პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობიდან" 4 წევრის წასვლის შესაძლო მიზეზებზე საუბრობს. მისი აზრით, შეიძლება, საქმე გვქონდეს პროდასავლური კოალიციის ჩამოყალიბების სამზადისთან, რომელიც მომავალ პარლამენტში უნდა შეიკრას.
ხათუნა ლაგაზიძე: მე ვფიქრობ, რომ აქ ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს. ერთი არის ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობდა დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა სააკაშვილის როლთან დაკავშირებით, სადაც პარტიას უნდა გაეკეთებინა არჩევანი, პოლიტიკური მოღვაწეობა გაეგრძელებინათ სააკაშვილთან ერთად თუ მის გარეშე.
რაც შეეხება მეორე ვერსიას, ვფიქრობ, რომ მიმდინარეობს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლური ცენტრის შესაქმნელად.
ამ მხრივ გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პროდასავლური კოალიციის წევრი ვერ გახდება, მიუხედავად თავისი მკვეთრი პროდასავლური პოზიციისა, გამომდინარე იქიდან, რომ არც ალასანიასა და არც "რესპუბლიკელებს მასთან კოალიციის სურვილი არ და ვერ ექნებათ, რადგანაც ეს პარტია ჯერ კიდევ არის ის დამღა, რომელიც ნებისმიერ პარტიას დაანგრევს.
ამიტომაც შეიძლება მიდის მზადება იმისათვის, რომ მივიღოთ ახალი პროდასავლური ძალა, რომელიც ეცდება შექმნას ისტორია "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე და შესაბამისად გაუადვილოს მოსალოდნელ პარტნიორებს მათთან ურთიერთობა.
შეიძლება საქმე ზუსტად ამასთან გვაქვს, რომ იქმნება ახალი ძალა, რომელთანაც პროდასავლური ძალები უფრო თამამად ითანამშრომლებენ.
თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანები ცალკეულ პირებად დარჩნენ და პოლიტიკური აქტივობა არც გააგრძელონ.
"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ისინი შეძლებენ სერიოზული რესურსის მოპოვებას?
ხ.ლ: პრობლემა სწორედაც რომ რესურსის მოპოვებასთან არის დაკავშირებული. აქ საუბარია ფინანსური რესურსისა და ამომრჩევლის მოპოვებაზე. ამის გარეშეც ისინი ვერაფერს შეძლებენ. პროდასავლური ძალების დაქსაქსვა თავად ამომრჩეველსაც დაანაწევრებს, რამაც შეიძლება ყველა პროდასავლური ძალა თანაბრად დააზარალოს.
"რ": მოახერხებნ ისინი ფრაქციის შექმნას. როგორც ვიცით, მათ ამისთვის 2 დეპუტატი კიდევ სჭირდებათ. კიდევ ვინ შეიძლება მათ შეუერთდეს?
ხ.ლ: არ ვიცი, ვინ შეუერთდება. თუმცა თუკი ფრაქცია შეიქმნება, თავის მხრივ ძალიან საინტერესო იქნება. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები უფრო ზუსტად გვაჩვენებს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. თუ ფრაქცია შედგა და ეს იქნება კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის გამტარებელი, ასეთ შემთხვევაში უამრავი ვერსიის წამოყენება შეიძლება.
მაშინ გვექნება საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის სპეციალურად გადადგმული ნაბიჯი, როცა ეს ძალა, ერთი მხრივ, მოინანიებს ამ პარტიის ცოდვებს და, მეორე მხრივ, ბექგრაუნდად "ნაციონალური მოძრაობის" მიღწევები ექნება. ეს იქნება არჩევნებისთვის შექმნილი დამოუკიდებელი ისტორია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ გამარჯვება ესაჭიროება, ოღონდ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად.
"რ": შეიძლება, რომ უკვე არსებულ პროდასავლურ ძალასთან გაერთიანდნენ?
ხ.ლ: სრულიად გამოვრიცხავ იარაკლი ალასანიასთან ან "რესპუბლიკელებთან" გაერთიანებას. იდეოლოგიურად, რა თქმა უნდა, ეს ხალხი ერთმანთთან თანხვედრაშია, თუმცა არჩევნებამდე ალასანიას პარტიაში ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შესვლას, სრულიად გამოვრიცხავ, რადგანაც ალასანიას რეიტინგი საკმაოდ მაღალია, ამ დეპუტატების მასთან გაერთიანება კი ამ რეიტინგს დაანგრევს.
"რ": მიიღებენ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას?
ხ.ლ: ვერ გეტყვით, ვფიქრობ, მათთვის ბარიერის გადალახვა ძალიან რთული იქნება. არ არის გამორიცხული, რომ რაიმე სახელისუფლებო თამაშში იყვნენ ჩართულნი. თუმცა ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესები ხელისუფლების წისქვილზე წყალს ნამდვილად დაასხავს.
ხელისუფლებისგან არის თუ არა ეს პროცესები ინსცენირებული, ჯერ-ჯერობით ამისი თქმა ასე დაბეჯითებით არ შემიძლია. მისთვის პარლამენტში პატარა და უსუსური ჯგუფების მართვა ძალიან ადვილი იქნება. ამიტომაც ის ახლა მოგებულია.