განაგრძოს მუშაობა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ამ დრომდე რჩება.

"არასდროს მჯეროდა იმ ადამიანების, რომლებიც მიდიან ხელმძღვანელად და პირველსავე დღეს ამბობენ, თუ რას გააკეთებენ. აუცილებელია შესწავლა, ნახვა, რა ხდება ადგილზე, რა პრიორიტეტები უნდა გამოვყოთ და ა.შ. ამიტომ, ამაზე საუბარი ნაადრევია. ალბათ ერთ თვეში უფრო შევძლებ დაკონკრეტებას.

"რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მოსალოდნელია, რომ ძველი თანამშრომლები ისევ დავაბრუნოთ, ვინმეს გაშვება კი გამორიცხულია.

"მიხარია, რომ ცენტრში ბუბას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რადგან თანამშრომლები მის მიმართ ერთგულებას ბოლომდე გამოხატავენ და ეს მხოლოდ მისასალმებელია. ვიცი, რომ ისინი ბუბას ერთგულები არიან, მაგრამ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ხოლო ვისაც ჩემთან მუშაობა არ მოუნდება, ალბათ წავა კიდეც. თუმცა, კოლექტივიდან ბევრს ვიცნობ და ამიტომ არ მგონია, მათთან ურთიერთობა გამიჭირდეს.

"რაც შეეხება უმთავრეს მიზანს, საკონკურსო კომისიის სხდომაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზაზა ალექსიძემ განაცხადა, რომ ახალ შენობაზე ფიქრობენ, რადგან ეს შენობა უვარგისია, ამიტომ ახლა ამაზე უნდა ვიფიქროთ - შენობაზე, სადაც შესაბამისი ტექნიკის უახლესი მიღწევები იქნება, ამასთან, ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი. ეს ჩემი პირველი და უმთავრესი მიზანია.

"ხოლო რაც შეეხება ლაილაშის ბიბლიას, ამაზე ლაპარაკი არც შეიძლება, არც დგას და არც იქნება. თუ დირექტორი ვიქნები მე, ამ თემას ნურავინ წამოჭრის," - განაცხადა შაბათს "მთელ კვირასთან" საუბრისას ცენტის ახალმა დირექტორმა და დასძინა, რომ განაცხადი ამ ვაკანსიაზე კოლეგების რჩევით მას შემდეგ შეიტანა, რაც კუდავასა და განათლების სამინისტროს შორის უთანხმოების მოუგვარებლობაში დარწმუნდა.

ახალ თანამდებობაზე მისი წარდგენა დღეს უნდა მომხდარიყო, თუმცა დღეს ახალი დირექტორი ცენტრში მისვლას არ აპირებს. აბაშიძის თქმით, იგი სიტუაციის განმუხტვასა და ვნებათაღელვის ჩაცხრომას დაელოდება.

"ვადასტურებ, რომ ხვალ იქ არ მივალ. არ მივალ, სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება და სანამ არ გაირკვევა, თუ რა არის ასეთი აღშფოთებისა და ბოიკოტის მიზეზი მათი მხრიდან. ეს განათლების სამინისტრომ გაარკვიოს. მე მივიღე მონაწილეობა კონკურსში, რომელიც გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. გავიმარჯვე ამ კონკურსში, მაგრამ თანამდებობას მე არ მივდევ, მე არ ვარ კუდავა. თუ არ უნდათ, არ მივალ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განუცხადა აბაშიძემ სააგენტო "პირველს".

განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კომისია მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებისაგან არ შედგებოდა და მასში ჩართულნი იყვნენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ჯამში კი აბაშიძის კანდიდატურას კომისიის 9 წევრიდან 7-მა დაუჭირა მხარი.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას დღეს გააკეთებს.

"კომისიის 9 წევრიდან 7-მა ხმა ზაზა აბაშიძეს მისცა. აბაშიძე უკვე არჩეულია, თუმცა, ოქმი ორშაბათს გასაჯაროვდება, შესაბამისად, ამ დღეს გახდება ცნობილი დეტალები - როდის ექნება მას პირველი სამუშაო დღე.

"რაც შეეხება კომისიის წევრების კომპეტენციას, ის დაკომპლექტებული იყო როგორც სამინისტროს, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისგან. 3 პირი იყო სამინისტროდან, 1 - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა ალექსიძე, დანარჩენები კი სამეცნიერო წრეებს წარმოადგენდნენ.

"რაც შეეხება კუდავას, ის 3 თვის განმავლობაში მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ, ხოლო კონკურსი ზუსტად ამ პერიოდის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო. იმის გამო, რომ კუდავას რაიმეში ეჭვი არ შეჰპარვოდა, ჩვენ გავაკეთეთ კონკურსის ვიდეოჩანაწერი, რათა შემდგომში არგუმენტი ჰქონოდა, თუ რას აპროტესტებდა. ბატონ ბუბასაც შეუძლია, ეს ჩანაწერები გაასაჯაროოს," - განუცხადა "მთელ კვირას" განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა.

რაც შეეხება კუდავას მხარდამჭერ აკადემიკოსებს, მათი ნაწილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კუდავას მხარს მისივე კვალიფიციურობიდან გამომდინარე უჭერენ. როგორც "მთელ კვირას" აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა განუცხდა, კუდავა წლების განმავლობაში დაკისრებულ მოვალეობას თავს სრულყოფილად ართმევდა.

"კუდავას კანდიდატურას მხარს აკადემიის ორი ჰუმანიტარული განყოფილება უჭერს, მაგალითად, ისეთი აკადემიკოსები, როგორებიც მზექალა შანიძე და სხვები არიან. ჩვენ ყველანი მას მხარს ვუჭერთ იმის გამო, რომ ის წლების განმავლობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა. ახალი დირექტორის კანდიდატურაზე ვიტყვი, რომ ის ჩემი უმცროსი კოლეგა და კარგი ადამიანია.

"ცენტრის სათავეში ყოფნა ადვილი საქმე არაა, რადგან ძალიან სპეციფიკური სფეროა, თუმცა ვფიქრობ, რომ ზაზა აბაშიძეს ეს არ უნდა გაუჭირდეს," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×