ლევან ქისტაური
ეკონომიკის დოქტორი, სრული პროფესორი
მაისის დასაწყისისათვის საქართველოს ეკონომიკაში შემდეგი სურათი გამოკვეთა: ერთი მხრივ, სახეზეა სავალუტო კრიზისი, 30%-იანი დევალვაცია და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუსო რყევები კიდევ გრძელდება; მეორე მხრივ კი, 2015 წლის ოთხი თვის შედეგებით, ეკონომიკის რეალური ზრდა 3.5%-ის ფარგლებშია (2015 წლის გეგმური მაჩვენებელი - 5%), ინფლაცია - 2.5%-ია (2015 წლის მიზნობრივი მაჩვენებელი - 5%), რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.
პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი შემცირებულია დაახლოებით 30%-ით, იმპორტის მოცულობა შემცირდა დაახლოებით 3%-ით (მთლიანობაში სავაჭრო ოპერაციებით ქვეყანას დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარი დააკლდა), ფულადი გზავნილებით უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინება ქვეყანაში შემცირებულია ასევე დაახლოებით 30%-ით (150 მლნ აშშ დოლარით). ჩვენი გათვლებით, სულ ქვეყნის ეკონომიკამ წლის დასაწყისიდან დაახლოებით 550-600 მლნ აშშ დოლარი ვერ მიიღო.
ისმის კითხვა - რა არის ექსპორტის შემცირების, ფულადი გზავნილებების და სხვა წყაროებიდან სავალუტო შემოდინებების კლების მიზეზი? გადავხედოთ თუ რა მდომარეობაა საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში: თურქეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და ევროკავშირში. ობიექტური რეალობაა, რომ ყველგან ადგილი აქვს ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვან დევალვაციას, ინფლაციის მკვეთრ ზრდას (ევროკავშირის გარდა), ეკონომიკის ზრდის შეფერხებას და შემცირებასაც კი (რეცესიას). შესაბამისად, ასეთი ქვეყნებიდან საქართველოში სავაჭრო და არასავაჭრო ოპერაციებით უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა, ვინაიდან: 1. შესაბამის ბაზარზე ქართული საქონელი ადგილობრივ ვალუტაში გაძვირდა; 2. აღნიშნულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად იკლო ეკონომიკურმა აქტივობამ, მოსახლეობის შემოსავლებმა, ხალხის მსყიდველუნარიანობამ და და შესაბამისად, შემცირდა ამ ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოში; 3. შესაბამისი ქვეყნის ვალუტაში გაძვირდა საქართველოში ინვესტიციების ღირებულება და ა.შ.
ასეთ ვითარებაში ლარის კურსის თავდაპირველ ნიშნულზე შენარჩუნება არათუ შეუძლებელი, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის უფრო კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვიდრე ლარის დევალვაცია.
სპეციალისტებმა შეიძლება ვიმსჯელოთ დევალვაციის მასშტაბებზე, რყევის ამპლიტუდაზე, ნეგატიური ზემოქმედების მინიმალიზაციაზე, მაგრამ არა მის დაუშვებლობაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2015 წელს ორჯერ - 11 თებერვალს და 6 მაისს - გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, მაგრამ აღნიშნული ზომები ლარის რყევაზე არ ასახულა. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილებები, ერთი მხრივ, დაგვიანებული, მეორე მხრივ კი, არასაკმარისი იყო. ვფიქრობთ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნულ ბანკს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა დაეწყო. დღესდღეობით ვხედავთ, რომ რეფინანსირების განაკვეთის 4%-დან ჯერ 4.5%-მდე, შემდეგ კი 5%-მდე ზრდამ შედეგი ვერ გამოიღო, ლარზე მოთხოვნა არ გაზრდილა და სავალუტო ბაზარზე წნეხი არ შემცირებულა.
ასეთ პირობებში არასწორია, როდესაც აქცენტი მხოლოდ სავალუტო ინტერვენციაზე კეთდება. ინტერვენცია არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი (მით უმეტეს არა მთავარი) ინსტრუმენტი, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია ამ მიმართულებით. არსებულ ვითარებაში აქტიური, თუნდაც პერმანენტული, ინტერვენციები ლარის კურსს ვერ დაასტაბილურებდა, შედეგს ვერ მოგვიტანდა და მხოლოდ სავალუტო რეზერვების "ფლანგვა" იქნებოდა. ინტერვენციას ეროვნულმა ბანკმა უნდა მიმართოს მხოლოდ სპეკულაციური, სპონტანური, აჟიოტაჟური მოთხოვნის მყისიერი ჩაქრობისა და სტერილიზაციისათვის. საშუალო და გრძელვადიანი ფულად-საკრედიტო მდგრადობის უზრუნველასყოფად კი მან უფრო თამამად უნდა გამოიყენოს რეფინანსირების განაკვეთი, ფასიანი ქაღალდების ოპერაციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და ა.შ.
ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობა და საფინანსო სისტემის მდგრადობაა. სებ-ი ხელმძღვანელობს წლიური ინფლაციის ე.წ. მიზნობრივი "თარგეთით". 2015 წლისათვის მიზნობრივი ინფლაცია 5%-ითაა განსაზღვრული. იანვარ-აპრილის შედეგებით წლიური ინფლაცია უკვე 2.5%-ს შეადგენს. მხედველობაშია მისაღები, რომ ლარის დევალვაციის გავლენა სამომხმარებლო ბაზარზე დაგვიანებით აისახება. ასევე წინაა ენერგომატარებლებზე ტარიფის ზრდის ინფლაციაზე ასახვა და ფასების ზრდის თვალსაზრისით ტრადიციულად "აქტიური" თვეები. შესაბამისად, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მიზნობრივი ინფლაცია წლის ბოლოს მიღწეული იქნება (თუ "გადაჭარბებული" არა). მეორე მხრივ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკონომიკის ზრდის საკმაოდ პოზიტიურ მონაცემებთან გვაქვს საქმე.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ეროვნულმა ბანკმა უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული მონეტარული ინსტრუმენტები: მონეტარული პოლიტიკის, რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს 1-1.5 პროცენტული პუნქტით, ასევე 1 პროცენტული პუნქტით გაზარდოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა კომერციული ბანკებისათვის, გაააქტიუროს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები ღია ბაზარზე, უზრუნველყოს ლიკვიდობის ამოღება ფინანსური ბაზრიდან და მისი მოქნილი მართვა.
საქართველოს ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევა დღეს სწორედ სავალუტო კრიზისია და ლარის სტაბილურობა მოკლევადიან პერსპექტივაში სწორედ მონეტარული მეთოდებით უნდა იქნას მიღწეული, მთავრობამ კი უნდა უზრუნველყოს ეკონომიკისათვის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მყარი საფუძვლის შექმნა.
პირველ რიგში, მთავრობამ უნდა გადახედოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. კერძოდ, მაქსიმალურად შეიკვეცოს სუბსიდიები, "არამწარმოებლური" ხარჯები (მაგალითად, რაც უნდა არაპოპულარული იყოს, ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში არ უნდა განახორციელოს მისი საყოველთაო სუბსიდირება), ყველა ღონეს მიმართოს, რათა სრულად განხორციელდეს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფნანსება და ათვისება, აქტიურად იზრუნოს ინვესტიციების მოზიდვაზე (ჩვენი პროგნოზით, 2015 წელს ქვეყნის ეკონომიკისათვის საჭიროა დაახლოებით 1.5 მლრდ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია), არსებულ არაორდინარულ სიტუაციაში ინვესტორებს შესთავაზოს "მზა" საინვესტიციო პროექტები, დააჩქაროს პრივატიზაცია (პირველ რიგში, ვგულისხმობთ უცხოელი ინვესტორების ჩართვას ამ პროცესში) და სხვა.
გარდა ამისა, მთავრობამ უნდა იფიქროს ეკონომიკის ცალკეული დარგების განვითარებაზე; ერთი მხრივ, ექსპორტზე ორიენტირებასა და მეორე მხრივ სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შესაძლო ზეგავლენაზე. მაგალითად, 2014 წელს ერთბაშად გაიზარდა ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი საქართველიდან. "საქსტატის" ინფორმაციით, ექსპორტირებულია 180 მლნ აშშ დოლარის ღვინო და 70 მლნ აშშ დოლარის სპირტიანი სასმელები. დსთ-ს ქვეყნების წილი ექსპორტში შეადგენს 51%. შესაბამისად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთო ექსპორტიდან მინიმუმ 128 მლნ აშშ დოლარი სწორედ დსთ-ს ქვეყნებზე, უმთავრესად კი რუსეთსა და უკრაინაზე მოდის (ჩვენი ვარაუდით, რეალურად არანაკლებ 75%-ისა, თუმცა აღნიშნულის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია). თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს (რუბლის და გრივნას დევალვაცია, ეკონომიკური ვარდნა, უმუშევრობის ზრდა, მოხმარების მკვეთრი შემცირება და ა.შ.) უნდა ვივარაუდოთ, რომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის კლების ტენდენცია დასახელებულ ქვეყნებთან მიმართებაში 2015 წელს დიდი ალბათობით გაგრძელდება; ამასთანავე, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიორებს გაუჭირდებათ აღნიშნულ ქვეყნებში უკვე გადატვირთულ პროდუქციაზე ამონაგების მიღება; რთული იქნება პროდუქციის გასაღების და ახალ ბაზრებზე ექსორტიორების მყისიერი გადაწყობა; ყურძნის მიმღებ პირველადი გადამუშავების ქარხნებს, შარშანდელი წარმატებული რთველის შემდეგ, სავსე აქვთ საცავები და შემოდგომამდე მათი რეალიზაციის გარეშე ვერ შეძლებენ წელს მნიშვნელოვანი რაოდენობის ყურძნის მიღებას; 2015 წელს რთველის პერიოდში მოსალოდნელია ყურძენზე ფასის კლება შარშანდელთან შედარებით, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს გლეხობას და ფერმერულ მეურნეობებს; არსებობს რისკი, რომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების კომპანიების ნაწილს შეექმნება პრობლემა საბანკო კრედიტებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში.
მსგავსი საკითხები ბევრია, რომელსაც დეტალური შესწავლა და მუშაობა სჭირდება.