ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ აძვიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შიდა ქართლიდან იუწყება, დაკავებულია 67 წლის გრიშა ბალამწარაშვილი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეა.
არსებული ინფორმაციით, ის სოფლის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებულმა ფორმირებებმა გაიტაცეს. სად არის გადაყვანილი გრიშა ბალამწარაშვილი ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეს დაკავების მე-5 ფაქტია.
თქვენი აზრით, ასეთი ხშირი გატაცებები რუსეთის მხრიდან აგრესიის ახალი ტალღის დაწყებას ხომ არ ნიშნავს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): ეს გატაცებები ომის დაწყების დემონსტრაციული მზაობაა. რუსეთი გამარჯვების მომლოდინე, აგრესორის როლს თამაშობს. აგრესორი არის, თუმცა გამარჯვების მომლოდინე არა. ამ როლს სიმულანტობს, რადგან თავის ზესახელწიფოს პრესტიჟს უფრთხილდება.
პუტინი თამაშობს ისე, თითქოს ომს აპირებს. პირველად არა, თუმცა ახლახან რუსეთის თანამედროვე ბომბდამშენმა ევროპის სივრცე შემოიფრინა. ამის გამო ინგლისის გამანადგურებლები აფრინდნენ და ბომბდამშენი გააცილეს, შემდეგ ისევ ადგილზე დასხდნენ. ამ დროს ინგლისელებმა სპეციალურად აღნიშნეს, რომ ინგლისის საჰაერო სივრცე მათ არ დაურღვევიათ, რატომ?
იმიტომ, რომ მათ იციან, ამას პუტინი რატომაც აკეთებს. პუტინი ამას აკეთებს იმ მიზნით, რომ როგორმე ინგლისელებს ათქმევინონ, მართალია, ჩვენი სივრცე არ დაგირღვევიათ, მაგრამ ჩვენთან ნამეტანი ახლოს მოდიხართო. უახლოეს ხანში, როდესაც ინგლისის საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში შევა, აი ეს რომ მოხდება, პუტინი ინგლისელებს ეტყვის, რომ თქვენ ჩემთან ძალიან ახლოს მოდიხართ, ჩვენ ეს გვაწუხებს და წაბრძანდით აქედანო. აი ამისთვის აკეთებს ამას.
პუტინის საქციელს შეტევითი და აგრესიული ფორმა აქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის თავისი მიდამოების დაცვის პოლიტიკა. პუტინი თვლის, რომ ორიდან ერთი ზესახელწიფოს ადგილი მსოფლიოში მას ეკუთვნის
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ჩემი აზრით, აგრესიის ნიშანია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რუსეთის აგრესიის დაწყებას ნიშნავდეს, მაგრამ ფაქტია, თუმცა ნიშნები ნამდვილად არის. სწორედ ამიტომ კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატში ეს საკითხი სერიოზულად უნდა დადგეს. პირველი შემთხვევა არ არის, სამხრეთ ოსეთის, სამაჩაბლოს მახლობელ ზონებში ეს ხდებოდა და დროა, შეწყდეს. ამის შეწყვეტა, რა თქმა უნდა, მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს შეუძლია.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ასეთი ფაქტები ახალი არ არის, თუმცა მოძლიერებულები რომ არიან, ესეც ფაქტია. ჩვენ იმის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს, რომ ვიღაცას თავდასხმით ვუპასუხოთ, მაგრამ თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. თუ თავდაცვა გაძლიერებული არ იქნება, მანამადე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
სულ ისმის ლაპარაკი, რომ რუსეთი მეზობელია თუ ოკუპანტი? სამწუხაროდ, ორივეა. თავდაცვაზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ, ელემენტარულად თავის დაცვა უნდა მოვსინჯოთ. რუსეთი რასაც უნდა იმას გაგვიკეთებს, ჩვენ თავდაცვის მცდელობა მაინც ხომ უნდა გვქონდეს? ეს არის სახელმწიფოს დონეზე ჩვეულებრივი ტერორი.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): რუსეთი ყოველთვის ცდილობდა და ახლაც ცდილობს, რომ ქართული ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოაგოს. როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, შემდეგ რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა. რუსეთის მხრიდან ეს ჩვეულებრივი ამბავია, ვინაიდან დღევანდელ დღეს გადანაწილებული მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.
ამ პროცესში რუსეთის სახელმწიფოა ჩართული, რომელსაც ძალიან დიდი მადა აქვს. მას სურს, ყოფილი პოსტსაბჭოური სივრცე მთლიანად თავისად გადააქციოს. მე ვფიქრობ, საქართველოს ჭკუა-გონება ეყოფა იმისა, რომ პროვოკაციაში არ გაებას. ყველაფერი ჩაივლის ნორმალურად, თუ საქართველო პროვოკაციას არ აჰყვება, მხედველობაში მაქვს ის, რომ ვითარების შემდგომი გართულება არ მოხდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე