"ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: პერსპექტივები და გამოწვევები," - ამ თემაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 22 და 23 მაისს თბილისში მე-10 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან ფორუმის შექმნას, რაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ინტენსიურ დიალოგს ხელს შეუწყობს.
კონფერენციაზე მიწვეულმა სტუმრებმა და პროფესორებმა ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ამ მიმართულებით სხვა სახელმწიფოების გამოცდილებაზე.
ცნობისთვის, კონფერენცია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (ჯიპა), ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან და საქართველო-ევროკავშირის ბიზნესცენტრთან თანამშრომლობით სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრები მოწვეულნი იყვნენ: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, კავკასიის რეგიონიდან და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის იყვნენ: მკვლევარები, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი სპეციალისტები და აკადემიურ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები როგორც საქართველოს, ისე ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ერაყისა და სხვა უნივერსიტეტებიდან.
მონაწილეთა მოხსენებები ისეთ თემებს მოიცავდა, როგორიცაა: პარტნიორი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების გამოწვევები ევროკავშირთან წევრობის გზაზე, ეკონომიკა და სექტორული თანამშრომლობა, განათლება, ენერგეტიკა, ფინანსები, ტურიზმი და ა.შ.
როგორ "მთელ კვირასთან" საუბრისას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ილიას ჩილოღლუ ამბობს, კონფერენცია ხელს შეუწყობს სტუდენტების, ლექტორებისა და ზოგადად ქართული საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე.
"ჩვენი სტუმრები საკმაოდ კვალიფიციური ექსპერტები არიან, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. აქ განიხილება ის გამოწვევები, რაც ხელს ჩვენს ევროკავშირში დროულად შესვლას შეუწყობს. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლოა და წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით მედიის ჩართულობა და თემის გაშუქება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირება სწორედ ამაზეა დამოკიდებული," - ამბობს რექტორი.
იანოშ ჰერმანი (ევროკავშირის ელჩი საქართველოში): "ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსაც ავალდებულებს, დაეხმაროს საქართველოს, მათ შორის ფინანსურადაც. ასოცირების ხელშეკრულება იმ საერთო დღის წესრიგს ქმნის, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ეს დღის წესრიგი კი საქართველოში რეფორმების განხორციელებაა, რათა ქვეყანა ევროპულ ორიენტაციას გაჰყვეს."
კონფერენციის მიზანსა და ზოგადად ქვეყნის ევროპული კურსისადმი სწრაფვაზე "მთელ კვირასთან" პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, შავი ზღვის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ ბაღათურიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი ტიპის ღონისძიებებით საზოგადოება ნაბიჯ-ნაბიჯ არკვევს, რა საერთო აქვს და ჰქონია საქართველოს ევროპასთან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრასა და მოხსენებებს სტუდენტები ესწრებოდნენ, ვინაიდან ეს ხელს შეუწობს მათი აზროვნების სწორ ფორმირებას.
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბრეშუმის გზის კონფერენციას მეათედ მართავს, რომლის მთავარი მიზანია აკადემიურ და საზოგადოებრივ წრეებში საქართველოს გლობალურ სივრცეში ჩართვის, ასევე ევროინტეგრაციულ პროცესებში ჩართვის იდეის პოპულარიზაცია. ასევე კონტაქტები ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიურ წრეებს შორის. ეს სასარგებლო რამაა, ვინაიდან ძალიან ბევრი კარგი მოხსენების მოსმენის საშუალება გვეძლევა.
"წმინდა აკადემიური თვალსაზრისით უამრავი პუბლიკაცია არსებობს, რომლებმაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მხარდაჭერის კუთხით გარკვეული გავლენა მოახდინა. მაგალითად: თუ 10 წლის წინ ეს თემა განიხილებოდა, როგორც საფრთხის შემცველი და ევროპა ჩვენთვის შესაფერისი არ იყო, ახლა უკვე ვითარება შეიცვალა - ახლა ქართული საზოგადოება აკადემიური და სტუდენტური წრეების მეშვეობით სწავლობს, რა აქვს საერთო საქართველოსა და ევროპას, რა არის მნიშვნელოვანი, პრინციპული და განსხვავებული.
"მეორე მხრივ, ვინაიდან კონფერენცია საერთაშორისოა და უცხოური აკადემიური წრეები ამაში ყოველთვის არიან ჩართულნი, ეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის მზაობის პოპულარიზაციასაც ემსახურება. ამ კონფერენციებზე რამდენიმე მოხსენება მაქვს გაკეთებული - სწორედ იმ მიმართულებით, თუ რამდენადაა საქართველო ევროპული ქვეყანა.
"დღევანდელი მოხსენების მთავარი ფოკუსი კი მდგომარეობს იმაში, უფრო მკაფიოდ ვაჩვენო, რომ საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია არა მხოლოდ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სხვა თვალსაზრისით მომგებიანი სტრატეგიული არჩევანია, არამედ ვაჩვენო ის, რომ საქართველო მთელი თავისი სახელმწიფოებრიობის მანძილზე ფაქტობრივად ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილია, ასევე მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი შემოქმედი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც კი, როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული სივრციდან იზოლირებული იყო, ყოველთვის ეძებდა გზებს ევროპასთან კონტაქტისა, ამდენად, ჩვენი ევროპასთან ურთიერთობა სამართლიანია," - განუცხადა "მთელ კვირას" პროფესორმა ოთარ ბაღათურიამ.