16 ივნისს ოტია იოსელიანის დაბადებიდან 85-ე წელი შესრულდება
მარი ჩიტაია
04.06.2015

 საქართველო დიდ ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს უმეტესწილად, სიმართლის პირში მთქმელ, უღალატო და სამართლიანი ადამიანის სახელით იცნობს... ამ ქვეყნიდან წავიდა უპრეტენზიოდ, როგორც თავისევე გმირი სერაფიონი... მიწასთან ახლოს, თავისივე ხელით აგებულ სახლში ცხოვრობდა და სამარადჟამო განსასვენებელიც იქვე ჰპოვა.

2015 წლის 16 ივნისს ოტია იოსელიანის დაბადებიდან 85-ე წელი შესრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მის მშობლიურ რაიონში, წყალტუბოში მწერლის დაბადების თარიღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება:

11 ივნისს, 14 საათზე, ღონისძიებას გახსნის სამეცნიერო კონფერენცია - "ოტია იოსელიანი 85", რომელსაც წყალტუბოს მთავარი ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

12 ივნისს, 12 საათზე, იქვე გაიმართება შემოქმედ ბავშვთა კონკურსი - "პოეზია და მცირე პროზა". ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში და წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვებს.

13 ივნისს, 12 საათზე, წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში გაიმართება კონკურსი - "ვხატავ წიგნის გმირებს".

15 ივნისს, 17 საათზე, მწერლის სახლ-მუზეუმში წყალტუბოს თეატრალური დასი გამართავს სპექტაკლს - "ადამიანი იბადება ერთხელ", თავად ოტია იოსელიანი პიესის მიხედვით.

16 ივნისს, მწერლის დაბადების დღეს, წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდება ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, ჯუმბერ ჯიშკარიანის წიგნის "ჩვენი ოტიას" პრეზენტაცია.

ამავე დღეს, 14 საათზე, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში საიუბილეო კვირეულს დაასრულებს წყალტუბოს ლიტერატურული გაერთიანება სპექტაკლით - "ადამიანისგან რაც რჩება, მისი სიცოცხლეც ეს არის".

ოტია იოსელიანის დაბადების 85-ე წლისთავისადმი მიძღვნმლი ღონისძიებები გაიმართება ქუთაისშიც, სადაც მწერლის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს.

ოტია იოსელიანი შვილების თვალით

ოტია იოსელიანის სამი შვილი - ბაჩო (რამაზი), მანანა და დაჩი - კარგადაა ცნობილი მისი ნაწარმოებების მკითხველთათვის. "რეზონანსი" შეეცადა მწერლის პორტრეტისთვის ესკიზი შვილების მონათხრობით შეედგინა.

"უყვარდა და აფასებდა მეგობრებს", - ამბობს ბაჩო იოსელიანი და მამის მოგონებას კიდევ ერთხელ აცოცხლებს.

"შეიძლება ზოგს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ყველა მეგობართან თავისებური მიდგომა ჰქონდა. ზოგთან უფრო შემტევი და მომთხოვნი იყო, ზოგთან - ნაკლებად... პატიება ადვილად არ შეეძლო. მახსოვს, მკაცრიც და დაუნდობელიც, მაგრამ ბავშვობის მეგობრებთან სულ სხვაგვარი დამოკიდებულება გააჩნდა. მის ცხოვრებაში ამ ადამიანებს განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ", - ამბობს დაჩი იოსელიანი.

დიდ მწერალს ძალიან უყვარდა ბავშვები და თითქმის ყოველთვის პოულობდა დროს მათთან შესახვედრად, რჩევის მისაცემად და აზრის გასაზიარებლად.

დაჩი იოსელიანი: "დიდებთან შეუპოვარი და მკაცრი მამა სულ სხვა იყო ბავშვებთან ურთიერთობაში. სახლში ხშირად მოდიოდნენ პატარები და თვითონაც დადიოდა მათთან. ახლაც, როდესაც მამა აღარ არის, მის სახლ-მუზეუმს ბავშვები თითქმის ყოველთვის სტუმრობენ. ეს უმეტესწილად, სასკოლო ექსკურსიებია, რომლის ფარგლებშიც ბავშვები, პედაგოგები და მშობლები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გვაკითხავენ. სკოლებში ეწყობა ღონისძიებები ოტია იოსელიანის სახელთან და შემოქმედებასთან დაკავშირებით და ჩვენთვის ეს განსაკუთრებით სასიხარულოა. რა პრობლემაც უნდა მქონდეს, სტუმრის სტატუსით ყველგან მიწევს მისვლა.

მახსოვს, მამა გარდაცველებამდე 2 კვირით ადრე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სუსტად იყო, თბილისში ბავშვებთან შესახვედრად გაემგზავრა. ეს ახალგაზრდა თაობასთან ბოლო შეხვედრა იყო, თავისებური გამომშვიდობება".

ბაჩო იოსელიანი: "სიცოცხლის ბოლომდე მკაცრი მამა იყო. თითქმის 4 წელი გავიდა, რაც აღარ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღესაც მისი "დაწესებული ნორმით" ვცხოვრობ. სწორი და სამართლიანი ადამიანი იყო. ოჯახში თითქმის ყველაფერი ემარჯვებოდა. საჭიროების დროს შეეძლო დურგალიც ყოფილიყო, ხაბაზიც, მეფუტკრე, ელექტროშემდუღებელი, მიწის მუშაც... არანაირ საქმეს არ თაკილობდა.

რაც გულში ჰქონდა, პირდაპირ ლაპარაკობდა და ამას ხალხი დიდ დამსახურებად უთვლიდა. გულდაწყვეტილი იყო, რომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი ვერ გააკეთა. ბევრ რამეზე სტკიოდა გული, ყველაზე მეტად წუხდა, რომ ცუდ დღეში ეგულებოდა სამშობლო".

ოტია - სამშობლოს ჭირისუფალი

საქართველო მწერლისთვის ყველაფერი იყო. დღენიადაგ სამშობლოზე მზრუნველი ოტია იოსელიანი ყველაზე მეტად ქართველი ერის ძნელბედობას განიცდიდა:

მანანა იოსელიანი: "ხალხს, უმეტესწილად, ობიექტური, ხშირად მწარე, მაგრამ მართალი სიტყვით დაამახსოვრა თავი. მისი შემოძახება, რჩევა-დარიგება სამშობლოს საკეთილდღეოდ, ქართული ენის დასაცავად, ზნეობის გადასარჩენად იყო მიმართული. რასაც ფიქრობდა და სწორად მიაჩნდა, პირში უნდა ეთქვა ყველასთვის, მნიშვნელობა არ ჰქონდა სტატუსს - რიგითი მოქალაქე იყო თუ ქვეყნის მეთაური. შეიძლება, "მწარე სიმართლე" ხელისუფალთათვის მიუღებელი იყო, მაგრამ ხალხს ძალიან უყვარდა. ამ სიყვარულის დასტური გახლდათ მრავალათასიანი გამოთხოვება გელათის ტაძარში, რომლის მსგავსი მხოლოდ ერთეულ ქართველს თუ არგუნა ღმერთმა.

ოტია იოსელიანის მუდმივი წუხილი სამშობლო იყო. სიცოცხლის ბოლო დღეებშიც ამაზე საუბრობდა. "ვაი, ვის ხელში ვტოვებს ჩემ შეჭირვებულ ქვეყანასო", - დარდობდა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს არც იმ ქვეყნად არის მოსვენებული: წუხს, შფოთავს, ბორგავს, იბრძვის... მართალია, ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი მისი მშფოთვარე სულის დასამშვიდებლად".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×