ყველაზე ღარიბ რეგიონებს შორის შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთიც მოხვდნენ
მაკა ხარაზიშვილი
02.06.2015

 რაჭა-ლეჩხუმში ყოველი მეორე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მძიმე მდგომარეობაა საქართველოს სხვა რეგიონებში. ამის მიზეზი ინვესტიციების სიმცირე, წარმოების დაბალი დონე, მოშლილი ინფრასტრუქტურა და არასწორი სახელმწიფო პოლიტიკაა.

"ბიზნეს-რეზონანსმა" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით (საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა) საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე საგანგანშო ვითარება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონშია, სადაც თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ღატაკია. იქ მოსახლეობის 46,6% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი (20,1%). მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში სოფლის მეურნეობა შედარებით განვითარებულია, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დიდ ნაწილს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილები შეადგენენ. რიგით მესამე ღატაკი რეგიონი - მცხეთა-მთიანეთია (18,7%), შემდეგ მოდის კახეთი (16,3%), გურია (13,9%), იმერეთი (13,3%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (12,8%), აჭარა (8,7%), ქვემო ქართლი (6,3%), თბილისი (6,3). ყველაზე უკეთ კი ერთ დროს სიღარიბით გათქმულ რეგიორში - სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ (5,5%). რეგიონის განვითარებას ხელი შეუწყო წალკის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობამ და რძის წარმოების გაზრდამ.

სოციოლოგი ავთო სულაბერიძე აღნიშნავს, რომ რაჭა-ლუჩხუმში სიღარიბის მაღალი დონე მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია, სადაც დიდია მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელიც - 25-30%.

"ფაქტობრივად, ინვესტიციები იდება თბილისში და ეკონომიკური თვალსაზრისით მხოლოდ დედაქალაქი ვითარდება. რეგიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხული ტრანსფერების იმედზეა, რომლებიც ძირითადად სოციალური ხასიათისაა. მოსახლეობა არის სახელმწიფოს კმაყოფაზე, ანუ იგი მომხმარებელია და არაფერს აწარმოებს. მას ერთადერთი სოფლის-მეურნეობა აქვს", - ამბობს ავთო სულაბერიძე და დასძენს, რომ სადაც დიდია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება, ის რეგიონი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. რაჭა-ლეჩხუმში არც სოფლის მეურნეობაა განვითარებული და არც მრეწველობა.

"თბილისში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი უკვე შესამჩნევად დაბალია. ამას განაპირობებს სახელმწიფო პოლიტიკა. სულ ვამბობ უნდა განვითარდეს საშუალო და პატარა ქალაქები. სამწუხაროდ, ინვესტიციები იქ არ იდება. ამიტომ მოსახლეობა მოდის თბილისში, რეგიონებში კი დაუსაქმებელი ხალხი რჩება", - ამბობს ავთო სულაბერიძე.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე რაჭა-ლეჩხუმში არსებულ პრობლემას ბიზნეს აქტიურობის დაბალი დონით, ინვესტიციების სიმცირითა და მოსახლეობის დაბერებით ხსნის.

"მოსახლეობის საშუალო მედიანური ასაკი თითქმის გადასცდა კრიტიკულ ზღვარს და ფაქტობრივად, იქ დარჩა კონტინგენტი, რომელსაც სახელმწიფო დახმარების გარდა, სხვა რეალური შემოსავალი ნაკლებად აქვს. რაც შეეხება შიდა ქართლს - ეს კონფლიქტური ზონაა, კახეთში შეიძლება აღრიცხვიანობის პრობლემაც იყოს", - ამბობს სოსო არჩვაძე.

მისი აზრით, მთლიანობაში საქართველოში სოციალური ფონი იმდენად მძიმეა და თუ რომელიმე რეგიონში 5-6 პუნქტით უკეთესი მდგომარეობაა ეს საერთო ამინდს ვერ ქმნის. "ეკონომიკური კავშირები აჩვენებს, რომ ქვეყნის მდგომარეობა საშუალოზე უარესია", - დასძენს არჩვაძე.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, კომუნისტურ ეპოქაში ახალქალაქში მოქმედებდა საბაგირო გზების ბაგირების მწარმოებელი ქარხანა. მისი გაუქმების შემდეგ რეგიონის შემოსავალი სამხედრო ბაზის მომარაგება იყო. საბოლოოდ, ეს კუთხე სოფლის მეურნეობის იმედზე დარჩა. ბოლო რამდენიმე წელია თბილისთან დამაკავშირებელი წალკის გზის მშენებლობამ ხელი შეუწყო რეგიონის ეკონომიკურ აქტიურობას. სამცხე-ჯავახეთში განვითარდა მესაქონლეობა და რძის პროდუქტების წარმოება.

"წალკის გზის ამოქმედებამ და ჯავახეთის თბილისთან დაკავშირებამ ხელი შეუწყო რეგიონის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს, რომ სპეციალიზაცია, კოოპერაცია და კომუნიკაციების არსებობა დედაქალაქთან და სხვა რაიონულ ცენტრებთან სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი პირობა.

სპეციალისტების განცხადებით, მთავრობამ რეგიონების ეკონომიკის გასაძლიერებლად თვითმმართველობის რეფორმა კი გაატარა, მაგრამ ამ რეგიონებში ფულის დატოვება დაენანა და ისინი ფინანსურად ისევ სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმული დატოვა. მართალია, რაიონებში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით), მაგრამ ჯერჯერობით, მას მოსახლოების ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

"საქართველოს რეგიონებში შემოსავლები მზარდია, მაგრამ სტრუქტურას თუ გადავხედავთ, აქ არის ერთი პატარა ნიუანსი - შემოსავლებში ყველაზე მეტი, ე.წ. ტრანსფერების ნაწილია, ანუ პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები და ა.შ. მათი ხვედრითი წონა ცალსახად მზარდია. ბუნებრივია, ამ თანხის მიმღებისთვის ეს ცუდი არ არის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ტენდენცია მაინცდამაინც კარგი არ არის. აუცილებელია შრომითი შემოსავლის გაზრდა. ამ კუთხით კი ტემპი არადამაკმაყოფილებელია", - ამბობს სოციოლოგი ნოდარ კაპანაძე და აქცენტს აგრარული სექტორიდან შემოსავლებზე აკეთებს.

აგრარულ სექტორში მოსახლეობის 90%-ზე მეტია დასაქმებული, საერთო შემოსავლებში კი მისი ხვედრითი წონა კლებადია. "მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავლების ზრდა რომ შეეხოს, ამისთვის საჭიროა სოფლის მეურნეობაში დასაქმების ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდა", - მიიჩნევს კაპანაძე.

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი ყურადღებას "თვითმმართველობის რეფორმაზე" ამახვილებს და მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტებმა საკუთარი პრობლემების გადაჭრა საკუთარი შემოსავლებით უნდა შეძლონ. თვითმმართველობის კოდექსი სწორედ ამის წინაპირობას იძლეოდა, თუმცა მთავრობა ჯერ კიდევ არ არის მზად რეგიონებს ფინანსური დამოუკიდებლობა მიანიჭოს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმის ცუდი პრაქტიკა გრძელდება.

ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის რეფორმა შესაბამისი ფინანსური და მატერიული რესურსის გადაცემის გარეშე, შესაძლოა, მხოლოდ ფიქციად იქცეს. შესაბამისად, რეგიონების ეკონომიკური წინსვლა ეფექტური ვერასდროს იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×