ნუგზარ წიკლაური: "ნაციონალური მოძრაობა" დეპუტატებს პოლიტიკური მიზეზით არ დაუტოვებიათ"
თეა ბეჟიტაშვილი
28.05.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მარცხზე პასუხისმგებლობის არ აღება და პოლიტიკური განახლების სურვილის არქონა - ეს ის მიზეზებია, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის ოთხეული პარტიის დატოვების მოტივად ასახელებს.

გუშინ ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიიდან წასვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამბობს, რომ პარტიიდან მათი წასვლის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა მათგან დამოუკიდებლად მოხდა და პარტიის წევრებმა მათი გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდნენ.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩააბარა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა: 1. მშვიდობით გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და 2. არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა. პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად.

"გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა, სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა," - ნათქვამია განცხადებაში.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ოთხეული ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნასა და ახალი სახეების მოზიდვას აპირებს; ისინი ოპიზიციაში რჩებიან და არ აპირებენ ტონის შერბილებას იმ საქმიანობის მიმართ, რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს.

"ეს არის ბრძოლა ოლიგარქის ხელისუფლების წინააღმდეგ, ბრძოლა იმ შესუსტებული სახელმწიფოს აღსადგენად, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვქმნით ახალ პოლიტიკურ ცენტრს," - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პავლე კუბლაშვილმა.

განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გასაკვირი იყო, რომ პარტია აქამდე არ დაიშალა და ისინი ბოლო მომენტამდე თავის წარმოჩენას ერთ გუნდად ცდილობდნენ, თუმცა პრემიერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება".

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ 4 ადამიანს "ბევრი გაჰყვება, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით". პარტიის დაშლას არ გამორიცხავს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი: "შეიძლება ყველაფერი მოხდეს და "ნაციონალური მოძრაობა" მთლიანად დაიშალოს, რადგან არ იყო ზვიად გამსახურდია, არ იყო მისი პარტია, არ იყო ასლან აბაშიძე, არ იყო მისი პარტია. არ არის მიშა, ცოტა ხანი არის მისი პარტია, მაგრამ როგორც სხვებს, მათაც აქვთ პრობლემა. განახლება რომ სჭირდებათ, ალბათ თვითონ უკეთ იციან," - განცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"რეზონანსთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება იყო გააზრებული, რომელზეც გარკვეული მსჯელობა პარტიის წევრებთან და ლიდერთან გაიმართა: "ამ ეტაპზე დეტალებს არ ვასაჯაროებთ, მაგრამ ეს არ ყოფილა დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, არ გვინდა დრო ჩვენი ყოფილი პარტიის წარმომადგენლებთან კამათზე დავკარგოთ.

"რაც შეეხება კონკრეტულ მიზნებს, ამაზე განცხადებას ის გუნდი გააკეთებს, რომელიც ახალი პოლიტიკური ცენტრის შემქნელი იქნება. ახალი გუნდის შესახებ, რომლის წევრები ოთხივე დეპუტატი ვიქნებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლას არ ვაპირებთ.

"ვაპირებთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებას, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნისაც, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას შეექმნას მყარი მმართველობა და მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ისეთი პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც შეიქმნება," - ამბობს გოგა ხაჩიძე.

"არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი გავრცელებულ განცხადებას სერიოზულად არ მიიჩნევს," - ასე აფასებს ყოფილი გუნდელების პარტიიდან დატოვების მიზეზებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური.

დეპუტატის თქმით, ყოფილი თანაგუნდელების პარტიიდან წასვლის მიზეზი პოლიტიკური არ ყოფილა: "სანამ მათი წასვლის შესახებ ყველა გაიგებდა, ჩვენთვის მანამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი. მათ ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ პარტიაში ამის შესახებ ესაუბრათ, მაგრამ ამ თემებზე საუბარი არასდროს ყოფილა. ეს არის მათ მიერ განხორციელებული მძიმე, პარტიზანული ქმედებები, რომელსაც ჩვენ უპასუხისმგებლოს ვუწოდებთ.

"ზურაბ ჯაფარიძე არის ადამიანი, რომელიც სამი წლის წინ საქართველოში პოლიტიკური პროცესის ნაწილი საერთოდ არ იყო. ეს ადამიანი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, შემდეგ პარლამენტის წევრი და მხოლოდ ამის შემდეგ ავირჩიეთ პარტიის აღმასრულებელ მდივნად. ნუთუ ნონსენსი არ არის, ეს ადამიანი ლაპარაკობდეს იმაზე, რომ ვიღაცას "ნაციონალურ მოძრაობაში" კარიერული წინსვლა არ შეუძლია.

"ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ განახლების პროცესს ხელი ეშლებოდა, თან იმ პირობებში, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე თვითონ იყო აღმასრულებელი მდივანი, არაკეთილსინდისიერი განაცხადია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზეზები არ აქვს. არსებობს მიზეზი, რომელიც ხელისუფლების და პირადად ივანიშვილის ინტერესებს მოემსახურა და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გახდა საფუძველი ჩვენი მეგობრების უპასუხისმგებლო, ინფანტილური და არაკეთილსინდისიერი ნაბიჯების," - ამბობს ნუგზარ წიკლაური.

მისივე თქმით, გავრცელებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება დაიშალოს და პარტია სხვა წევრებმაც დატოვონ, სიმართლეს არ შეესაბამება: "გუშინ ქუთაისის ოფისში დასავლეთ საქართველოს პარტიული ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ამის გარდა, მე და დავით ბაქრაძეს თბილისში აღმოსავლეთ საქართველოს პარტიული ორგანიზაციების ლიდერებთანაც გვქონდა შეხვედრა.

"მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" მომხდართან დაკავშირებით ყველა პარტიული ორგანიზაციის აზრი არის უარყოფითი და მთლიანად ეთანხმება იმ შეფასებებს, რომელიც "ნაცმოძრაობის" ლიდერების მხრიდან საზოგადოებამ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მოისმინა," - ამბობს ნუგზარ წიკლაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×