"ზაფხული საშინლად ცხელი იქნება, ზამთარი - თბილი, შემოდგომა და გაზაფხული კი შეიძლება დავკარგოთ"
ლიკა ამირაშვილი
20.05.2015

 გვალვა, წყალდიდობა, წყალმოვარდნები, ღვარცოფები, მეწყრის გააქტიურება - ეს ის სტიქიური მოვლენებია, რომელიც კლიმატის ცვლილების შემთხვევაში გააქტიურდება. როგორც "რეზონანსთან" გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატური ცვლილებების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლაზრიევი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო გლობალური დათბობის პროცესებში არ ჩაერევა, კატასტროფულ შედეგებამდე მივა. მისი თქმით, ბოლო 20 წელიწადში დედამიწის ტემპერატურამ საშუალოდ 0,8 გრადუსით მოიმატა.

"გლობალური დათბობა დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის მატებას ნიშნავს. ამის მიზეზი "სათბურის აირების" მატებაა. დედამიწის ზედაპირი მზის სინათლეს შთანთქავს და მას სითბოდ აქცევს, რასაც "სათბურის აირებს" უწოდებენ. ვინაიდან ის სინათლეს შიგნით უშვებს, სითბოს კი გარეთ აღარ ატარებს, ეს სითბო ისევ უკან, დედამიწაზე ბრუნდება, რაც ტემპერატურის მატებას იწვევს.

"დედამიწაზე წონასწორობა იყო დამყარებული. ატმოსფეროში გარკვეული რაოდენობის "აირები" იყო დაგროვილი, რაც ტემპერატურას აბალანსებდა. მე-18 საუკუნიდან, როდესაც სამრეწველო რევოლუცია დაიწყო და ადამიანი ენერგიის მისაღებად უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ამან "სათბური აირების" რაოდენობის მატება გამოიწვია. ეს არის დათბობის პროცესის მიზეზი."ტემპერატურამ ბოლო 20 წელიწადში საშუალოდ 0.7-0.8 გრადუსით მოიმატა. ეს პატარა ტემპერატურა არ არის, ცალკეულ თვეებში და ადგილებში ბევრად უფრო მაღალია.

"პირველ ყოვლისა გლობალური დათბობის შედეგად მყინვარები დნება. ასევე მტკნარი წყალი ოკეანეში ჩაედინება, რის შედეგადაც ოკეანის წყლის დონე იმატებს. ჯერჯერობით წყლის დონემ 9-10 სმ მოიმატა. შეიძლება ძალიან მცირედ გვეჩვენება, მაგრამ საკმაოდ დიდ მასაზეა საუბარი.

"ზღვის დონის აწევის შედეგად სანაპიროების ჩამორეცხვა ხდება, შტორმებია გაძლიერებული, მაგალითად, ბათუმში სანაპიროს ჩამორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს. ექსტრემალური მოვლენები - გვალვა, წყალდიდობა, წყალმოვარდნები, ღვარცოფები, მეწყერი გააქტიურდება. გვალვის ნიშნები იყო კახეთში, წინა წელს განსაკუთრებით ძლიერი გვალვა იყო.

"კლიმატის ცვლილება ყველა სფეროს ეხება. სახელმწიფოები თუ არაფერს არ მოიმოქმედებენ, ტემპერატურის მატება გაგრძელდება. ყველაზე ცუდი სცენარი ტემპერატურის 4-5 გრადუსით მომატება იქნება, რაც კატასტროფის ტოლფასია.

"მსოფლიო ცდილობს, ეს "სათბურის აირები" შეამციროს, ამიტომ საწვავის გამოყენება უნდა შემცირდეს. 2012 წლისთვის კიოტოს ოქმი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, საწვავის მოხმარება 1990 წლის დონეზე - 6-7 პროცენტით უნდა შეემცირებინათ. 2013 წელს ევროკავშირმა ეს ვალდებულება გაზარდა და საწვავის მოხმარება 20 პროცენტით შეამცირა.

"ახლა ახალი ხელშეკრულება მზადდება, რომლის მიხედვითაც, განვითარებადმა ქვეყნებმაც უნდა აიღონ ვალდებულება, რომ საწვავის მოხმარება შეამცირონ. ეს ხელშეკრულება 2015 წლის დეკემბერში გაფორმდება და 2021 წლისთვის ამოქმედდება.

"განახლებულ ენერგიაზე უნდა გადავიდეთ, ენერგიის მოხმარების ეფექტები უნდა გავზარდოთ. ავტომობილები ყოველ 100 კილომეტრზე თუ 10 ლიტრ ბენზინს ხარჯავენ, თანამდეროვე ავტომობილები, ეფექტურძრავიანები, ნაკლებს დახარჯავენ. ადამიანი ამ პროცესებში თუ არ ჩაერია, კატასტროფული შედეგები გვექნება. დღემდე რასაც ადრე პროგნოზირებდნენ, რეალურად უარესი გამოდგა, ანუ შედეგები უფრო რთული შეიძლება იყოს, ვიდრე ვვარაუდობთ," - განაცხადა ლაზრიევმა.

ეკოლოგი ნინო ჩხობაძე "რეზონანსთან" საუბრისას გლობალური დათბობის პროცესის გააქტურების შემთხვევაში ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, ტემპერატურის 2 გრადუსამდე აწევის შემთხვევაში, მთლიანად მსოფლიოში და საქართველოშიც, კერძოდ კავკასიონის მთებში სერიოზული დნობა დაიწყება.

"დნობის დასაწყისში წყალუხვობა გვექნება, რასაც წყლის ნაკლებობა მოჰყვება. ზაფხული საშინლად ცხელი იქნება, ზამთარი შედარებით თბილი, მაგრამ შემოდგომა და გაზაფხული შეიძლება დავკარგოთ.

"ერთ სეზონზე ნორმაზე 12-ჯერ მეტი ნალექი მოვა. ამას ნიადაგის ეროზია, მეწყერსაშიში ზონების გააქტიურება, სტიქიური უბედურებები, წყალდიდობები და ა.შ მოჰყვება. ასევე წყალმოვარდნები არაპროგნოზირებადი გახდება, რაც თავისთავად სოფლის მეურნეობის პროდუქციის კარგვას გამოიწვევს.

"თუ ქვეყანამ შესაბამისი ზომები არ მიიღო, ეკონომიკური სიდუხჭირე დადგება. ბევრ ქვეყანაში არსებობს შერბილების და ადაპტაციის, ანუ შეგუების გეგმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი სოფლის მეურნეობაში ისეთი ჯიშების ჩანაცვლებას დაიწყებს, რომელიც უფრო გამძლეა.

"დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ აგროვადები შეცვლილია. ხალხი მიჩვეული იყო ტრადიციულ ვადებს, როდის უნდა დარგოს და აიღოს მოსავალი, ეს აღარ ემთხვევა. გარკვეულწილად პროცესები 10 წლით დაჩქარებულია.

"რაც შეეხება ქალაქს, აქ მცხოვრებლებისთვის ექსტრემალური ტემპერატურა აუტანელი გახდება. ასევე მწვანე ნარგავების ნაკლებობა მოსახლეობის სტრესულ მდგომარეობაში ჩავარდნას გამოიწვევს.

"ასოციაცია ადგილობრივ თვითმმართველობას სპეციალური პროექტი აქვს. ამ პროექტით, საქართველოში რეგიონების მიხედვით დადგინდება, რომელ რეგიონში რა პრობლემა იქნება და მის შესაჩერებლად როგორი ტიპის პროგრამები უნდა დაიწყოს. შედეგები ცნობილი სექტემბერში გახდება," - განაცხადა ჩხობაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×