"გვინდა გვითხრან, რომ ჩვენს ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა აქვთ"
თაკო მათეშვილი
22.05.2015

 არცთუ დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, რომელსაც ევროპელი ლიდერები აკეთებენ, ქართული მხარე მაინც არ კარგავს იმედს, რომ რიგის სამიტი დღეს ჩვენთვის სასიამოვნო შედეგით - უვიზო რეჟიმის კონკრეტული თარიღის დასახელებით და ევროპული პერსპექტივის აღიარებით დასრულდება. ამის მისაღწევად, საქართველოდან ჩასული სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით აქტიურად მუშაობენ.

სამიტი გუშინ დაიწყო, თუმცა შემაჯამებელი დეკლარაცია დღეს უნდა მიიღონ. მანამდე განცხადების სამუშაო პროექტმა უცხოურ მედიაში რამდენჯერმე გაჟონა. ეს ცნობები არცთუ დამაიმედებელი იყო, ვინაიდან წინასწარი ინფორმაციით, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისა და ევროპული პერსპექტივის აღიარების მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას არ ითვალისწინებს.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ტექსტი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ლიტვაში 2013 წლის სამიტზე მიიღეს. "როიტერის" ცნობით კი, რიგის სამიტი მცირედს შესთავაზებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რამდენადაც "კრემლის მომავალი გამოწვევის შიშით, ევროკავშირმა საკუთარი ამბიციები შეასუსტა".

ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფრის შემდეგ ანგელა მერკელის გუშინდელ განცხადებას, სადაც თქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტს არ წარმოადგენს და საქართველოსა და უკრაინას უფრო მეტი რეფორმის გატარებისკენ მოუწოდა.

განსხვავებულია ევროპარლამენტარების პოზიცია, რომლებიც ევროკავშირის ლიდერებს საგანგებო წერილით მიმართავენ, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირონ. ღია მიმართვას ხელს 95 ევროპარლამენტარი აწერს."სამიტმა ძლიერი პოლიტიკური სიგნალი უნდა გაგზავნოს იმ ქვეყნების ევროპული პერსპექტივების შესახებ, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების გრძელვადიანი ამბიციაგააჩნიათ. ეს პერსპექტივები შესაძლოა იყოს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიული განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის მთავარი მამოძრავებელი.

"მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა რეფორმების სტიმულს აძლევს, ვიზალიბერალიზაცია და უვიზო რეჟიმი შესაძლებელია და უნდა იყოს მიღწეული მოკლე დროში. სამიტმა ამ საკითხში პოლიტიკური წვლილი უნდა შეიტანოს", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე - თავმჯდომარემ სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სანდრა კალნიეტემ. ევროპის სახალხო პარტიის წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმების კონკრეტული თარიღი უნდა შესთავაზონ.

 ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის მიღებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს ძალისხმევა აღიარებულია. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს რიგაში განუცხადა.

"როგორც ყველას გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა წარმატება, რომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში განხორციელდა ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ამოცანები. პრაქტიკულად, საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უმეტეს ნაწილში მიღწია ყველაზე მაღალ, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს.

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფინიშის ბოლო ეტაპზე. ნამდვილად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ მივიღოთ უკვე განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ვიზალიბერალიზაციის მიღების კონკრეტული თარიღის გამხელას ელის უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც და აქვე დასძენს, რომ ქართულ მხარეს ასევე აქვს იმედი, რომ რიგის სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღებს უფრო მეტ პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას.

"გვაქვს მოლოდინი, რომ რეზოლუციაში მოხდება ჩასწორება და მასში მითითებული იქნება კონკრეტული რიცხვი, როდის შეიძლება მივიღოთ ვიზა ლიბერალიზაცია. რიგის სამიტიდან თავისუფალი სავიზო რეჟიმის წამოღებას ჩვენ არც ვაპირებდით. არც ერთ ოფიციალურ პირს მსგავსი მოლოდინის თაობაზე კომენტარი არასდროს გაუკეთებია, თუმცა ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან მივიღებთ მეტ მხარდაჭერას და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე თარიღის დაკონკრეტებას", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა რიგაში საქართველოდან არასამთავრობო სექტორის წევრებიც ჩავიდნენ, რომლებმაც ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში იოჰანეს ჰანს პეტიცია გადასცეს. მათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის აღიარება მოითხოვეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაზე, რომელშიც იოჰანეს ჰანი მონაწილეობდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა, პლაკატები გაშალეს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების მოთხოვნით, რომლებიც, სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეგროვილ ხელმოწერებთან ერთად, იოჰანეს ჰანს გადასცეს.

"ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები ევროპული პერსპექტივის ანუ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის მოთხოვნით. გარდა ამისა, არსებობდა სამი დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ქართული, უკრაინული და მოლდოვური მხარის მიერ ინდივიდუალურად შემუშავდა და რომელშიც ჩვენ ვხსნით მიზეზებს, თუ რატომ უნდა გახდნენ ჩვენი ქვეყნები ევროკავშირის წევრები.

"გვინდა, რეალურად გვითხრან, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვთ ევროპული პერსპექტივა, რაც გულისხმობს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას; ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური სვლაა. ეს მოგვცემს საშუალებას, დავაკონკრეტოთ ჩვენი ნება დროში, გეგმებში, რადგან ზოგადი საუბარი არ არის არსებითი. მნიშვნელოვანია კონკრეტული მესიჯი ბრიუსელიდან. ჩვენი მოთხოვნის დემონსტრაციულად გადაცემას ძალიან საინტერესო გამოხმაურებები მოჰყვა იგივე იოჰანეს ჰანის მხრიდან ოფიციალურ ნაწილში, ასევე კულუარებში", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, ევროპული პერსპექტივის მოთხოვნით 500-მდე ხელმოწერა მოგროვდა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორში და გადაეგზავნა როგორც იოჰანეს ჰანს, ისე ფედერიკა მოგერინის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×