ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი 1 486 100 დოლარად გაიყიდა
თეა ბეჟიტაშვილი
02.06.2015

 ლონდონის კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად გაყიდული ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საქართველოში ბრუნდება. ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრებაში არსებული ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

"საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა", - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "2030"-მა გაავრცელა.

"2030"-ის ინფორმაციით, ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად მიჩნეულ ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს პარიზში ჟურნალისტმა ნელი კობიაშვილმა მიაგნო, რომელიც წლების მანძილზე ფიროსმანის ცხოვრებას იკვლევდა. კობიაშვილმა ნახატის მფლობელი იპოვა და მასთან მოლაპარაკება გამართა, რომ სურათი საქართველოსთვის მიეყიდა, თუმცა მაშინდელი მთავრობა ამ ამბით არ დაინტერესდა."ეს ჩემი ოცნების ასრულებაა, იმისათვის, რომ ნახატი მეპოვა, ბევრი ვიწვალე. თუმცა საბედნიეროდ, ნამუშევარი საქართველოში დაბრუნდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი.

მისი თქმით, წლების მანძილზე ნახატის სამშობლოში დასაბრუნებლად ხელმოწერებსაც აგროვებდა, თუმცა ამ ყველაფერს შედეგი არ გამოუღია.

"დიდი ძებნის შემდეგ ნახატს პარიზში მივაგენი, სანამ თბილისში ჩამოვიდოდი, ნახატის მფლობელს ვეხვეწებოდი, ნამუშევარი საქართველოსთვის მოეყიდა, ძლივს დავითანხმე, თუმცა ხელისუფლებამ უარი თქვა. უამრავი წერილი დავწერე, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ასევე სხვადასხვა ფონდების სახელზე, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

"შევაგროვე ხელმოწერები, რომ ხელისუფლებას ნახატი ეყიდა და ქვეყანაში დაებრუნებინა, თუმცა ეს ამბავი ყურად არ იღეს. თუ ეს ამბავი სიმართლეა და ნახატი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, ხალხისთვის უდიდესი სიხარულია.

"მეშინოდა, შეიძლება ნახატი ისე გაყიდულიყო, რომ ჩვენ მისი კვალისთვისაც ვეღარ მიგვეგნო. ახლა კი თუ ფიროსმანის ნამუშევარი სამშობლოში დაბრუნდება, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

"ნამდვილად არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი როგორ მოიქცევა, ამ ნახატს გადასცემს თუ არა ხელოვნების მუზეუმს, ტილო მისია და რასაც უნდა იმას იზამს, მაგრამ ის, რომ ნახატი თავისთავად საქართველოში იქნება და ფიროსმანის გამოფენაში მონაწილეობას ხშირად მიიღებს, ფაქტია", - ამბობს ნელი კობიაშვილი.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას თქმით, წლების შემდეგ ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის სამშობლოში დაბრუნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

"ჩვენისთანა ერისათვის, რომელიც ფეხზე ახლა დგება და რომელსაც მხოლოდ ისტორია, ბუნება და ხელოვნება გააჩნია, რადგან მრეწველობით ჩვენ ვერ დავიკვეხნით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მოვლენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ძნელია, სიტყვებით გადმოსცე, თუ რატომ არის ფიროსმანი გენიოსი. ეს არის ფანტასტიკური ნიჭის მქონე კაცი, მხატვრობის ენების შესანიშნავი ცოდნითა და ფორმით. "არსენალის მთა ღამით" მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნახატია და ნამუშევრის საქართველოში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

"რაც შეეხება ნახატის მუზეუმისთვის გადაცემას, ეს თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ნამუშევარს ხელოვნების მუზეუმს გადასცემს, რომ მისი ნახვა ყველას შეეძლოს. რამდენადაც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის კოლექცია ბოლოს საქართველოს უნდა დარჩეს და თუ ეს სიმართლეა, მაშინ მისასალმებელი ნაბიჯია", - ამბობს გოგი ხოშტარია.

ნიკო ფიროსმანის ნახატის აუქციონზე გაყიდვას სოციალურ ქსელში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე გამოეხმაურა: "დღეს ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანი იყიდა. "არსენალის მთა" მალე თბილისში იქნება", - დაწერა ქეთევან დუმბაძემ.

ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" გუშინ ლონდონის კრისტის აუქციონზე მილიონ 486 ათას 100 დოლარად გაიყიდა.

1957 წელს "არსენალის მთა ღამით" 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფრანგ პოეტ ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×