ლიკა ამირაშვილი
21.05.2015

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეოთხე სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა. "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.

საქართველო ამ თავყრილობაზე ორ მნიშვნელოვან საკითხზე ელოდა გადაწყვეტილების მიღებას - ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაზე და სამიტის დეკლარაციაში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაფიქსირებას, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე პრინციპული თანხმობის მიღებას.

თქვენი აზრით, რიგის სამიტისგან მივიღებთ თუ არა რაიმე ხელშესახებ შედეგს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): არ ვიცი. ცოტა დრო დარჩა და პროგნოზის გაკეთება, რას უნდა ველოდოთ, სისულელეა. სჯობს, დაველოდოთ და ზუსტი პასუხი გვეცოდინება.

 

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): რა სისულელეა. ნოემბერში შეიძლება რაღაც შედეგი ვნახოთ, მაგრამ რიგის სამიტზე არ მგონია, რომ ხელშესახები შედეგი მივიღოთ. ყოველ შეთხვევაში, დაპირებები იქნება, გვეგონება, რომ ძალიან კარგი პასუხი მივიღეთ. სინამდვილეში კი არაფერი კარგი არ იქნება. თუმცა მაინც ჩვენს ქვეყანას წარმატებას ვუსურვებ.

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): არაფერს კარგს არ მივიღებთ. არ ვიცი, ჩვენი ხალხის მოტყუება როდემდე უნდა გაგრძელდეს. მაინტერესებს, როდემდე უნდა გაგრძელდეს? კარგად ვიცით, ჩვენ რომ დამაიმედებელ სიტყვებს მივიღებთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვები იქნება, მეტი არაფერი. დაგვიწესებენ, რა უნდა გავაკეთოთ და მოგვცემენ დამაიმედებელ იმედებს. სამწუხაროდ მე რასაც ჩვენს პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ვუყურებ, ერთ პოზიციაზე არ არიან.

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე):  რიგის სამიტზე უნდა ველოდოთ მხოლოდ იმას, რომ რაც ქვეყანაში გაკეთდა, იმას შეაფასებენ. რაც ვერ გაკეთდა და ბოლომდე ვერ მიიყვანეს, იმაზე შენიშვნას მივიღებთ. მე მგონი, ყველაზე სწორი ეს იქნება. უაზრო მოლოდინის გაჩენა არ არის საჭირო. რისი გაკეთებაც შეიძლება, მხოლოდ იმას ველოდები, რისი ღირსებიც ვიქნებით, იმას მივიღებთ. მე მგონი, ბევრი კარგი რეფორმა ჩატარდა, რასაც აუცილებლად დაგვიფასებენ.

 

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): მგონია, რომ მოგვეფერებიან, იმედს მოგვცემენ, გვეტყვიან, რომ საჭირო და კარგი ხალხი ვართ. იმედს მოგვცემენ, რომ შემდგომში ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ დღეს ასე უნდა ვიყოთ. იმას ხომ არ იტყვიან, რომ რუსების ეშინიათ? მართლაც მძიმე მდგომარეობაა. ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სიტყვებით და მომავლის დაპირებებით შემოიფარგლებიან. იმედია, მომავალში ეს დაპირებები რეალობად იქცევა, თუმცა ჯერჯერობით არაფერს კარგს არ ველი, გარდა კეთილი და ლამაზი სიტყვებისა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×