დედაქალაქსა და მის შემოგარენში ხეები მასიურად ხმება - სპეციალისტების აზრით, თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა აღმაშენებლის ხეივანში, ვაშლიჯვრის, ნუცუბიძის ფერდობებზე, კუს ტბის, ლისის ტბის მიდამოებში, ვაკე-საბურთალოს ახალ გზებზე და მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზეა.
ეკოლოგთა თქმით, ვითარება საგანგაშოა და თუ დროულად არ მოევლება საქმეს, დედაქალაქი ხრიოკი ფერდობების ამარა დარჩება. ისინი თვლიან, რომ საფუძვლიანი კვლევის გარეშე ხმობის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. შეიძლება ამის მიზეზი კონკრეტული დაავადება, მავნებელი, კლიმატური პირობები, ან სამივე ერთად იყოს.
"საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე თბილისში და მის შემოგარენში ხეების მასობრივ ხმობას საგანგაშო მდგომარეობას უწოდებს. მისი თქმით, ხეებს, რომლებიც ხმება, სოკოვანი დაავადებები აქვთ, ხოლო ეს დაავადებები ტალღასავით ედება სხვა მცენარეებს. განსაკუთრებული მძიმე ვითარება ლისის ტბაზეა. იგივე დაავადება სწრაფი ტემპით ვაკის პარკის ცენტრალურ ხეივანზე და ასევე ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ვრცელდება.
"ხეების მასობრივ ხმობა დღეს საკმაოდ მძიმე და რთული პრობლემაა, რომელიც თბილისსა და მის შემოგარენს აწუხებს. ეს უბედურება მომდინარეობს ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან, როდესაც მათ ხეები ხელოვნურად გააშენეს."მათი მიზანი ის იყო, რომ ღვარცოფული ნაკადების წარმოშობის დროს შემაკავებელი საშუალება ყოფილიყო. მართალია, დიდი საქმე გაკეთდა, მაგრამ თავიდანვე შეცდომა დაუშვეს. ხის ჯიშები, რომელთა დარგვაც მოხდა, არსებულ კლიმატურ პირობებს ნაკლებად მოერგო, რადგანაც თბილისი ეკოლოგიურად საკამოდ მძიმე ქალაქად ითვლება.
"ის დაბინძურებულია ტოქსიკური ნივთიერებების გამო, რომელსაც ავტომობილების გამონაბოლქვის ჭარბი დონე იწვევს. როგორც ადამიანებზე, ასევე ხეებზეც ძალიან ცუდად მოქმედებს. ამიტომაც მათი იმუნური სისტემა დაქვეითებულია და იოლად ავადდებიან. ხეების უმრავლესობა სოკოთი და მავნებლებით არის დაავადებული. ამიტომ მათი ასეთი ინტენსიური ხმობა ბუნებრივია.
"ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა მოხდეს ხეების ეტაპობრივი ჩანაცვლება იმ ჯიშის მცენარეებით, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის კლიმატურ გარემოს ადვილად შეეგუება. აუცილებელია ეტაპობრივი და არა მასობრივი, რათა ისევ ეროზიული პროცესები არ დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, დაავადება გამწვავდეს და უკვე ავადმყოფი ხიდან ჯანმრთელ მცენარეზე ვირუსივით გადავიდეს და ყველა ახლომახლო მდებარე ხე დააავადმყოფოს", - აცხადებს გაჩეჩილაძე.
ეკოლოგი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ თბილისში ხეების ხმობას ხელს მოუვლელობა უწყობს. მისი აზრით, უყურადღებობამ ქალაქი საგანგაშო მდგომარეობამდე მიიყვანა. ის ფიქრობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სასწრაფო ზომებია მისაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქი მწვანე საფარის გარეშე დარჩება და უკაცრიელ ხრიოკს დაემსგავსება.
"ამ ორგანიზმების განვითარებას, რომლითაც თბილისში ხეების უმრავლეოსობაა დაავადებული, ხელს უწყობს სისტემატური მოუვლელობა, მოშლილია სარწყავი სისტემა და გვალვების დროს ტერიტორიას არ რწყავენ. მოსკოვის პროსპექტზე დაავადებულია კაკლები, მარშალ გელოვანის გამზირზე კიპარისები და თუთის ხეები. კახეთის გზატკეცილზე განადგურება ემუქრება სოკოვანი დაავადებებით დაზიანებულ ცაცხვებს.
"ხეების ხმობის სავალალო მდგომარეობაა, მაგალითად, გლდანში, ქერჩის ქუჩაზე, შავი ფიჭვების უმეტესი ნაწილი დაავადებების გამო გახმა. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხეები მაშინვე უნდა მოეჭრათ და როგორც ინფექციის წყარო, იქაურობისთვის მოეშორებინათ, რაც არ მოხდა.
"გამხმარი ხეები დღესაც მოუჭრელია, დაავადება კი მთელ გლდანში გავრცელდა. დავით აღმაშენებლის გამზირზე ხეების ხმობა მავნებლებმა და სოკოვანმა დაავადებებმა გამოიწვია. იქვე არაერთი ხე დაზიანდა და გაიჩეხა. თუ სიტუაცია დროზე არ იქნა გამოსწორებული, ჩვენი დედაქალაქი ხრიოკ კუნძულად გადაიქცევა", - აცახდებს ეკოლოგი.
მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორის კარლო კიკორიას განცხადებით, პრობლემა კომპლექსურია და ის მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. მისი თქმით, ხეებს შორის კვების არეალი დაცული არ არის - ნარგავები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და ნიადაგიდან საკვები უკვე ამოწურეს, ამას ემატება გარემო პირობებიც - ჰაერის მაღალი ტემპერატურა, გვალვა, რომელიც იწვევს მცენარის დასუსტებას, ასეთ მცენარეზე კი ადვილად სახლდება პათოგენური სოკო და მის ხმობას იწვევს.
"დაავადების გარდა, ნარგავების ხმობას უწყლობა და მოუვლელობაც განაპირობებს. მცენარემ რომ გაიხაროს, ნიადაგიც სუფთა უნდა იყოს და ჰაერიც, გამონაბოლქვში არსებული ტყვიის ჭარბი შემცველობა ატმოსფეროში ხვდება და ნარგავებს აზიანებს.
"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნიადაგიც და მცენარეებიც რადიოაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული, რაც კვლევას საჭიროებს, ეს ჯერ კიდევ ჩერნობილის ავარიის შედეგებია, რამაც გააძლიერა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაავადების გავრცელების ფონი. "თუ პრობლემას კომპლექსურად და დროულად არ მიეხედა, შესაძლოა, ნარგავების ხმობა დაჩქარდეს და თბილისი მწვანე საფრის გარეშე დარჩეს", - აცხადებს კიკორია.