"აშშ-დან ჩამოვედი ძალიან სამწუხარო ინფორმაციით. ამერიკიდან ყველაზე მთავარი გზავნილი ისაა, რომ საქართველო კაპიტოლიუმის რადარებიდან გამქრალია. მეორე გზავნილი კი ის იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა ხიდი დაეწვა კაპიტოლიუმზე მოსახვედრად, იქ, სადაც საქართველოს ჰყავდა გავლენიანი მეგობრები. ვგულისხმობ სენატორებსა და კონგრესმენებს," - უთხრა "მთელ კვირას" ევროპასთან ინტეგრაციის ექსმინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
ექსმინისტრი აცხადებს, რომ სენატორები და კონგრესმენები ოფიციალური თბილისის პასიურობით განაწყენებული არიან. პირადად უთხრეს მას ამერიკელებმა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ იქნება აქტიური, მაშინ ამერიკის ხმა რამდენადაც ძლიერი უნდა იყოს, ვერაფერს გახდება და საჭიროა საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა.
პეტრიაშვილის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ აქტიურობა 6 თვის წინ შეამცირა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრებს ალექსი პეტრიაშვილსა და დავით ზალკალიანს აშშ-ში ვიზიტი ჰქონდათ. საქართველოს მიმართ შექმნილ განწყობას და ამერიკიდან წამოღებულ გზავნილებზე ალექსი პეტრიაშვილი პირველად "მთელ კვირასთან" საუბრობს.
ალექსი პეტრიაშვილი: "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს ვიზიტი გვქონდა აშშ-ში, იქიდან ჩამოვედით ძალიან სამწუხარო ინფორმაციით. ამერიკიდან ყველაზე მთავარი გზავნილი ისაა, რომ საქართველო კაპიტოლიუმის (კონგრესის შენობა ვაშინგტონში - რედ.) რადარებიდან გამქრალია. მეორე გზავნილი კი ის იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა ხიდი დაეწვა კაპიტოლიუმზე მოსახვედრად, იქ, სადაც საქართველოს ჰყავდა გავლენიანი მეგობრები. ვგულისხმობ სენატორებსა და კონგრესმენებს.
"მთელი კვირა": კონკრეტულად როგორ გაფუჭდა ურთიერთობები?
ა.პ: ურთიერთობების მინიმიზაციით და იმით, რომ მათთან არ არის საუბარი საჭირბოროტო საკითხებზე და ასევე არ არის გზავნილების ურთიერთგაცვლა. ურთიერთობა შეწყდა იმის გამო, რომ საერთო ენა არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასა და ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს შორის.
"მ.კ": ანუ, ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის განსხვავებული პოზიციებია?
ა.პ: მე ვერ ვიტყვი ვაშინგტონის ადმინისტრაციაზე და ზოგადად ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მაგრამ ისეთი გავლენიანი სენატორების ოფისებში, როგორებიც არიან რუბიო, შაჰინი, რიში და ა.შ. და ასევე კონგრესმენების ოფისებშიც ასეთი განწყობაა, რომ საქართველოზე უფრო მეტად ხამამაღლი ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება. მათ შორის, ვერც აშშ იქნება აქტიური ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციასთან და თავდაცვითი საშუალებების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ოფიციალური თბილისიდან არაფერი ისმის.
"მ.კ": გასულ წელს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა აშშ-ში. არ იყო ის ვიზიტი იმდენად წარმატებული, როგორც ამას საზოგადოებას ეუბნებოდნენ?
ა.პ: არა. ის ვიზიტი ნამდვილად წარმატებული იყო და ეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში ახალი ფურცელი იყო. ნამდვილად იყო იმის შესაძლებლობა, რომ ეს ფურცელი კარგად დაწერილიყო. სამწუხაროდ, დღეს ეს ფურცელი ცარიელია.
"მ.კ": ბოლო თვეების განმავლობაში შეწყდა კომუნიკაცია?
ა.პ: არ მინდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა პარტიამ მიიწეროს საკუთარ თავზე, მაგრამ შემიძლია სენატორებისა და კონგრესმენების გამონათქვამების ციტირება მოვახდინო. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ოფიციალური თბილისიდან ვაშინგტონის მისამართით გზავნილების, ურთიერთობის, კომუნიკაციის ინტენსივობა მინიმუმამდეა დაყვანილი. დასკვნები თავად გააკეთეთ.
"მ.კ": კონკრეტულად ვისთან გქონდათ შეხვედრები?
ა.პ: საქართველოს ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით კონფერენცია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. იქ იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თეთრი სახლიდანაც იყვნენ, ანალიტიკური ცენტრებიდანაც და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდანაც.
საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გაკეთდა პროგნოზები. ამ შემთხვევაში კონკრეტული პირების ციტირებას ვერ მოვახდენ, ვინაიდან კონფერენცია დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მაგრამ გეტყვით იმას, რომ პროგნოზები, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან მძიმეა.
ამას გარდა, შეხვედრები, როგორც უკვე გითხარით, გვქონდა კაპიტოლიუმზე, შეხვედრა გვქონდა კონგრესის სპიკერ ჯონ ბენერის საერთაშორისო მრჩეველთან, ასევე გავლენიან კონგრესმენებთან: თედ პოსთან, დევიდ ბრაისთან და კირლინგერთან. შეხვედრები სენატორების რუბიოს, შაჰინისა და რიშის ოფისებშიც გვქონდა.
"მ.კ:: ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე იყო საუბარი, რომ ჩვენი ეკონომიკაა მძიმე მდგომარეობაში?
ა.პ: ეს არ ყოფილა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნათქვამი. არავინ უარყოფს იმას, რომ გარე ფაქტორებიც ახდენს გავლენას, მაგრამ ის, რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ცხადზე ცხადია. ურთოერთბრალდებების შესახებ აშშ-ში ძალიან კარგად იციან და ასევე იმაზეც არიან ინფორმირებულნი, რომ განსაკუთრებული გადაბრალება მიდის ეროვნული ბანკის მიმართ. აშშ-დან დაბრუნებული კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ შემაშფოთებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ახალი თავმჯდომარის აქტივობა ეროვნული ბანკის სტრუქტურებთან მიმართებაში. ეს რეალურად მიმართულია ინსტიტუციების მორღვევისკენ, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ზიანს მიაყენებს ინვესტიციების მოზიდვას.
"მ.კ": თუმცა კოალიციის ერთ-ერთი სუბიექტი - "რესპუბლიკური" პარტია ამბობს, რომ კოალიციაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინსტიტუციების გაძლიერებაა. თქვენ კი პირიქით ამბობთ...
ა.პ: სამწუხაროდ, ფაქტი ჯიუტია. რეალობა საპირისპიროზე მეტყველებს. "რესპუბლიკელთა" დამოკიდებულება ინსტიტუციებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება კოალიციაში შემავალი სხვა სუბიექტების პოზიციებისგან. იმის მიუხედავად, რომ "რესპუბლიკელები" მოძლიერდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ყველამ კარგად იცის, რომ საბოლოოდ ყველა გადაწყვეტილებას მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს.
"მ.კ": ანუ ამბობთ, ამერიკის საბოლოო პოზიცია ასეთია, რომ რადგან ჩვენი ხელისუფლება არ აქტიურობს, ამიტომ საქართველოს მიმართ ისეთ ინტერესს აღარ გამოიჩენს, როგორც აქამდე იყო?
ა.პ: საერთაშორისო გლობალურ პოლიტიკაში სერიოზული პროცესები ვითარდება იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოს წინაშეა. ეს არის სირია, ერაყი, ისლამური სახელმწიფო, ტერორიზმთან ბრძოლა, უკრაინის თემა, ნავთობი, ირანის ბირთვული იარაღი... შესაბამისად, ძალიან დატვირთული დღის წესრიგია, ამიტომ ჩვენ თვითონ თუ არ ვიქნებით აქტიურები, რომ საქართველოსთვის სასრგებლო რეზოლუციები მიიღონ, მაშინ იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები საქართველოს პრობლემებზე ფიქრით დაიძინებენ და გაიღვიძებენ.
"მ.კ": ამ შინაარსის გზავნილები იყო, რომ თუ საქართველო თავად არ იაქტიურებს, მაშინ არც ისინი აპირებენ ამას?
ა.პ: დიახ, ზუსტად ეს თქვეს, როდესაც ნატოსთან მიმართებაში გვქონდა საუბარი. მათი ხმა უფრო ძლიერია, მაგრამ თუ ჩვენ არ მოვახდენთ ამის დემონსტრირებას ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის ნატო და თავდაცვითი საშუალებების მიღება, მაშინ ამერიკელი კანონმდებლების ხმა ჩვენს აქტიურობაზე ძლიერი ვერ იქნება.
"მ.კ": ასეთი განწყობა ყველა დონეზეა? მათ შორის თეთრ სახლშიც?
ა.პ: არა, ამას ვერ დაგიდასტურებთ. ასეთი განწყობის ელემენტები თეთრი სახლის წარმომადგენლებისგან არ გახმოვანებულა იმ ღონისძიებაზე, რომელზეც შევიკრიბეთ, მაგრამ ზოგადად ვაშინგტონში წუხილია იმის გამო, რომ ოფიციალური თბილისი არ აქტიურობს სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში.
მინდა გითხრათ, რომ ანალოგიური ვითარებაა ნატოს და ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებშიც.
"მ.კ": როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების პასიურობით არის გამოწვეული რიგის სამიტზე მიღებული შედეგი?
ა.პ: მნიშვნელოვანწილად. საშინაო ფრონტზეც და საგარეოზეც არ ყოფილა დარჩენილი ისეთი საქმე, რომლის შესრულებაც რიგის სამიტამდე არ შეიძლებოდა. მეორე საკითხია, რომ უმაღლესი რანგის შეხვედრები რიგის სამიტზე კი არ უნდა ხდებოდეს ფოტოების გადაღებისთვის, არამედ მანამდე უნდა იყოს.
უნდა მიდიოდეს მუშაობა 24-საათიან რეჟიმში. დასავლელი ლიდერების კაბინეტების კარების ატალახებასაც არ უნდა მოერიდონ ხელისუფლების ლიდერები. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს. ამ მიმართულებით ლობირების ყველა შესაძლო ხერხი უნდა ჩართულიყო.
ბოლო კვირებში იყო ცალკეული მინისტრების ვიზიტები, რაც გაცილებით ადრე უნდა გამართულიყო ისეთ დედაქალაქებში როგორებიცაა ბერლინი, პარიზი, რომი, ათენი და ა.შ.
ჩვენ კიდევ ვთავაზობთ, რომ დავეხმაროთ ჩვენი გამოცდილებით. ჩვენის მხრივ ხელისუფლების საქმიანობას მონიტორინგს გავუწევთ იმისთვის, რომ 15 დეკემბერს, როდესაც ევროკომისიის დასკვნა უნდა მომზადდეს, კიდევ არ იყოს სათქმელი, რომ აი კიდევ 2-3 პუნქტიც და უკვე ბოლოსდაბოლოს ვიზალიბერალიზაციას მივიღებთო. თუკი ხელისუფლების ხელმძღვანელობა მობილიზებული და ერთიანი იქნება, მაშინ წარმატების რეალური შანსი არსებობს.
მუშაობის ამ ტემპით გაგრძელება არაფერ კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, ჩვენ ყველა ერთად მივესალმოთ ხელისუფლების ძალისხმევას, რომ ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნოს.