ერთადერთი წინაპირობა ევროკომისიის დადებითი დასკვნაა
ზვიად მახარაძე რიგა-ბრიუსელი
23.05.2015

 გუშინ რიგაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უფრო მეტი მხარდაჭერა, მეტი ფინანსური დახმარება აღუთქვა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პარტნიორ ქვეყნებს წევრობის პერსპექტივაზე უარი ეთქვათ.

ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა ცალსახად განაცხადა, რომ რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროპული პერსპექტივა არც ერთი მათგანისათვის არ არსებობს. "ისინი არ არიან მზად, არც ჩვენ არ ვართ მზად. რიგის სამიტი არ ეძღვნება ევროკავშირის შესაძლო გაფართოებას," - განაცხადა იუნკერმა.

მიუხედავად ევროკომისიის პრეზიდენტის და რიგი ქვეყნების ლიდერების ასეთი მკვეთრი პოზიციისა, მაინც მოიძებნა კომპრომისული ჩანაწერი, დეკლარაციაში ნახსენებია "ევროპული მისწრაფებები" და "ევროპული არჩევანი."

"სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია აღნიშნული", - ასე გამოიყურება რიგის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი.

ეს ფრაზა მოჰყვება განცხადებას, რომ "სამიტის მონაწილეები აღიარებენ, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი არსია".

ასევე, სამიტის მონაწილეებმა მიაღწიეს კონსენსუსს ვიზალიბერალიზაციის საკიხის შესახებ. საქართველოსა და უკრაინის მოთხოვნა, განსაზღვრულიყო გადაწყვეტილების მიღების უკიდურესი თარიღი, მხარდაჭერილი არ იქნა.თუმცა ევროკავშირი თავის მხრივ წავიდა დათმობაზე და დეკლარაციაში პირდაპირ ჩაწერა ვიზალიბერალიზაციის მეორე შემაჯამებელო შეფასებითი დასკვნის მიღების თარიღი. ევროკომისია დოკუმენტს გამოაქვეყნებს ამა წლის ბოლომდე, ხოლო ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამასთან, დეკლარაციაში ჩაიწერა იმ რეგულაციის ნომერიც კი (539/2001), რომელზეც დაყრდნობით უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.

 პრეზიდენტმა იუნკერმა სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკანასკნელ თვეებში საქართველომ და უკრაინამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს. ევროკომისიის დასკვნა 15 დეკემბერს იქნება, ხოლო რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ამას ევროპული საბჭოს და 28 წევრის თანხმობა სჭირდება.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და უკრაინა თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც აღნიშნული ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ევროკომისია დადებით დასკვნას დადებს.

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება უკრაინასა და საქართველოზეა დამოკიდებული. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ამ საკითხის განხილვისას ის დარწმუნდა, რომ ისინი, კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პოლიტიკურად მხარს დაუჭერენ ვიზების გაუქმების გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის აზრით, დეკლარაცია იყო ძალიან სერიოზული კონსენსუსის და კომპრომისების შედეგი. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მასში მკაფიოდ აისახა პრიორიტეტი ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

"წლის ბოლომდე პროცესის დასრულება და შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიღება დაფიქსირებულია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს კომისიასთან კონკრეტული სამუშაო გეგმა და მომავალი კვირიდან უკვე დაიწყება ძალიან აქტიური თანამშრომლობა", - განაცხადა მან სამიტის შემდეგ.

"რაც შეეხება საქართველოს ევროპულ არჩევანს და მომავალს, ესეც დაფიქსირებულია ჩვენი აქტიური მონაწილეობითა და პარტნიორების მხარდაჭერით. აღიარებულია ევროპული არჩევანი და სულისკვეთება, ისე როგორც ამის შესახებ ჩაწერილია ასოცირების ხელშეკრულებაში.

"დეტალურად არის გაწერილი შესაძლებლობები სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, რაც შეეხება სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო, ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას", - განსაკუთრებით ოპტიმისტურად შეაფასა სამიტის შედეგები საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამიტის მიმდინარეობისას ევროკომისარმა ჰანმა სპეციალური პაკეტის შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც შეეხებოდა დამატებით 200 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკებიდან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდი ევროს გამოყოფა.

 "ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნებისათვის ახლა ამოცანას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისათვის მაქსიმალური შედეგების მიღება. ამიტომაც ეს არის თვისობრივად ახალი დახმარება. ამ ტიპის ინსტრუმენტული მხარდაჭერა ჯერ საქართველოს არ ჰქონია", - ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილმა.

დაპირისპირებისა და სამიტის შესაძლო ჩაშლის მიზეზი კინაღამ გახდა ყირიმის ანექსიის საკითხი. ბელარუსმა და სომხეთმა თავიდანვე უარი განაცხადეს ამ საკითხის განხილვაზე. აზერბაიჯანმა კი პროტესტის ნიშნად დეკლარაციის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა მოლაპარაკების მაგიდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალ ტუსკი იძულებული იყო, პირადად დაერეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის, თუმცა მისი მტკიცებით, საუბრის თემას დეკლარაციის ტექსტი სულაც არ წარმოადგენდა და მხარეებმა მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საბოლოო დეკლარაციაში ყირიმის ანექსიის შესახებ მხოლოდ ევროკავშირის სახელითაა საუბარი.

მართალია, ევროკავშირი ყოველნაირად ხაზს უსვამს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არსებული ფორმით შენარჩუნების აუცილებლობას, მაგრამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პოზიციები, ერთი მხრივ, და აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის, მეორეს მხრივ, სულ უფრო სცილდება ერთმანეთს.

მომავალი სამიტის გამართვა 2017 წელს კიშინიოვში იგეგმება, მაგრამ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, ექნება თუ არა მას ისეთივე დიდი მნიშვნელობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივისათვის, როგორც დასრულებულ რიგის შეხვედრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×