გვიანი ხილი - ასე უწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტოლიგები ასოცირების ხელშეკრულებასა და მისგან მიღებულ პროგრესს და ბუნებრივად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ კონკრეტული სარგებელი თუ ცვლილებები ქვეყანაში ჯერ არ იგრძნობა.
მოგეხსენებათ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი გასული წლის 27 ვინისს მოეწერა. ამ თარიღიდან ერთი წელი გადის და მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად გამოთქვამს საყვედურს იმის გამო, რომ არც მათ და არც ქვეყნის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. პროგრესს ვერც ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით ხედავენ და ვერც ცხოვრების დონის.
საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობა მაქსიმალურად შეასრულეს და უამრავ კანონში შეიტანეს ცვლილება, რათა ქართული კანონმდებლობა ევროპულს დამსგავსებოდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ანი მიროტაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ცვლილებები ყველა სფეროს შეეხო.
"ჩვენ, პარლამენტარებმა, ათობით კანონი მოვიყვანეთ ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში. არ ვიცი, აღსრულების კუთხით რამდენად წარმატებულად საქმიანობენ სხვადასხვა უწყებაში და რამდენად სრულდება ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ცვლილება ბევრ კანონში შევიტანეთ. ამით ქართული კანონმდებლობა ევროპულს დაუახლოვდა. ეს ყველა სფეროს ეხება - ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, მართლმსაჯულებას, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, სასაზღვრო პოლიტიკას და ა.შ.
"კანონები ამ დროისათვის ძალაში უკვე შესულია. ჩვენ ევროპული საზოგადოების ნაწილი გვინდა გავხდეთ და ეს არა მხოლოდ სურვილის დონეზე უნდა დარჩეს, მათ კანონმდებლობით, ცხოვრების წესით, განვითარებით, ერთმანეთის პატივისცემითა და თანასწორუფლებიანობითაც უნდა დავემსგავსოთ", - ამბობს ანი მიროტაძე.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია კი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც მოსახლოებაში ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვია. მისი თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი მოკლევადიან პერსპექტივაზე არ არის გათვლილი და მისით მიღებული სარგებელის დანახვას დრო სჭირდება.
იგი გასულ ერთ წელსაც აჯამებს და ამბობს, რომ მთლიანობაში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
"შეიძლება მთავარს - სავიზო რეჟიმის გაუქმებას ჯერ ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს მაინც აუცილებლად მოხდება. რაც მთავარია, საქართველოს უკვე აქვს პოლიტიკური ორიენტირი. თუ აქამდე ჩვენ ზუსტად არ ვიცოდით საით მივდიოდით, და მკვეთრი მიმართულება არ გვქონდა, ასოცირების ხელშეკრულება უკვე იძლევა საშუალებას ქვეყნის გეზი გარკვეული იყოს.
"სარგებელი შეიძლება ჯერ ცხადი არაა, მაგრამ ეკონომიკას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ჩვენი ექსპორტი ევროპის ქვეყნებში აშკარად გაიზარდა. გვაქვს შესაძლებლობა, რომ იგი კიდევ უფრო გავზარდოთ და ევროპის ბაზარი ჩვენთვის ისეთივე მთავარი გახდეს, როგორც მოლდოვისათვის გახდა.
"მან რუსეთის ემბარგოს პირობებში თავისი ეკონომიკისა და ექსპორტის გაზრდა მოახერხა და ევროპის ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქტის გატანა შეძლო. გარდა ამისა, უამრავი რამაა, რაც კანონმდებლობის დახვეწასთანაა დაკავშირებული და რასაც ასევე უფრო შორეულ პერსპექტივაში ექნება ეფექტი", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
შესაბამისად, კაკაჩიას თქმით, არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ პროცესები შეფერხებულად მივიჩნიოთ. ამბობს, რომ ჩვენ და ევროპას საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ერთი და იგივე შეხედულება გვაქვს. გაუგებრობა კი მხოლოდ ვადებთან დაკავშირებითაა.
"ჩვენ გვინდა რომ ეს მალე მოხდეს, ევროპელები კი კი გვეუბნებიან, რომ ეს უახლოეს მომავალში, თანამედროვე რეალობებიდან გამომდინარე, რაც საქართველოსა და რეგიონშია შექმნილი, შეუძლებელია. საქართველო რომ ევროპისაკენ მიისწრაფის, ამას ყველა აღიარებს. ასე რომ, შეუთანხმებლობა ძირითადად დროშია", - აცხადებს კორნელი კაკაჩია.
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პროგრესს ხალხი ევროპასთან საზღვრების გახსნის შემდეგ იგრძნობს, პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანიც ეთანხმება და დასძენს, რომ ურთიერთობაში ბარიერების მოხსნა ბევრ პრობლემას მოაგვარებს.
იგი ასევე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრეულებისაგან ხელშესახებ ცვლილებებს პირველი ეტაპიდანვე არ უნდა ველოდოთ და აცხადებს, რომ ჩვენ თუ ევროკავშირთან დაახლოება გვსურს, ის სტანდარტები უნდა გავიზიაროთ, რაც იქ მოქმედებს.
"პროგრესი მართლაც ნაკლებად იგრძნობა, ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა, ეს ყველაფერი ეკონომიკასთან, ბიუჯეტთანაა დაკავშირებული. თუმცა ქალაქში გაჩნდა პანდუსები შშმ პირების გადაადგილებისათვის. ამ მხრივ მუშაობა მიდის და იმედია, რომ ეს სხვა სფეროებსაც შეეხება, ჯერჯერობით ევროსტანდარტებამდე ძალიან ბევრი გვიკლია.
"ქვეყენაში საერთოდ არ არსებობს უმუშევართა კანონი, ადამიანის ისეთივე უფლებაა რომ იყოს დასაქმებული, როგორც მიიღოს გარკვეული დახმარება სახელმწიფოსგან, როდესაც ის უმუშევარი რჩება. ჩვენ ქვეყანაში ეს სტატუსი ჯერ არ ასებობს, თუმცა საქართველო ადამიანის უფელბათა საერთაშორისო დეკლარაციიდან გამომდინარე იღებს ვალდებულებას რომ, ის არამარტო აღიარებს უმუშევარ ადამიანებს, არამედ მათზე რაღაც გარკვეულ სოციალურ დახმარებასაც გასცემს. ეს ყველაფერი მოუგვარებელია და ცვლილებები ასე თვალში საცემი ამიტომაც ვერ იქნება.
"ჩვენ კაცობრიობის განვითარების დიდი ეტაპი გამოვტოვეთ და აქედან გამომდინარე სწრაფი ტემპით გვიწევს დაწევა და ევროსტანდარტებთან მიახლოება. დასავლეთის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ეს რთული იქნება და ხელისუფლების გარეშეც წარმოუდგენელია შემდგომი გლობალური ცვლილებების განხორციელება", - მიიჩნევს კიკიანი.