ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა, - ამის შესახებ ფეისბუკში ორგანიზაცია "2030" წერს.
"საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა", - წერს ორგანიზაცია.
აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წლებში შექმნა. ის ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო.
ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს
თქვენი აზრით, ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა აქვს ფიროსმანის ნამუშევრის "არსენალის მთა ღამით" საქართველოში დაბრუნებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თეო ხატიაშვილი (კინომცოდნე): იმის გამო ატეხილი აჟიოტაჟი, რომ ნახატი აუქციონზე იყიდებოდა, სრულიად გაუგებარია და აბსტრაქტულია. თითქოს საქართველოს თავს რაღაც უბედურება დაატყდა.
თანამედროვე მსოფლიო უდიდესი და აღიარებული მხატვრების ნამუშევრებითაა დაქსელილი. ესპანელი გოია შეიძლება პარიზში აღმოაჩინო, ამით გოიას არაფერი არ აკლდება. პირიქით ამით ნახატი ფართო მასშტაბებს იძენს.
ფიროსმანი, თუ უცხოელი მეპატრონის ხელში ჩავარდებოდა, ამით მას არაფერი არ დააკლდებოდა, მისი ცნობადობა გაიზრდებოდა. ქართველები ნაკლებად ლაპარაკობენ და კულტურის სამინისტრომაც იმ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია, რომ ეს ნახატი აუქციონზე, როგორც რუსული ხელოვნების ნიმუში, ისე იყო წარდგენილი. ეს ფაქტია სავალალო და არა ის, რომ ფიროსმანი შესაძლოა უცხოეთში გაყიდულიყო.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ფიროსმანის ნახატის ყიდვა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოზე ზრუნავს. ის, რომ ამ დიდი მხატვრის ნამუშევარი საქართველოში ბრუნდება, ძალიან კარგია.
საერთოდ ქართველები პატრიოტები არ ვართ, რადგან სანამ ბიძინა ივანიშვილმა ნახატი არ იყიდა, ამაზე არ გვიფიქრია. შეგვეძლო გვეთქვა, გამოვსულიყავით და თუნდაც ფული აგვეგროვებინა, რომ ეს ნახატი სხვა ქვეყანაში არ დარჩენილიყო.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): საერთოდ, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის გარეთ ფიროსმანის რაც მეტი ნახატი იქნებოდა, ამით უფრო დაფასდებოდა. მსოფლიოს რომელიმე მუზეუმში რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა, თუნდაც პრაღის ან მეტროპოლიტენის მუზეუმში.
ძალიან კარგია, რომ ჩვენთან ინახება, მაგრამ ფიროსმანის ხელოვნება ყველას ეკუთვნის. ვფიქრობ, კარგი იქნება, მისი რამდენიმე ნამუშევარი ცნობილ მუზეუმში ინახებოდეს, ეს ცნობილი ფორმაა. ამით მისი ცნობადობა მატულობს. ის, რომ ივანიშვილმა იყიდა, არ მგონია ამას დიდი მნიშვნელობა მივანიჭო.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): რა თქმა უნდა, ივანიშვილმა ძალიან კარგი რამ გააკეთა. ეს ნახატი ისევე, როგორც ფიროსმანის სხვა შედევრები, ქვეყნის კულტურისთვის მნიშვნელოვანია. მისი საქართველოში დაბრუნება მნიშვნელოვანია.
საქართველოს ამის საშუალება არ ჰქონდა, რომ ეს ნახატი შეეძინა, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ივანიშვილმა შეიძინა. მას სხვა ღისშესანიშნავი კოლექციაც აქვს და ალბათ შესაძლებელია, რომ დროებით ეროვნულ მუზეუმში გამოფინოს. შემდეგ ისევ თავის კოლექციაში დაიბრუნებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე