პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ახალი დაპირისპირებაა. საზღვარგარეთ ვიზიტების და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერის, რაც მთავარია, საპრეზიდენტო რეზიდენციის საკითხის შემდეგ მათ შორის დავა საარჩევნო კოდექსის გამო დაიწყო. ამ დავაში კი დავით უსუფაშვილი, შესაძლოა, მარგველაშვილის მხარდამჭერი აღმოჩნდეს.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მოსაზრებას იზიარებს იმასთან დაკავშირებით, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება "ქართული ოცნების" ერთ-ერთ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, მმართველი გუნდი მის შესრულებაზე უარს ამბობს და პრეზიდენტს უპირისპირდება.
საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე და მის ნაცვლად რეგიონულ-პროპორციული სისტემის დაწესებაზე საერთო პროპორციულ სისტემასთან ერთად.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 150 - წევრიანი პარლამენტი ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული წესით - 73 მაჟორიტარი, თითო საარჩევნო ოლქში 1 წევრი და პროპორციული სისტემით არჩეული 77 დეპუტატი.
თუმცა, ეს სისტემა მუდმივად დავის საგანს წარმოადგენს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო ორგანიზაციები ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან დღემდე იძლევიან იმის რეკომენდაციას, რომ მაჟორიტარული პრინციპი შეიცვალოს, რადგან ამ სისტემით დაცული არ არის ხმათა წონადობის პრინციპი. ანუ, ოლქებში, სადაც თითო მაჟორიტარი ირჩევა, ამომრჩეველთა სხვადასხვა რაოდენობაა.
ამის მაგალითად ყოველთვის სახელდება ქუთაისის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქები, რადგან ქუთაისში 100 - ათასზე მეტი ამომრჩეველია და ყაზბეგში - მხოლოდ 1500. საერთაშორისო რეკომენდაციით კი ყველა მაჟორიტარი თანაბარი რაოდენობის ამომრჩევლების მიერ უნდა ირჩეოდეს.
სწორედ ამიტომ ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად იმის რეკომენდაციას აძლევენ, რომ საარჩევნო ოლქები ამომრჩეველთა რაოდენობის პრინციპით შეიქმნას, თუკი ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის არსებობას საჭიროდ თვლის. ამას კი ყველა ხელისუფლება შეუძლებლად მიიჩნევს.
თუმცა, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა ხელისუფლებას იმას საყვედურობენ, რომ მაჟორიტარული სისტემა სჭირდებათ საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად, რადგან სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენება ამ სისტემაში უფრო ადვილია.
დღევანდელი მმართველი გუნდიც და კონკრეტულად ის პირები, ვინც ახლა ხელისუფლების სახეებს წარმოადგენენ, ოპოზიციაში ყოფნისას სააკაშვილის ხელისუფლებას მუდმივად იმას საყვედურობდნენ, რომ მაჟორიტარული სისტემა არ არის სამართლიანი, არ უწყობს ხელს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის პოლიტიკურ განვითარებას და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების განვითარებას აფერხებს. რაც მთავარია, საყვედურობდნენ იმას, რომ სააკაშვილი ამ სისტემას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებდა.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა იყო "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უარს ამბობენ მის შესრულებაზე.
თუმცა, მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ სააკაშვილის გუნდი როდესაც ხელისუფლებაში იყო, ამ სისტემის გაუქმებაზე უარს ამბობდა, ახლა კი მაჟორიტარული სისტემის შეცვლას სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ითხოვენ.
ახალი ხელისუფლების პირობებში საარჩევნო სისტემების თემა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ გააქტიურდა და შემდეგ მათ ჯერ "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდა და შემდეგ "თავისუფალი დემოკრატები", რაც ალასანიას გუნდმა ხელისუფლება დატოვა.
ასე რომ, დღეს უკვე არასაპარლამენტო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელ, "ნაციონალური მოძრაობა", "თავისუფალი დემოკრატები" და არასამთავრობო სექტორი მაჟორიტარული სისტემის პროპორციულ-რეგიონალური სისტემით შეცვლას ითხოვს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრები უნდა აირჩნენ საერთო პროპორციული სისტემით, ანუ თითოეულ პარტიას ექნება ერთიანი პარტიული სია, რომელზეც კენჭისყრა ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეორე პარტიული სიები საარჩევნო ოლქების მიხედვით და ამ სიით აირჩევა კონკრეტულ ოლქში. ანუ, რეგიონულ-პროპორციული სიები განსხვავებული იქნება რეგიონების მიხედვით.
"საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა უნდა იმუშაონ კანონებზე. ის, რასაც მაჟორიტარები აკეთებენ, არ არის დეპუტატის ფუნქცია. ეს ან ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციაა, ან ცენტრალური ხელისუფლების.
"თუ ჩვენ გვინდა ამომრჩევლების ხმები "თანაბარი წონის" იყოს, თუ ჩვენ გვინდა, ვინც რამდენ პროცენტს მიიღებს, იმდენი პროცენტით იყოს წარმოდგენილი, მაშინ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. ერთი მხრივ უნდა დარჩეს ერთიანი პროპორციული სისტემა, რათა პარტიული განვითარება მოხდეს და მეორე - სამხარეო პროპორციული, რომ არ მოწყდნენ რეგიონები პარლამენტს," - აცხადებს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე, რომელიც ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია.
პრეზიდენტი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ამ ინიციატივას იზიარებს. მარგველაშვილმა საარჩევნო თემატიკაზე შაბათს კონფერენცია გამართა, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ მიწვეულნი.
ამ შეხვედრას ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ესწრებოდა, გარდა სახელისუფლებო კოალიციისა.
გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამართლიანი საარჩევნო სისტემა ეს არის ის თემა, რომლის ირგვლივაც საზოგადობაში უპრეცედენტო კონსენსუსი არსებობს და აქცენტი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირების შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა.
კონფერენციის ბოლოს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეგიონულ პროპორციული სისტემის შემოღებას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა განუცხადეს, ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი კონსოლიდაციის დემონსტრირების შემდეგ ხელისუფლება გადადგამს შემხვედრი მიმართულებით ნაბიჯებს და მოხერხდება საარჩევნო სისტემის ცვლილება.
თუმცა, როგორც ჩანს, არათუ შემხვედრი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, არამედ ეს თემა მმართველ ძალასა და მარგველაშვილს შორის დაპირისპირების ახალი საფუძველი იქნება.
როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ხელისუფლება მუშაობს დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც საარჩევნო სისტემას საკონსტიტუციო გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანს. საუბარია რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გააწყვეტილებაზე, რომ ხმათა წონადობის პრინციპი დარღვეულია და ამით კონსტიტუცია ირღვევა.
"საინტერესო მოდელს განიხილავენ და სურთ შეჯერდნენ საკითხში. რაც შეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, მას არ უთქვამს, რომ მაჟორიტარული წესი გაუქმდეს იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუციის ჩანაწერი. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც ეხება ერთმანდატიან ოლქს და ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის გათანაბრების პრინციპს," - აცხადებს ეკა ბესელია.
უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ვერ მოხერხდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ.
"მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მხოლოდ პროპორციულ მოდელზე გადასვლა არის ძალიან რთული. ამ ინიციატივას ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე. მაქსიმალურად შევეცდებით გავაკეთოთ ისეთი რეფორმა, რომელიც ყველასთვის მისაღები ალბათ არ იქნება, მაგრამ ყველაზე სწორი იქნება," - განაცხადა დავით საგანელიძემ.
საინტერესო კი ის არის, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ მოაწერა. მაშინ თინა ხიდაშელი ჯერ არ იყო თავდაცვის მინისტრად დანიშნული და უსუფაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის შეცვლას და თავისი პოზიცია ხელმოწერით დააფიქსირა.
ასე რომ, თუკი უსუფაშვილი თავისსავე ხელმოწერას არ უარყოფს, ის მმართველ გუნდსა და მარგველაშვილს შორის დაწყებულ ახალ დაპირისპირებაში მარგველაშვილის გვერდით აღმოჩნდება.