დასავლური დემოკრატიის ერთ-ერთი აქტიური დამცველი რუსულ ნავთობკომპანიაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. საუბარია შვედეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში სააკაშვილის თანამშრომელი გახდა.
კარლ ბილდტის რუსულ ნავთობკომპანიაში დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია "როიტერმა" ნავთობკომპანიის მფლობელ მიხაილ ფრიდმანზე დაყრდნობით გაავრცელა.
ფრიდმანი რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილზეა და, სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მაგნატი და პუტინთან განსაკუთრებულად დაახლოებული პირია.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით თავად კარლ ბილდტის მხრიდან, რომელიც სოციალური ქსელების ძალიან აქტიური მომმარებელია და საკუთარ პოზიციას განსაკუთრებით "ტვიტერის" მეშვეობით ხშირად აფიქსირებს, არანაირი განმარტება არ გაკეთებულა. არ გაუკეთებია კომენტარი არც მედიასაშუალებებთან.
კარლ ბილდტი, რომელიც ორ თვეში 66 წლის ხდება (დაბადებულია 1949 წლის 15 ივლისს), 1991-1994 წლებში შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 2006-2014 წლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. რაც მთავარია, ის საერთაშორისო პოლიტიკაში ცნობილია, როგორც მედიატორი ბალკანეთის კონფლიქტში, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის დესპანის სტატუსით მოქმედებდა.
მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსებს შორის არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და რამდენინე ქვეყანაში პერსონა ნონ გრატადაც კია გამოცხადებული.
მის მიმართ განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულებაა ხორვატიაში, სადაც "მან დაკარგა კონფლიქტების შუამავლის სანდოობის აუცილებელი ფაქტორი". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტში მას კოსოვოსადმი მიკერძოებაში ადანაშაულებდნენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის იყო პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კოსოვოში ჩავიდა ოფიციალური სტატუსით.
საქართველოში ის ცნობილია, როგორც სააკაშვილის და მისი პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი. დღეს მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო.
მას შემდეგ, რაც ბილდტმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა, ძალიან გაატიურდა სააკაშვილის და მისი გუნდის მხარდაჭერის საკითხში. ცნობილია მისი პოსტები სოციალურ ქსელებში თუ ოფიციალურ კომენტარეში.
თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის სააკაშვილის და მისი გუნდის მხარდამჭერ პოზიციას აფიქსირებდა. სააკაშვილისადმი მისი აქტიური მხარდაჭერის მიზეზებით ცოტა ხნის წინ შვედური მედიაც იყო დაინტერესებული და ქვეყნდებოდა სტატიები, თუ რამდენად იყო ეს მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკური და რომ ამაში კარლ ბილდტს ფინანსური დაინტერესებაც ჰქონდა.
განსაკუთრებული ეჭვები კი საქართველოს 2008 წლის არჩევნებში მისმა პოზიციამ გამოიწვია. შვედეთის ელჩმა, რომელიც მაშინ არჩევნებს აკვირდებოდა, საკმაოდ უარყოფითი ანგარიში დაწერა. თუმცა, მაშინ კარლ ბილდტმა მისი მოსაზრებები უარყო და მისმა გავლენამ იმდენად გადაწონა, რომ საბოლოოდ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ევროკავშირმა და ევროსაბჭომ დემოკრატიულად მიიჩნიეს. შვედეთის ელჩი საქართველოში კი ამის შემდეგ ვადამდე ადრე შეიცვალა.
ამ ფაქტს მოქმები ხელისუფლების წარმოამდგენლები ხშირად იხსენებენ.
"შვედურმა მედიამ გაავრცელა საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი ვადაზე ადრე გაწვევა თბილისიდან კარლ ბილდტის უკმაყოფილებით იყო გამოწვეული. კერძოდ, ელჩის განმარტებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ მან უწყებას მიაწოდა დასკვნა საქართველოში 2008 წელს არჩევნების არცთუ დემოკრატიულად ჩატარების შესახებ. ელჩის კრიტიკული დასკვნა კი ეწინააღმდეგებოდა კარლ ბილდტის განცხადებებს საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ, რაც მისი გაწვევის მიზეზი გახდა," - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა კარლ ბილდტის მორიგი კრიტიკის საპასუხოდ ცოტა ხნის წინ.
ამის შემდეგ შვედური მედია იკვლევდა მის პირად ფინანსურ ინტერესებს. ეს კვლევა მეორედ უკვე 2012 წლის სექტემბერში, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა. მაშინ შვედურ სტატიებში გაჩნდა მინიშნება, რომ კარლ ბილდტის საქართველოს ხელისუფლებისადმი უპირობოდ გამოცხადებული მხარდაჭერა, შესაძლოა, არცთუ უანგარო ყოფილიყო.
მაშინ გახდა ცნობილი, რომ ბილდტი 2004-2006 წლებში ცნობილი პიარკომპანიის ლკუფი-ის მართვის დირექტორი იყო. ამ პიარკომპანიის კლიენტთა სიაში არა მხოლოდ დიდი საწარმოები და ორგანიზაციები ირიცხებიან, არამედ მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები.
სტატიებში წერდნენ, რომ "ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მათ მომსახურებას იყენებდა, საქართველოც იყო. ქვეყანა, რომელიც აშშ-ის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგებს ნავთობის ტრანსპორტირების საშუალების გამო". ამ კომპანიასთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობას კი სწორედ კარლ ბილდტს უკავშირებდნენ, რომელსაც კომპანიიდან წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტია სააკაშვილის მთავრობის ლობირება. მაშინ ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებთან ამ პიარკომპანიის ბრიუსელის შეფმა, კარლ ისაკსონმა დაადასტურა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი დასავლური მედიის ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ ბილდტი სააკაშვილს პირადად სტუმრობდა და ამ ვიზიტისას მაშინდელი ოპოზიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ბილდტმა ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობის თაობაზე გააფრთხილა.
თავად კარლ ბილდტმა კი მედიის კითხვაზე, არის თუ არა ბილდტის მიერ სააკაშვილის მხარდაჭერა განპირობებული ანგარებით, ელექტრონული ფოსტით ასეთი პასუხი გასცა: "მე არასოდეს მქონია ბიზნეს კავშირები საქართველოსთან. ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომელებიც აქტიურად ავრცელებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს ინფორმაცია მცდარია!"
კარლ ბილდტი არა მარტო სააკაშვილის მხარდაჭერით გამოირჩეოდა, არამედ ის იყო ასევე უკრაინული დემოკრატიის მხარდამჭერი და რუსეთს მწავავედ უპირისპირდებოდა. შარშან ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვის საშიშროებაზე დაიწყო ლაპარაკი.
"ჩვენ უკვე ნათლად ვხედავთ საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის რეგულარულ არმიასა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის. ამ ყველაფერს ერთი სახელი შეიძლება დაერქვას. ამ დილით კაბინეტი შეიკრიბა. მე მქონდა მოხსენება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ესკალაციაზე. მალე ევროკავშირსა და ნატოში ამ საკითხზე უმაღლეს დონეზე შეხვედრები გაიმართება," - წერდა კარლ ბილდტი 2014 წლის 28 აგვისტოს.
განსაკუთრებით მისი ამ პოზიციების შემდეგ მისი რუსულ ნავთობკომპანიაში დანიშვნა მოულოდნელი აღმოჩნდა. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ნავთობკომპანია მთლიანად სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელია.
თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ნავთობის მიმართ ინტერესს იჩენს. შვედეთის ოპოზიცია მას მუდმივად ახსენებს სუდანის კრიზისში მის მონაწილეობას. ის იყო შვედურ ნავთობკომპანია დგტვშტ-ის მმართველთა საბჭოს წევრი, რომლის ინტერესებზეც მიუთითებდა რგქფტ კშპრეთ 2010 წელს სუდანის კონფლიქტში.
გასულ კვირას კი, შვედური პრესის ინფორმაციით, ბილდტი 2001 წელს ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული რუსული კომპანია "ვოსტოკ ნაფტა ინვესტმენტის" აქციონერი და მმართველი კაბინეტის წევრი გახდა. ეს კომპანია მართავდა "გაზპრომისა" და "როსნეფტის" აქტივებს რუსეთის საზღვრებს გარეთ.
კარლ ბილდტს მის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ის იყო პირველი, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში მის დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. ეს იყო 13 მაისი, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, კარლ ბილდტი პეტრო პოროშენკოს რეფორმების მრჩეველთა საბჭოს წევრად დაინიშნა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
როგორ უნდა იმუშაოს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში პუტინის ინტერესების გამტარებელი რუსული ნავთობკომპანიის მრჩეველმა, ამაზე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არანაირი განმატება არ გაკეთებულა.
"მთელი კვირა" დაუკავშირდა საქართველოს პარლამენტის წევრს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც სააკაშვილთან დაახლოებული პირია და აჟამად კიევში იმყოფება, თუმცა, მან თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი იცის.
"ისიც არ ვიცი, ეს ინფორმაცია საერთოდ მართალია თუ არა. თავად ბატონმა ბილდტმა თქვა რამე ამის შესახებ?" - კითხულობს ვაშაძე.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ წარმოუდგენია მას ან სააკაშვილს ბილდტის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში მუშაობა, ვაშაძეს ამ თემაზე საუბარი არ სურს.
ქართველი ანალიტიკოსები კი აქცენტს სწორედ ამ ინტერესთა კონფლიქტზე აკეთებენ.
"ყველას გვახსოვს ბატონი ბილდტის განცხადებები საქართევლოსთან დაკავშირებითაც და უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებითაც. ისიც კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსულ ნავთობკომპანიაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობა და არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ ეს კომპანიები მთლიანად პუტინის ინტერესების გამტარებლები არიან.
"პუტინის ინტერესიც ძალიან აშკარაა და თუკი უკრაინის ინტერესებზე ვილაპარაკებთ, აშკარად ინტერესთა კონფლიქტია, რბილად რომ ვთქვათ. ამიტომაც საინტერესოა, რას ფიქრობდა სააკაშვილი, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებდა და საინტერესოა, როგორ აუხსნიან ამ ყველაფერს ან უკრაინელ ხალხს ან საერთაშორისო საზგადოებას. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, საერთოდ პროცესები როგორ შეიძლება განვითარდეს. ამას ალბათ უკვე დრო გამოაჩენს," - ამბობს ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.