ეკატერინე ბასილაია
29.05.2015

 აფხაზები სოხუმში აფხაზური ახალგაზრდა ოჯახებისათვის ქართველების მიერ დატოვებილი ბინების გადაცემას ითხოვენ. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ქართველი მოსახლეობისგან დაცლილ სოხუმის ახალ რაიონში უპატრონოდ დარჩენილ საცხოვრებელ კორპუსებს ვიდეო გადაუღეს და ერთ-ერთ ვებ-გვერდზე განათავსეს იმ მოტივით, რომ თუ მათი ხელისუფლების კეთილი ნება იქნება, სასურველია, ეს ბინები იმ ახალგაზრდა აფხაზურ ოჯახებს გადაეცეთ, ვისაც სოხუმში საცხოვრებელი ფართის მიღება სურთ და ამით უბინაო ოჯახების პრობლემა მოგვარდება.

მართალია, ომის შემდეგ აფხაზებმა ქართველების ბინები დაიტაცეს, როგორც საომარი ნადავლი, ზოგმა სამი, ხუთი და ზოგმა ათი საცხოვრებელი სახლიც კი მიისაკუთრა, ამიტომაც ყველა დიდი და მოწყობილი ბინა უკვე გადანაწილებულია, მაგრამ ეს დატაცება მაინც უფრო სოხუმის ცენტრალურ უბნებში მოხდა, სოხუმის გარეუბნის ბინების მიმართ კი ინტერესი არ იყო.

ასეთ გარეუბანს წარმოადგენს სოხუმის ახალი რაიონი, სადაც ბევრი კორპუსია, თითქმის ყველა ცარიელი. ავეჯისაგან გაძარცვული, კარ-ფანჯრებჩამოხსნილი და იატაკ აყრილია დატოვებული და მათ მესაკუთრე არ ჰყავს. როგორც ჩანს, აფხაზებმა ამჯერად ამ რაიონის ათვისების სურვილიც გამოთქვეს.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრ, "ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელ ლევან კიკნაძეს უკვირს, რატომ დაიწყეს ამ ინიციატივის გახმოვანება, რადგან სოხუმში აფხაზებს ყველა ნორმალური, გაუპარტახებელი ბინა უკვე დასაკუთრებული აქვთ, დარჩენილია ძალიან ბევრი უპატრონო ბინაც, ოღონდ უკვე გაძარცვულ-მინგრეული და აფხაზებისათვის მათი გადაცემა პრობლემა არასდროს ყოფილა.

ლევან კიკნაძე: "სოხუმში ახალი რაიონი თავის დროზე გარეუბანი იყო, დიდი განაშენიანება მოხდა და როგორც საძილე რაიონი, ისე იყო. ომამდე, ბოლო წლებში სოხუმის მოსახლეობის ნახევარი ახალ რაიონში ცხოვრობდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველი იყო. როდესაც შეიარაღებული კონფლიქტი დამთავრდა და ჩვენ გამოგვდევნეს, ახალი რაიონი თითქმის დაიცალა.

ქართველების ყველა ბინა ჯერ კიდევ მათი პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას დროს ქალაქის კომუნალურ ფონდს გადაეცა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს ბინები ვერ შეავსეს, ბევრი დაცლილი, ფანჯრებ და კარებმორღვეული და გაპარტახებული დარჩა.

დღესაც ახალ რაიონში ბინების უმრავლესობა გაპარტახებულია, თან იმდენად, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. იმის შემდეგ პირველ წლებში შუქი და გათბობა არ იყო, ამიტომაც ყრიდნენ პარკეტს, ხსნიდნენ კარებს, ფანჯრებს და გასათბობად წვავდნენ.

დე ფაქტო ხელისუფლება ბინებს ისედაც აძლევდა აფხაზებს, არასდროს ყოფილა მათი განაწილების პრობლემა და რატომ უნდა მოითხოვონ, არ მესმის. ან რაში უნდა სჭირდებოდეთ საცხოვრებლად უვარგისი ბინები, როდესაც ყველა აფხაზს ბინები უკვე დასაკუთრებული აქვს?!"

კიკნაძის ვარაუდით, შეიძლება იმ გაუპარტახებელ ბინებს და კერძო სახლებს ითხოვენ, რომლებიც აფხაზებს დასაკუთრებული აქვთ, მაგრამ გამოკეტილია.

"მოვლილი და ნორმალური ბინა სოხუმში ვიღაცას უკვე ეკუთვნის. მათი კანონებითაც კი არა, ისე თვითნებურად. აფხაზებმა მთელი ფონდი "სახელმწიფოს" კუთვნილებად გამოაცხადეს, ამ "სახელმწიფოს საკუთრებაშია" ის ბინები, რომლებიც აფხაზმა "ბოევიკებმა" დაისაკუთრეს, დე ფაქტო ხელისუფლება მათ ამ ბინებს ვერ ართმევს, მაგრამ არც უკანონებს.

"აფხაზმა "ბოევიკებმა", ძირითადად გუდაუთელებმა, სოხუმში 10-10 ბინა და სახლი მიისაკუთრეს, რომელშიც ვერავინ ვერ შედიოდა. გულრიფშის რაიონში ჩემი აგარაკიც აფხაზმა მიისაკუთრა და გამოკეტა. უკვე რამდენი წელი გავიდა, მაგრამ მისი შიშით იქ ვერავინ შედის. იქ არავინ ცხოვრობს, არც დანგრეულია.

"ბინების ასე დასაკუთრება იმ მოტივით მოხდა, რომ შემდეგ გაეყიდათ, მაგრამ წართმეულ, უსაბუთო ბინებს იქ ასე ადვილად არ ყიდულობენ. თუ უფასოდ ვინმეს მისცემ, იცხოვრებს, მაგრამ ფულის გადახდა არ უნდათ. ფულს ისეთ ბინებში იხდიან, რომელსაც საბუთები წესრიგში აქვს. მაინც აქვთ იმის შიში, რომ ბინას პატრონი ჰყავს.

"არის შემთხვევები, როდესაც გაჭირვებულმა ქართველებმა აფხაზებზე გაყიდეს საბუთები. ვფიქრობ, ალბათ საკითხი ეხება მოწყობილ, დაუნგრეველ, გაუპარტახებელ ბინებს, რომელიც აფხაზებს აქვთ დასაკუთრებული და გამოკეტილი და არავის არ აძლევენ.

"არიან აფხაზები, ახალგაზრდები, რომლებსაც ბინა არ აქვთ, იქვე კი მეორეს 5 ბინა აქვს. ბოდიში და ზოგიერთს ფეხებზე კიდია, "ბოევიკმა" ეს ბინა როგორ მიისაკუთრა და ალბათ ახლა ამ ბინების გადანაწილებაზე მიდის საუბარი. ზუსტად არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ უფრო მგონია, რომ ასეთ გაუპარტახებელ ბინებზეა საუბარი. რადგანაც ეს ბინები ჩვენ მათივე კანონებით ჩამორთმეული გვაქვს", - დასძენს კიკნაძე.

პარტია "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ სოხუმში ცარიელი ბინები, ისეთი, რომელიც საცხოვრებლად გამოდგება, დარჩენილი არ არის. შეიძლება "ახალი პატრონი" სახლს ვერ უვლიდეს, მაგრამ მას მფლობელის სახელი და გვარი მაინც აწერია, აწერია, რომ ეს არის ამა და ამ პიროვნების საომარი ნაალაფარი, რითაც მინიშნებულია, რომ იქ სხვას დასახლების ნებართვა არ უნდა მიეცეს.

მისი თქმით, თავიდან ნადავლ სახლებზე დე ფაქტო ხელისუფლება საბუთებსაც გასცემდა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ეს იყო "ნაალაფარი სახლი", მათ ყიდდნენ კიდეც, თუმცა შემდეგ გააჩერეს, რადგან ასეთ საბუთიან სახლებს რუსები აღარ ყიდულობდნენ.

აფხაზების ნაწილმა კი სხვა ხერხს მიმართა, ქართველებს უკავშირდებოდნენ, რომ საკუთრების დამადასტურებელი საბუთები კანონიერი მფლობელი ქართველებისაგან ეყიდათ და ზოგმა საბუთები გაყიდა კიდეც.

პაატა დავითაია: "ძირითადად უსაბუთოდ ყიდვა არავის უნდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ყიდულობენ, მაგრამ ეს მასობრივად არ ხდება. ხდება ის, რომ სახლის მეპატრონეებს ეძებენ, ქართველებს უკავშირდებინ, ეუბნებიან, თუ საბუთი გაქვს, თქვენთვის მაინც დაკარგულია და ეგ საბუთი 10 ათას დოლარად მომყიდეო. შეიძლება სახლი 100-150 ათასი დოლარი ღირდეს და შემდეგ ასე მაღალ ფასში გაყიდონ კიდეც, მაგრამ ქართველებს მიზერულ თანხას სთავაზობენ. ნოტარიულად მინდობილობას აფორმებენ.

"ასეთებიც ხდება და რაღაც ნაწილმა გაყიდა კიდეც ასე იაფად საკუთარი სახლი. ზოგი არ ყიდის. სოხუმში საბუთიანი ბინა ძვირი ღირს. შეგიძლიათ აფხაზური ბინების საიტებზე შეხვიდეთ და გადაამოწმოთ, რა მაღალი ფასებია. ერთი უცხოელი დამიკავშირდა და შემომთავაზა, პაატა, შენი სახლი რომ არ დაიკარგოს, მე ჩავალ და ვიყიდიო, მაგრამ უარი ვუთხარი".

დავითაიას თქმითვე, გამორიცხულია, სახლების გადანაწილება ე.წ. ნაალაფარ სახლებს ეხებოდეს.

"მეომრების მიერ მიტაცებულ "ნაალაფარ სახლებს" დე ფაქტო ხელისუფლება ვერ ჩამოართმევს და სხვას ვერანაირად ვერ გადაუფორმებს, იმიტომ, რომ ის მეომარი მივა და ტყვიას შუბლში დაახლის. ამ ძველ ნაომარ ხალხს კი ასეთი ნაალაფარი სახლი შეიძლება 5 ან 10 ჰქონდეს, ვერ უვლიდეს, მაგრამ სხვას მაინც არ დაუთმობს. ბევრი სახლი დაინგრა ასე.

"ასე მოთხოვნადია სოხუმი და გაგრა. გარეუბნები და სოფლები მთლიანად გაპარტახებული და დაცლილია. მაგალითად, გულრიფშის რაიონში, სადაც 60 ათასი ქართველი ცხოვრობდა, დღეს 5 ათასი კაცი თუ ცხოვრობს, სახლები კი ცარიელია და გაპარტახებული. თუმცა იქ მოთხოვნა არ არის და აფხაზებს იქ დასახლება არ სურთ.

"რუსებს რაც შეეხებათ, ისინი ძირითადად სამხედრო ბაზებში ცხოვრობენ, იქ არის ბინები, სკოლები, სახლები, ბაღები, ეკლესიები. ყველაფერი იქ ააშენეს. ბევრ რუსს უნდოდა ბაზების გარეთ სახლების ყიდვა, მაგრამ აფხაზებმა არ გაუფორმეს. ძველებიც კი გამოყარეს სახლებიდან. ერთადერთი რუსებს გალში დასახლების ნებართვას აძლევენ, ქართველების გამო", - აცხადებს დავითაია.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ამბობს, რომ ჯერ კიდევ დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დროს ამოქმედდა ძველი კომუნისტური კანონი, თუკი 15 წლის განმავლობაში სახლს პატრონი არ გამოუჩნდებოდა, ის მუნიციპალური საკუთრება ხდებოდა და მერე მას მუნიციპალიტეტი როგორც უნდოდა, ისე გაანაწილებდა.

მისი თქმით, ბინების ხელახლა გადანაწილების ინიციატივაზე ხმამაღალი საუბარი პრაქტიკულად არის იმის ღიად თქმა, რომ ქართველებო, ვერ დაბრუნდებით.

"სოხუმის ახალი რაიონი გარეუბანია, ისეთი, როგორიც ვარკეთილი და გლდანია თბილისისთვის და აფხაზებს იქ ბინები მაინცდამაინც არ უნდოდათ. ამიტომაც მათ ცენტრში არსებული ბინები დაიპყრეს. ჯერ კარგი ბინა დასაკუთრებული აქვთ, ზოგს 5 და 10 ბინაც კი აქვს მითვისებული და დაკეტილი. ეტყობა, ახლა კიდევ გაფართოება მოინდომეს და გარეუბნის ბინების გადანაწილებაზე გადავიდნენ.

"ახლა რუსები ღიან არიან აფხაზეთში, მუშტარი გამოჩნდა და გაყიდვა-გამოყიდვა იწყება. ალბათ ამიტომაც აფხაზებმა ისევ მოისურვეს მეტი ბინის დასაკუთრება და გარეუბანზე მოთხოვნა გაჩნდა. აფხაზებს სურთ, მეტი ბინა დაისაკუთრონ, რომ მერე ალბათ რუსებზე გაყიდონ", - აცხადებს გია გვაზავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×