ეკატერინე ბასილაია
01.06.2015

 საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო. მიხეილ სააკაშვილს ქართული პასპორტის უკრაინულით ჩანაცვლება ოდესის ოლქის გუბერნატორის სავარძლის მიღებისათვის მოუწია და ყოფილმა პრეზიდენტმა იურიდიულად არა მარტო ქართულ პასპორტზე, არამედ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობაზეც განაცხადა უარი.

სააკაშვილმა, რომელმაც წლების წინ ბათუმი "შვილად" გამოაცხადა და ფიცი დადო, რომ მას შავი ზღვის ყველაზე ლამაზ, წარმატებულ და მდიდარი ადამიანებით დასახლებულ ქალაქად აქცევდა, უკრაინელ გუბერნატორად ქცევის პირველსავე დღეს ქართული ბათუმი უკრაინული ოდესით ჩაანაცვლა და განაცხადა, რომ ის ოდესას შავი ზღვის დედაქალაქად აქცევს.

რატომ გადადგა ექს-პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი? სამი თვის წინ თავად სააკაშვილი აცხადებდა, რომ მას უკრაინაში პირველ ვიცეპრემიერობას, ასევე ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელობას სთავაზობდნენ, მაგრამ მან უარი იმ მოტივით თქვა, რომ მისთვის საქართველო ყველაფერია, არასდროს დათმობს საქართველოს მოქალაქეობას, რადგან მისი მთელი ცხოვრება საქართველოს ეკუთვნის და საქართველოს გადასარჩენად ქვეყანაში მალე დაბრუნებას აპირებდა. რა შეიცვალა ამ სამ თვეში?

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, გათვლა სხვა რამეზეა - ოდესის ოლქში გატარებული რეფორმები და აღმშენებლობა სააკაშვილს დივიდენდებს მოუტანს როგორც უკრაინაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ეს ქართულ პოლიტიკაში მთელ პარტიასაც წაადგება.

"ნაციონალების" ოპტიმიზმს არ იზირებს ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი და "ნაცმოძრაობას" წარმატებას არ უწინასწარმეტყველებენ. მეტიც, ნაწილის თქმით, პარრტიიდან 4 აქტიური წევრის წასვლა და სააკაშვილის გაგუბერნატორება იმაზე მეტყველებს, რომ "ნაცმოძრაობაში" ყველაფერი კარგად არ არის.

საქართველოს მოქალაქეობის დათმობა გუბერნატორობის სანაცვლოდ

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პორიშეკომ ურაინის მოქალაქეობა 29 მაისს მიანიჭა. 30 მაისს კი ის უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

პოროშენკოს თქმით, სააკაშვილს ის 35 წელია, ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან იცნობს და მან არა სიტყვით, არამედ საქმით დაამტკიცა, რომ შეუძლია კორუფციის დამარცხება და საქართველოს შემდეგ იგივეს ნახვა სურს ოდესაშიც.

ალბათ, პირველი პრეცედენტი და ერთგვარად რისკიანი ნაბიჯია, როდესაც ერთი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მეორე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ხდება და ამისათვის საკუთარ მოქალაქეობაზე ამბობს უარს.

საქართველოს კონსტიტუცია იმპერატიულად მოითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს. "მოქალაქეობის შესახებ კანონის" 23-ე მუხლის მიხედვით, როდესაც პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, მას საქართველოს მოქალაქეობა უჩერდება. ორმაგი მოქალაქეობის მიღების სურვილის შემთხვევაში კი პრეზიდენტს უნდა მიმართოს, რომელიც ამ საკითხს ერთპიროვნულად წყვეტს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის პასუხი უარყოფითი იქნება. გუშინ გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დატოვებას "უღირსი საქციელი" უწოდა.

"ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

თუკი სააკაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა ვერ მიიღო, მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, იურიდიულად საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალება. გარდა ამისა, მან "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობა და წევრობა უნდა შეაჩეროს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას ითვალისწინებს და ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.

"მოქალაქეობის საკითხზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, თუ რას აპირებს და დართავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას. ამის შემდეგ იქნება ჩვენი კომენტარები და რეაგირება ამ საკითხზე", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პარტიის ახალი თავმჯდომარის საკითხზე მსჯელობა არ მიდის. იურიდიულად ვერ, მაგრამ ფორმალურად შეინარჩუნებს თუ არა სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას, ან როგორ მიიღებენ მისი ქართველი მხარდამჭერები ექსპრეზიდენტის უკრაინელ ჩინოვნიკად ქცევას, ამას მომავალი გვიჩვენებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეობის დაკარგვის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სს დევნა არ შეწყდება. თუმცა, ეს არაფერს ცვლის, ის ინტერპოლით არ იძებნება. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინის შესაბამის ორგანოს მისი ექსტრადირების მოთხოვნით ორჯერ მიმართა და პასუხად უარი მიიღო.

რატომ წულუკიანის ვიზიტისას

ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დიდი გუნდის უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმება დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას საშინლად არ მოსწონს, ამაზე ოფიციალური პირების მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განცხადებებიდანაც ჩანს. პრემიერმა ღარიბაშვილმა ისიც კი აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ამ საკითხზე დაურეკა კიდეც და აცნობა, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს, თუმცა, "ოცნების" ხელისუფლების უკმაყოფილების მიუხედავად, უკრაინაში დანიშვნები არ შეჩერებულა. უფრო მეტიც, სააკაშვილის გაგუბერნატორობა რატომღაც იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ძლივს შემდგარი უკრაინული ვიზიტისას მოხდა.

როგორც წულუკიანი აცხადებდა, ის სამჯერ შეეცადა უკრაინაში ჩასვლას, მაგრამ კოლეგა პასუხობდა, რომ მის მისაღებად ჯერ მზად არ არიან.

ამჯერად კი წულუკიანის კიევში ყოფნისას ჯერ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა ექს-პრეზიდენტს სააკაშვილს, იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დასრულების დღეს კი ოდესის ოლქის გუბერნატორადაც დანიშნეს.

თანაც, წულუკიანს კიევში ადგილობრივი "თავისუფალმა ზონა" საპროტესტო აქციითაც დახვდა, ლოზუნგით "შეწყდეს პოლიტიკური დევნა თბილისში". პარალელურად ოდესაში სააკაშვილსაც მოუწყვეს ხალხმრავალი თბილი დახვედრა.

"განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილისა და მთელი მისი გუნდის უკრაინაში დაწინაურებით ოფიციალურ კიევს "ოცნების" ხელისუფლებისთვის ალიყური დიდი ხანია გაწნული აქვს და წულუკიანის ვიზიტი უბრალოდ დაემთხვა სააკაშვილის გაგუბერნატორობას.

უფრო მეტიც, მისი აზრით, შესაძლოა სააკაშვილის საქმე მთლად კარგად არ იყოს და ამ ორიგინალური ფორმით სააკაშვილი ვიღაცამ გაწირა.

"ადამიანის გაწირვა მისთვის კონკრეტული პასუხისმგებლობის აკიდებითაც ხდება ხოლმე," - აცხადებს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილის ვარაუდით, "როგორც ჩანს, წულუკიანის ვიზიტისას სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობდა და როდესაც ქართველი მინისტრი კიევში იყო, სწორედ მაშინ თავად სააკაშვილის თაყვანისმცემელთა მიტინგი ვიხილეთ, სადაც სახეგაბრწყინებული ქალბატონების უზარმაზარი რიგი სააკაშვილის გადაკოცნასა და ფოტოს გადაღებას ლამობდა".

მიუხედავად ამისა, არ ჰგონია ეს დამთხვევა რაიმე პოლიტიკური გზავნილი იყოს.

"ნაციონალების" პერსპექტივა სააკაშვილის გარეშე

"საქართველოს ევროპულ ფასეულობათა" ინსტიტუტის თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლას არ ელოდება. ამბობს, რომ უკრაინაში სააკაშვილის რეფორმატორულ გუნდს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, ამიტომაც, შესაძლოა ახლა ოდესაში თავისი აღმშენებლობითი პოტენციალის დადასტურებას აპირებს და მას გუბერნატორობა საქართველოს პოლიტიკაში დარჩენაშიც არ შეუშლის ხელს. პირიქით, შესაძლოა არჩევნებისას უფრო მომგებიანიც იყოს. იგი შეეცდება 2016 წლისათვის ოდესაში აღმშენებლობის რაღაც შედეგი დადოს და საქართველოს მოსახლეობას დაანახოს კონტრასტი მიშას წასვლის შემდგომ საქართველოსა და მიშას მისვლის შემდგომ აშენებულ ოდესას შორის.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის თქმით, სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა რისკის შემცველი ნაბიჯია და ექსპრეზიდენტის წარმატების არ სჯერა.

"ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ უცხოელების გუნდს მთელი უკრაინა ფეხებში უყურებს და მათ მარცხს სიამოვნებით მიიღებენ. მით უმეტეს, თუკი ამ წარმომადგენლებმა მოსახლეობას რეპრესიების ხელი მოუჭირეს, მაშინ დამოკიდებულება უფრო მძაფრი გახდება.

"ჩვენ ისიც არ ვიცით რა კონტექსტით შესთავაზეს ეს პოსტი. თუკი უთხრეს - ან გუბერნატორი იქნები, ან არაფერიო - მაშინ სხვა გზაც არ ექნებოდა. ახლა ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ სააკაშვილის მხრიდან საქართველოსთვის ცოტა ზურგის შექცევას ჰგავს. ამას თუ იმასაც მივამატებთ, რაც მისი მმართველობიდან ახსოვს ხალხს, არ მგონია, რომ სააკაშვილმა თავისი უკრაინული მართველობით მოხიბლოს ქართველი ამომრჩეველი.

"მგონია, რომ ოთხეულის წასვლაც და სააკაშვილის ეს ერთგვარი ზურგის შექცევაც იმაზე მეტყველებს, რომ პარტიაში ყველაფერი რიგზე არ არის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი და ვვარაუდობ, რომ ბოლო დროს დაფიქსირებული 20%-ის შენარჩუნებაც ძალიან გაუჭირდებათ", - ამბობს საყვარელიძე.

როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, ფორმალურად სააკაშვილს საქართველოში რაიმე ტიპის პოლიტიკური მოღვაწეობა ეკრძალება, ის პარტიის წევრიც ვერ იქნება, თუმცა შესაძლებელია "ნაციონალურმა მოძრაობამ" როგორც მოქალაქეობის საკითხში, ისე პოლიტიკურ აქტიურობაში ბიძინა ივანიშვილს ანალოგია გამოიყენოს და სააკაშვილი სიმბოლურად დარჩეს თავმჯდომარედ.

"ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება გარკვეული დამსახურებისთვის ხდება. ამ შემთხვევაში დამსახურებაზე ლაპარაკი სასაცილოდ მიაჩნია და ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პერსპექტივას ვერ ვხედავ," - აღნიშნავს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" საქმე კარგად რომ არ არის, ამაზე ოთხეულის გამოსვლაც მეტყველებს და დარწმუნებულია, რომ სხვა ჯგუფებსაც აქვთ ერთმანეთთან პრეტენზიები.

მისი პროგნოზოთ, თუკი სააკაშვილი განერიდება საკუთარ პარტიას, "ნაციონალური მოძრაობის" შანსები საერთოდ განულდება, თუმცა, იქვე სააკაშვილის მხრიდან ქართულ პოლიტიკაზე უარის თქმას გამორიცხავს.

გია ხუხაშვილი: "მისი მიზანია ოდესაში სამოდელო რაღაც შექმნას და დაამტკიცოს, რომ მართლა მაგარია. რამდენად გამოუვა - ეს სხვა საკითხია.

"არ მგონია სააკაშვილის გათვლა ქართულ პოლიტიკისაგან ჩამოშორება იყოს, მას ცალი თვალი საქართველოსკენ უჭირავს. ამიტომაც, გუბერნატორად დანიშვნა ქართული პოლიტიკიდან წასვლას ნიშნავს თუ არა, ეს ჯერ არ ვიცით, უნდა დაველოდოთ.

"ფორმალურად პოლიტიკის კეთება საქართველოში არ შეუძლია, ხოლო რა არაფორმალური ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, ეს უნდა ვნახოთ. თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილთან ასოცირების შენარჩუნება ვერ მოახერხეს, მაშინ პარტიის ბედი სავალალოა. სააკაშვილის გარეშე პარტია არაფერს წარმოადგენს".

ხუხაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობას" შეუდარებლად მცირე შანსი აქვს, რომ იმის მსგავსი კამპანია ააგოს, რაც "ოცნებამ" შეძლო ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ, თუმცა ეს თეორიულად გამოსარიცხი არ არის.

"მცირე შანსი აქვთ იმიტომ, რომ ბევრი ფაქტორია: საკაშვილი უცხო ქვეყნის ჩინოვნიკია, თან საქართველოს მოქალაქეობაც თავად სწორედ ამიტომ დათმო; ის კრიმინალშია ეჭვმიტანილი და მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნა ამიტომაც აბსურდია; თუმცა, მათი ამომრჩევლისთვის ეს არგუმენტი არ იქნება, პირიქით, შესაძლოა სააკაშვილის კიდევ უფრო ჰეროიზაცია მოხდეს და მათი რიგები შემჭიდროვდეს. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს. ჯერჯერობით, საკმარისი პარამეტრები არ ვიცით იმაზე სასაუბროდ, თუ ხვალ და ზეგ როგორ განვითარდება სიტუაცია," - აღნიშნავს ხუხაშვილი.

სოსო ცისკარიშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" შეიძლება თქვან კიდეც, რომ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკოსის ფუნქციის დაბრუნებას არ აპირებს, მაგრამ ეს სიმართლე არ იქნება.

ის პარტიიდან სხვა ლიდერების წასვლასაც პროგნოზირებს და აღნიშნავს, რომ პარტიაში თანამოაზრეთა თანამზრახველებისაგან განრიდებას და არაერთი ახალი კვარტეტის ჩამოშორებას ვიხილავთ. პარტიაში კი მხოლოდ სააკაშვილის თანამზრახველები დარჩებიან.

სოსო ცისკარიშვილი: "სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არ განერიდება, მას ალბათ საპატიო თავმჯდომარეს დაარქმევენ, თუმცა პოლიტიკური ძალის საზღვარგარეთიდან მართვა ქართული საარჩევნო სისტემისთვის მიუღებელი იქნება. გუბერნატორობა ეს არის ნიღაბი სამომავლო გეგმის უსაფრთხოდ განხორციელებისათვის. რა ზრახვებია ეს, დაველოდოთ სამართალდამცველი ორგანოების განცხადებებს და 2016 წლის გაზაფხულისკენ გადავხედოთ ამ მოსაზრებას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×