თუ სახელმწიფოში, სადაც უკანონობა ზეობს, რაიმე არის ზედმიწევნით მოფიქრებული და სახელმწიფოს მიერ ცხოვრებაში სრულყოფილად გატარებული, ეს გახლავთ ადამიანის დამცირებისა და დათრგუნვის, მისი ღირსებისა და უფლებების ფეხქვეშ გათელვის მართლაც რომ სატანური სისტემა. სისტემა, რომელიც უსწრაფეს დროში მორალურად ანადგურებს და ფიზიკურად ასამარებს ადამიანს.
ონორე-გაბრიელ რიკკეტი,
გრაფი დე მირაბო
თამაზ აქუბარდია
საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი უდიდესი ტრიბუნის, ონორე დე მირაბოს ეს მართლაც რომ სულისშემძვრელი სიტყვები ორას წელიწადზე მეტს ითვლის და თუ დღევანდელი საფრანგეთი (და არა მხოლოდ საფრანგეთი, არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობა) ახლა ადამიანის უფლებების შელახვის ყველანაირ გამოვლინებას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, ეს ყოველთვის ასე არ იყო თვით საფრანგეთშიც.
ამ სენტენციაში ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ რიგ ქვეყნებში დღესაც არ არის ასე.
ონორე დე მირაბომ ეს ყველაფერი თავის თავზე გამოსცადა მის უსაშინლეს, უმძიმეს და დამამცირებელ ფორმებში. მარკიზი ონორე დე მირაბო, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი უწარჩინებულესი გვარის წარმომადგენელი იყო და ამავე დროს ფორმალურად ზღაპრული სიმდიდრის პატრონიც (ფორმალურად, რადგანაც იმდროინდელ საფრანგეთში სრულწლოვანი ადამიანი 25 წლის ასაკიდან ითვლებოდა), პრაქტიკულად ცხოვრების საუკეთესო წლებს ციხეებსა თუ გადასახლებებში ატარებს. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ სრულიად ახალგაზრდა ონორე იყო საყოველთაოდ ცნობილი საპყრობილე იფის პატიმარი. ეს ის საპყრობილეა, რომელსაც მოგვიანებით ალექსანდრე დიუმამ სახელი გაუთქვა თავისი უკვდავი რომანით "გრაფი მონტე-კრისტო".
ცხადია, ჩვენ არ შევუდგებით ყველა იმ გადასახლებისა და საპყრობილეების ჩამოთვლას და არც იმ მიზეზებს განვიხილავთ, რისთვისაც მირაბომ სასჯელი მოიხადა. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ლომის წილი ყველა იმ უბედურებისა, რაც ონორე დე მირაბოს თავს დაატყდა, საკუთარ მამას, დედას და მეუღლეს მიუძღვის.
ონორეს მამა, მარკიზი ვიქტორ დე მირაბო მე-18 საუკუნის ფრანგ განმანათლებელთა სახელოვანი კოჰორტის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი იყო. 60-იან წლებში მან გამოაქვეყნა მთელი რიგი ნაშრომებისა, რომლითაც სამართლიანად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ფიზიოკრატების ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთმა წინამძღოლმა და თეორეტიკოსმა ისეთი საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერების გვერდით, როგორებიც იყვნენ კენე და მერსიე დე ლა რინერი.
მკითხველის ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ონორე დე მირაბოს უკანასკნელი პატიმრობის პერიოდზე, რომელიც, ერთი მხრივ, თავისი რომანტიკული სიყვარულის ისტორიით შექსპირის უბრწყინვალესი ტრაგედიების გვერდით შეიძლება დავაყენოთ, ხოლო მეორე მხრივ, ის იდეები და შეხედულებები, რაც მან ამ პერიოდში ჩამოაყალიბა და გამოაქვეყნა და რომელიც ძირითადად დესპოტიზმისა და ტირანიის წინააღმდეგ იყო მიმართული, მას საფრანგეთის უდიდესი განმანათლებლების რიგში აყენებს.
მირაბოს სიყვარულის ისტორიას ჩვენ როგორც ფაბულას გამოვიყენებთ იმის დასანახავად, თუ რა ადვილი იყო მაშინ (?) ადამიანის უფლებების შელახვა, მისი გამოვლინების ყველაზე უსაზიზღრეს ფორმებში, მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანი საფრანგეთის უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელი იყო.
1775 წელს, ერთ-ერთი მორიგი გადასახლებისას, საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე, პატარა ქალაქ მონტარლიეში, ონორე დე მირაბომ გაიცნო ვინმე სოფო დე მონიე, მშვენიერი ბანოვანი, რომელიც მაშინ სულ რაღაც 22 წლისა იყო და 70 წელს გადაცილებული მარკიზის მეუღლე გახლდათ.
მათი ურთიერთობა იმით დამთავრდა, რითაც უნდა დამთავრებულიყო და როგორც ალბათ მილიონობით ასეთივე ისტორია დამთავრებულა მანამდე და მომავალშიც ასევე დამთავრდება - მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.
თუმცა ეს არ იყო სიყვარული ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. ეს იყო დიდი სიყვარული, ისეთი, რომელიც "აღგვამაღლებს", ისეთი, რომელსაც ამ ისტორიიდან ერთი საუკუნის შემდეგ დიდი ფრანგი პოეტი, რომანტიკოსი, ისტორიკოსი და ბოლოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ალფონს დე ლამარტინი, იმდროინდელი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ორატორი, თავის ცნობილ ნაწარმოებში "ჟირონდისტების ისტორია", შესაფერის პატივს მიაგებს და ამ ისტორიას მარადიული სიყვარულის უშესანიშნავეს მაგალითს უწოდებს.
ონორე დე მირაბოსა და სოფო დე მონიეს ეს სრულიად განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია, მისი სრულიად დაუჯერებელი თავგადასავლებით, მოვლენათა წარმოუდგენელი, კალეიდოსკოპური სისწრაფის მონაცვლეობით, კოლიზიათა დრამატიზმით და ბოლოს, იმ დროისათვის ბევრისათვის დაუჯერებელი სიყვარულის, როგორც ასეთის, არსებობის შეუძლებლობით, იმდენად გამაოგნებელი იყო მთელი იმდროინდელი საფრანგეთისათვის (მითუმეტეს, რომ ამ სიყვარულის გმირები რეალურად არსებული გმირები იყვნენ), რომ მან სრულიად დაჩრდილა იმ დროისათვის წარმოუდგენლად პოპულარული "კავალიერ დე გრიესა და მანონ ლესკოს" "სევდიანი რომანი", რომელიც აბატ პრევოს კალამს ეკუთვნოდა.
ჩვენი გმირების სიყვარულის ფაქტს იმდროინდელი საფრანგეთის მაღალი საზოგადოება მეტ-ნაკლებად ეგუებოდა მანამ, სანამ ეს სიყვარული არ გასცდა მაშინ მიღებულ ნორმებს, ნორმებს, რომელიც "არ კრძალავდა" და გარკვეულ ფარგლებში "თვალს ხუჭავდა" ცოლ-ქმრული ერთგულების დარღვევის ამა თუ იმ ფაქტზე. მაგრამ საკმარისი იყო, ასეთი ქმედება ამ ნორმებს გასცდენოდა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ამ ნორმების დამრღვევთა მიმართ ულმობელი გამხდარიყო.
ჩვენმა გმირებმა სწორედ ამ ნორმებს გადააბიჯეს - მათ მოინდომეს ერთად ყოფნა, ერთ ჭერქვეშ სამუდამოდ ცხოვრება. ამას კი იმდროინდელი მორალი ვერაფრით ვერ დაუშვებდა. შეყვარებულები დილემის წინაშე იდგნენ. მათ მთელი არსებით სურდათ ერთად ცხოვრება, მაგრამ ამას ხელს უშლიდა იმდროინდელი საფრანგეთის არა მხოლოდ "მორალური კოდექსი", რომ სოფო დე მონიეს ჰყავდა ქმარი, ხოლო ონორე დე მირაბო ცოლიანი იყო და, ამდენად, იგი ვერსად ვერ წარადგენდა სოფოს, როგორც თავის მეუღლეს, არამედ ისიც, რომ იმდროინდელი კანონებით, ქმრიანი ქალის გატაცება კვალიფიცირდებოდა, როგორც სახელმწიფო დანაშაული.
მიუხედავად ამისა, ისინი დგამენ მათთვის საბედისწერო ნაბიჯს - იპარებიან და სახლდებიან თავდაპირველად შვეიცარიაში და შემდეგ ჰოლანდიაში.
შედეგმაც არ დააყოვნა. დევნილები სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა. ონორე დე მირაბოს გამოუტანეს განაჩენი, სიკვდილით დასჯა თავის მოკვეთით, ხოლო სოფო დე მონიეს - თავგადაპარსულს მთელი სიცოცხლე უნდა გაეტარებინა უზნეო ქალთა თავშესაფარში.
პოლიციამ მათზე ძებნა გამოაცხადა და მალე მიაგნეს კიდეც მათ ადგილსამყოფელს ჰოლანდიაში. სოფო დე მონიე დაიჭირეს, რაც შეეხება ონორე დე მირაბოს, იგი იმ მომენტში სახლში არ აღმოჩნდა.
აქ დგება მთელი ამ ისტორიის კულმინაციური მომენტი. ონორე დე მირაბო, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, ხელისუფლებას ნებაყოფლობით ბარდება.
ბატონებო, რით არის ეს ისტორია შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაზე ნაკლები? ამის შემდეგ იწყება ამ ისტორიის ყველაზე საშინელი ნაწილი. მირაბოს მამამ პირველად "გაანძრია" ხელი შვილის გადასარჩენად და მას სიკვდილით დასჯა შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით.
თუმცა, როგორც ისტორიის ანალებიდან ირკვევა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ისტორიის წინაშე მას არ დაბრალებოდა შვილის სიკვდილით დასჯაში თანამონაწილეობა. რაც შეეხება სოფო დე მონიეს, იგი არ მოათავსეს თავიდანვე უზნეო ქალთა თავშესაფარში, რადგანაც ფეხმძიმედ იყო. მას გოგონა შეეძინა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ წაართვეს და სადღაც წაიყვანეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ბავშვმა სულ რამდენიმე თვე იცოცხლა. ამის შემდეგ სოფოს მდგომარეობა იმდენად აუტანელი გახდა, რომ მან რამდენიმე წლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.
თუმცა, მანამდე მათ შორის იყო ოთხწლიანი მიმოწერა, რომელიც ადამიანური გრძნობების გამოხატვის აპოთეოზად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება ონორე დე მირაბოს, იგი ვენსენის საპყრობილეში მოათავსეს.
ქვის კედლები. ქვის იატაკი და ჭერი. სინათლის ვიწრო სვეტი, რომელიც ძლივს ატანდა საპყრობილეს ჭუჭრუტანაში, სარკმელი რომ ერქვა და რომელიც გასაოცრი სისწრაფით იკარგებოდა... და ისადგურებდა სიბნელე, მომნუსხველი და დაუსრულებელი. საკანი - სიგრძით ექვსიოდ ნაბიჯი. და ეს დაუსრულებელი ექვსი ნაბიჯი წინ და ექვსი ნაბიჯი უკან; დღისით თუ ღამით. და ასე დაუსრულებლად, ჭკუიდან სრულ გადასვლამდე. დღეები დღეებს მისდევდა, კვირა - კვირას, თვეები - თვეებს და წლები - წლებს. და ასე როდემდე? ალბათ სიკვდილამდე. და სწორედ ამ პერიოდში, და ასეთ პირობებში, მან შექმნა თავისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი "საიდუმლო ბრძანებებისა და სახელმწიფო ციხეების შესახებ".
ნაშრომში ავტორი მთელი სიცხადით, ერთი შეხედვით ძალზე მშრალი, თითქოსდა სტენოგრაფიული ფორმით, აღწერს ციხეებში გამეფებულ ზღვარგადასულ უკანონობას, პატიმართა უუფლებობას, ძალადობას და საერთოდ, ადამიანის ღირსების დამთრგუნველი სისტემის მთელ სისასტიკეს. მირაბოს აზრით, იმდროინდელი სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციონირების საფუძველს სწორედ ასეთი სატანური სისტემა წარმოადგენდა.
სწორედ მაშინ იტყვის იგი თავის ცნობილ სიტყვებს, რომელიც ამ წერილს ეპიგრაფად წავუმძღვარეთ. არსებული ტირანული რეჟიმისა და ქვეყნად გამეფებული სრული განუკითხაობის აპოთეოზად შეიძლება ჩაითვალოს იმ დროისათვის ხელისუფალის უფლება ე.წ. დუეეკუ ვუ სფსრუე, ანუ "საიდუმლო ბრძანების" უფლება, რომლის ძალითაც ადამიანს ისე დაიჭერდნენ და ისე გაატარებინებდნენ მთელ ცხოვრებას ციხეში, რომ არასოდეს არ წაუყენებდნენ ბრალდებას.
ალბათ ძნელია იმაზე მსჯელობა, თუ რომელი უფრო დიდი საშინელებაა, როცა არ იცი დაპატიმრების მიზეზი, თუ როცა ბრალდებები შეთითხნილია, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინდელ საფრანგეთში მეფეს შეეძლო ასეთი ბარბაროსული მეთოდებით ემართა ქვეყანა.
ამის შემდეგ ავტორი აკეთებს იმ დროისათვის სრულიად გამაოგნებელ დასკვნას: "ადამიანს იმისათვის, რომ დაამსხვრიოს მისი ნების წინააღმდეგ ტირანიის მიერ თავსმოხვეული ბორკილი, უფლება აქვს, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, თვით ხელისუფლების ძალით დამხობის ჩათვლით".
ასეთი გაბედული აზრის გამითქმა იმ დროისათვის გაუგონარი სიმამაცე იყო. სწორედ ამიტომ ალბათ მირაბოს ამ ნაშრომმაც გარკვეული პოზიტიური როლი ითამაშა საფრანგეთის დიდი რევოლუციისათვის ნიადაგის მომზადების საქმეში.
ჩვენი მხრივ გვინდა დავამატოთ, რომ მას შემდეგ 200 წელზე მეტი გავიდა და დღესაც არსებობენ ქვეყნები, სადაც ცოლის მიერ ქმრის ღალატი სიკვდილით ისჯება. ყველაზე დამაფიქრებელი ის არის, რომ ასეთი ქვეყნების მოსაძებნად შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო.