ლიკა ამირაშვილი
20.05.2015

26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 23 მაისს, 06:00 საათზე, თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. რეპეტიცია დაახლოებით 12:00 საათამდე გაგრძელდება. 25 მაისს 11:00 საათიდან, სავარაუდოდ, 18:00 საათამდე გენერალური რეპეტიცია იგეგმება. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება.

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება უკვე დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც ჩაერთვება. ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისში 19, 20 და 25 მაისს რეპეტიციები ჩატარდება.

25 მაისს, 12:45 საათიდან 14:30 საათამდე, გენერალური რეპეტიცია ავიაციის მონაწილეობით იგეგმება. 3 ერთეული "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი, 3 ერთეული დ-39 ტიპის თვითმფრინავი "ალბატროსი" და 3 ერთეული სუ-25 ტიპის თვითმფრინავი "მიმინო" დედაქალაქის თავზე თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და გლდანის რაიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით გადაიფრენენ.

თქვენი აზრით, უნდა გაიმართოს თუ არა 26 მაისს სამხედრო აღლუმი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): სამხედრო აღლუმი რასთან დაკავშირებით უნდა იყოს? რა ხდება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეა? მაშინ 9 აპრილს რა ხდება? ეს არის ქვეყანა, რომელსაც ორი დამოუკიდებლობის დღე აქვს. ეს საყოველთაო პოლიტიკური ნონსენსია. რომელ დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. საქართველოში, რომელია დამოუკიდებლობის დღე, მე ვერ გავიგე.

რეალურად არაფერი საზეიმო არ არის, ჩვენ უნდა ვიპოვოთ აბსოლუტურად სულ სხვა თარიღი, ორივე დღე არის უმძიმესი. როდესაც ქვეყანა ამ დღეებს დამოუკიდებლობის დღედ აცხადებს, ზუსტად ისე მისდის საქმე. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ახალი თარიღის პოვნაა, რომელიც საქართველოსთვის წარმატების მომტანი და იღბლიანი იქნება.

 ქეთი ბექაური (იურისტი): 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეს რომ უნდა აღინიშნოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ხელისუფლება გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რა სახის ღონისძიება უნდა ჩაატაროს.

სამხედრო აღლუმის ჩატარება პრინციპში ცუდი ჟესტი არ არის, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ამ ღონისძიებებს საზეიმო იერი უნდა მიეცეს. ასეთი გადაწყვეტილება ალბათ იმიტომ მიიღეს, რომ აღლუმის ჩატარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, უფრო მეტად გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი.

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი):  სამხედრო აღლუმი იმიტომ არ უნდა ჩატარდეს, რომ ფაქტია, სამხედრო ძალები კარგ კონდიციაში არ არის. სამხედრო-საჰაერო ფლოტი, რაც დღევანდელ ცხოვრებაში წამყვანია, სუსტია, ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, საზღვრებს როგორც უნდათ ისე წევენ. ჯერ სამხედრო აღლუმების ჩატარება არ დაგვიმსახურებია.

26 მაისს პავილიონებია, სადაც სხვადასხვა კუთხეა წარმოდგენილი - კომერცია, სასწავლებლები, მრეწველობა. რაღაც ასეთი სამხედროების კუთხე შეიძლება იყოს. სამხედრო ძალები წარმოდგენილი უნდა იყოს იმ დონეზე, რა დონეზეც იქნება წარმოდგენილი სხვა სფეროებიც.

სამხედრო აღლუმისთვის არც დიდება არ გვაქვს მოხვეჭილი და ტერიტორიებიც დაკარგულია. ამის გარდა, უზარმაზარი თანხები იხარჯება. არმია არსებობს თუ არა, ვერ ვგრძნობ. ოკუპანტები გადმოდიან, ჩემს ტერიტორიაზე ხალხს იპარავენ, ამ დროს არმია სადაა?

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): საერთოდ გაურკვეველია, ეს მთავრობა სამხედრო აღლუმის ჩატარებაზე უარს რატომ ამბობს? ჩვენ თუ დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვია, თუ რუსეთის ნაწილი ჩვენ აღარ ვართ და ევრაზიის კავშირისკენ არ ვისწრაფვით, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ხომ უნდა ვიზრუნოთ. ამის დემონსტრირება ცუდი არ არის, პირიქით, თითოეული მოქალაქის თვითშეფასების გრძნობასაც აამაღლებს.

გაურკვეველია, ჩვენი მთავრობა აღლუმის ჩატარებაზე უარს რატომ ამბობს, მითუმეტეს, რომ დღეს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ მივისწრაფვით. რასაც ესენი აკეთებენ, სუვერენიტეტის დამცირებასა და თავმოყვარეობის დაკნინებას ნიშნავს. ცხადია, სამხედრო აღლუმი ღისეულად უნდა ჩატარდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×