ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვარშავის 2016 წლის 8-9 ივლისის სამიტამდე მისი საქმიანობის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა.
გაცნობითი შეხვედრის მთავარ თემას ვარშავის მომავალი სამიტი წარმოადგენდა და როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, სწორედ ეს თემა იქნება ძირითადი მომავალშიც ნებისმიერ შეხვედრაზე, მომავალი წლის 9 ივლისამდე.
"ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე", - განაცხადა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ არსებით პაკეტთან დაკავშირებით ქართულ მხარეს დღემდე არ მოუსმენია და არც მომაცალში უნდა ველოდოთ ნატოს მხრიდან რამე პრეტენზიის, წუხილის ან ხარვეზის შესახებ განცხადებას.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ეს პროცესი იყოს აბსოლუტურად უხინჯო, რათა ამან არ შეაფერხოს გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრი ერთ კვირაში პარიზში გამართავს მოლაპარაკებებს, შემდეგ კი რამდენიმე ევროპულ დედაქალაქს ესტუმრება. ნატოს ოქტომბრის მინისტერიალისთვის გარკვეული კონტურები გამოიკვეთება. შეეხო რა საწვრთნელი ცენტრის განლაგების ადგილს, ხიდაშელმა განაცხადა, რომ არავითარ სამ ადგილზე არაა საუბარი, საქართველოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, ეს გადაწყვეტილება ბრიუსელშია და საქართველო ელოდება ნატოს პასუხს.
გენერალური მდივანი სტოლტენბერგი წლეულს ჩამოვა საქართველოში და შესაძლებელია, რომ საწვრთნელი ცენტრის გახსნაც სწორედ ამ ვიზიტს დაემთხვეს.
რაც შეეხება საფრანგეთში საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვას, რაც ბოლო დროს ხელისუფლების მიმართ ბრალდების თემას წარმოადგენდა, მინისტრმა განაცხადა, მათი შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შეიძლება ივნისის ბოლომდეც კი მოეწეროს ხელი.
ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ახლა მიმდინარეობს ტექნიკური პარამეტრების შეთანხმება, საფრანგეთში ვიზიტისას დაგეგმილია მისი შეხვედრა მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებთან.