ქართულ პოლიტიკაში დამთავრდა ხანა, რომლის ხასიათსაც დიდწილად მიხეილ სააკაშვილის პიროვნება, მისი მოკავშირეობა ან მასთან დაპირისპირება განსაზღვრავდა - ასე აფასებს ექსპრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.
მისი აზრით, სააკაშვილის ეს ნაბიჯი და "ნაციონალური მოძრაობის" 4 აქტიური წევრის პარტიიდან წასვლა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობის" დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ეს კი არა მხოლოდ "ნაცმოძრაობას", არამედ მმართველ კოალიციასაც უქმნის პრობლემას, რომელიც მხოლოდ "ნაციონალებთან" დაპირისპირებაში თუ ინარჩუნებდა მთლიანობას.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ფირალიშვილი უახლოესი თვეების განმავლობაში პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვან გადაჯგუფებას პროგნოზირებს.
"რეზონანსი": ბატონო ზაზა, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნამ და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების პერსპექტივამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან აქ, ჩვენს საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ზაზა ფირალიშვილი: ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო აღიარება იმისა, რომ უახლოეს ხანებში საქართველოში დაბრუნების იმედი გადაეწურა და, როგორც ჩანს, ეს უშუალოდ "ნაციონალებში" მიმდინარე პროცესებთან უნდა იყოს დაკავშირებული.
დარწმუნებული ვარ, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული ოთხი კაცი მხოლოდ ნაწილია იმ ადამიანებისა, ვინც მიიჩნევს, რომ პარტიაში რაღაც ძირეული ცვლილებებია აუცილებელი. ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი მინიშნება უნდა ყოფილიყო.
"რეზონანსი": უკრაინის მოქალაქეობის მიღებით ექს-პრეზიდენტმა პრაქტიკულად თავადვე თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე...
ზ.ფ.: მაპატიეთ ბანალურობა და მოქალაქეობა არ არის მხოლოდ სამართლებრივი ფენომენი, იგი უმნიშვნელოვანესი სიმბოლური დატვირთვის მატარებელი ფენომენია. ამგვარ სიმბოლოებთან არ თამაშობენ, მითუმეტეს - ყოფილი პრეზიდენტები. არც რიგითი და, მითუმეტეს, არც ქვეყნის ყოფილი პირველი პირის მოქალაქეობა არ არის უბრალო პირობითობა და თუ ისტორიაში არსებობს პირველი პირების მიერ მოქალაქეობის შეცვლის პრეცენდენტი, ნამდვილად არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც რომელიმე მათგანი სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელედ მოგვლინებოდეს.
როგორც უნდა ეცადოს საკაშვილი, რომ საქართველოში მუდივად ყურადღების ცენტრში იყოს, მოქალაქეობის დათმობით თავადვე დაუდო სათავე მისგან გაუცხოებას. სერიოზულ არგუმენტად არ გამოდგება, რომ არც შევარდნაძე და არც ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეეები არ ყოფილან, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებდნენ. როგორც მახსოვს, ივანიშვილს მოქალაქეობა თავად სააკაშვილმა შეუჩერა. ლაპარაკია საკუთარი მოქალაქეობის დათმობაზე მას შემდეგ, რაც უკვე იყავი დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი და რაც ამ ქვეყანასთან ერთად (თუნდაც მარცხიანი) ომი გადაიტანე.
საზოგადოებრივი თუ უბრალოდ ადამიანური სიმბოლოების უბრალო პირობითობად მიჩნევა და შემდეგ მათი ნგრევა თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი ე.წ. ლიბერალური შტურმის ერთ-ერთი ნიშანია. ვერ ვიტყვი, რომ მისი ადეპტები ყოველთვის ცდებიან. მართლაც, არსებობს სიმბოლოები, რომლებიც მხოლოდ თუ ამუხრუჭებენ პიროვნულ და საზოგადოებრივ განვითარებას. მაგრამ ყველა სიმბოლოს პირობითობად გამოცხადება უფრო ლიბერალიზმის უმწიფარი გაგების ნიშანია.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ საკმაო დროის განმავლობაში სააკაშვილი შეეცდება გავლენა იქონიოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და მუდმივ საინფორმაციო დაძაბულობაში გვამყოფოს. ასეთი ტემპერამენტისა და დაუოკებელი ენერგიის ადამიანები იშვიათად იქცევიან რაციონალურად. მათი დამარცხება შესაძლებელია, მე ვიტყოდი, იმ ეტაპზე, რომელზეც ახლა სააკაშვილი იმყოფება, იოლიც, მაგრამ გაჩერება - შეუძლებელი. ასეთები არასოდეს მიდიან მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ შანსი აქვთ, ღირსება შეინარჩუნონ. სამწუხაროა, მაგრამ ასეა.
"რ": ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჩვენთვის საჭირო გამოცდილებას იძენს...
ზ.ფ.: ეს, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. უკვე ნათქვამსაც თავი რომ დავანებოთ, იგი ხომ იმ ქალაქში აღმოჩნდა, სადაც მსხვილი იატაკქვეშა ბიზნესის უდიდესი და ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. ნებისმიერი, ვინც ხისტად დაუპირისპირდება ამ საუკუნოვან გამოცდილებას, მარცხისათვის არის განწირული.
უმალ ვიფიქრებდი, რომ ვეღარ აუვიდნენ მის დაუოკებელ ენერგიას და საპატიო გადასახლებაში გაუშვეს, ვიდრე იმას, რომ ვინმეს სერიოზულად აქვს იმედი, თითქოს სააკაშვილი ოდესის იატაკქვეშა ბიზნესს დაამარცხებს. ეს არ არის საქართველო, სადაც მოსახლეობაში საკმაოდ დიდი იყო რეფორმებისადმი მზაობა. თუკი რამემ ავნო ამ რეფორმებს, პირველ რიგში, თავად სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ ყველა ადამიანური ზღვარის დარღვევამ და ძალაუფლებით დაუფარავმა ტკბობამ.
"რ": და მაინც, რა გავლენას იქონიებს სააკაშვილის ნაბიჯი ჩვენს საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაზე?
ზ.ფ.: ვფიქრობ, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი რამ არ მომხდარა. ალბათ მოულოდნელი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვან გადაჯგუფებას უნდა ველოდეთ. ჩამთავრდა ხანა, რომლის ხასიათსაც დიდწილად მიხეილ სააკაშვილის პიროვნება, მისი მოკავშირეობა ან მასთან დაპირისპირება განსაზღვრავდა. ვფიქრობ, ეს უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში ნათელი გახდება.
როგორი დამოკიდებულებაც უნდა გვქონდეს სააკაშვილის პიროვნების მიმართ, აშკარაა, რომ ბოლო მოვლენების შედეგად საქართველოში დასავლურ იდეას ჩამოსცილდა მისი მეტად არაპოპულარული განმასახიერებელი.
ეს კი დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ჯგუფებს ახალ შანსს აძლევს.
"რ": რას გულისხმობთ პოლიტიკური ძალების გადაჯგუფებაში, ნუთუ ქართული პოლიტიკური რელიეფი ასე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამ პიროვნებასთან?
ზ.ფ.: ცხადია, იყო. "ქართული ოცნების" მდგრადობას და მდგომარეობას თითქმის მთლიანად განსაზღვრავდა ის ფონი, რომელსაც მას სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" უქმნიდნენ. სულ მალე "ოცნება" ახალ პოლიტიკურ კონტექსტში აღმოჩნდება. ეს მისთვის ძალზე მძიმე გამოცდა შეიძლება აღმოჩნდეს. აქამდე იგი თავს ლამის მთლიანად "ნაციონალებთან" დაპირისპირების უარყოფითი ნიშნით იმკვიდრებდა და ეს ხშირად მის ნაკლოვანებებს ფარავდა. "ნაციონალების" მობრუნების პერსპექტივა ბევრ უბრალო ადამიანს აიძულებდა, რომ მრავალ რამეს მოთმინებით მოჰკიდებოდა. ახლა უკვე წინა პლანზე წამოიწევს აუცილებლობა იმისა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი თავი დაანახოს, როგორც შემოქმედმა, როგორც ძალამ, რომელსაც გარდა უარყოფისა, ძალუძს შენება, ადამიანებში ენთუზიაზმის აღძვრა და ა.შ. არადა, თუ ორ-სამ სფეროს არ მივიღებთ მხედველობაში, "ქართულ ოცნებას" სწორედ ეს უჭირს.
ორი წლის განმავლობაში "ნაციონალები" ცდილობდნენ მუდმივად ხელთ ჰქონოდათ ინიციატივა ხელისუფლების კრიტიკის საქმეში და ამით თავად კრიტიკის იდეის დევალვირებას ახდენდნენ. ეს სურათი ჩვენ თვალწინ შეიცვლება და "ოცნების" მდგომარეობაც გართულდება.
"რ": თქვენ გულისხმობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური როლი შემცირდება?
ზ.ფ.: ოთხეულის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" მიტოვება არ იყო შემთხვევითი. მე შორს ვარ იმისგან, რომ ვილაპარაკო რაღაც კულუარული თამაშების შესახებ, მითუმეტეს, რომ არავითარი განსაკუთრებული ინფორმაციის მატარებელი არა ვარ. ოთხეულის გამოყოფის მიზეზი ზედაპირზე იდო - რამდენიმე ლიდერთან დისტანცირების გარეშე "ნაციონალური მოძრაობა" ყოველგვარ პოლიტიკურ პერსპექტივას კარგავდა. სწორედ ის იყო გასაკვირი, აქამდე რატომ არ მოხდა ეს.
სააკაშვილის შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, ამას რეზონანსი "ოცნებაშიც" ექნეს.
ოთხეულის გასვლა "ნაციონალური მოძრაობიდან" და სააკაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი უშედეგოდ ვერ ჩაივლის. მოვლენების გაგრძელებას უნდა ველოდეთ. ვიმეორებ, ეს მოვლენები სხვა პოლიტიკურ ძალებშიც იქონიებს რეზონანსს.
"რ": იქნებ დააზუსტოთ, რა რეზონანსს გულისხმობთ.
ზ.ფ.: ვფიქრობ, ვინც მოვლენებს თვალს ადევნებდა, მისთვის ცხადია, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გასვლა კოალიციიდან მხოლოდ მინიშნება იყო კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე. ასეთი პოლიტიკურად და იდეოლოგიურად არაერთგვაროვანი წარმონაქმნი მხოლოდ "ნაციონალებთან" დაპირისპირებაში თუ ინარჩუნებდა მთლიანობას. ახალ სიტუაციაში მდგრადობის შესანაჩუნებლად "ოცნების" ლიდერები ან "რესპუბლიკელების" სრულ პრიმატს უნდა დათანხმდნენ, ან ახალი მოკავშირეების ძებნა უნდა დაიწყონ. ვფიქრობ, დიდი მკითხაობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რომელ პოლიტიკურ ძალებს შორის შეუძლიათ ასეთების მოძებნა.
მეორე მხრივ, თავად "ნაციონალებს" შორის გამოთავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც აქამდე რამდენიმე ლიდერის მძევლის მდგომარეობაში იყო და რომელთა მიმართაც ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება არ არის რადიკალურად უარყოფითი. ეს კი მნიშვნელოვანი რესურსი შეიძლება აღმოჩნდეს ახალი პროდასავლური პოლიტიკური წარმონაქმნებისათვის.
"რ": გამოდის, რომ სააკაშვილის ნაბიჯში, მიუხედავად მისი უცნაურობისა, ჩვენთვის პოზიტიური მომენტებიც შეიძლება იყოს.
ზ.ფ.: დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობ. ამ ფაქტმა შეიძლება სათავე დაუდოს ჩვენს გამოყვანას იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც ბოლო ხანებში აღმოვჩნდით. ერთი მხრივ გვყავდა და გვყავს ამორფული და ნაკლებად ეფექტური ხელისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, დისკრედიტებული ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ ხელს თუ უშლიდა და უშლის პროტესტის პოლიტიკურ გაფორმებას.
ესაა ნებისმიერი სახელმწიფოსათვის საშიში მდგომარეობა. ჩვენ უკვე გვაქვს სრულფასოვანი ოპოზიციის გარეშე ცხოვრების გამოცდილება და ვიცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს. ჩვენი ისტორია სააკაშვილის მმართველობის ბოლო სამიოდე წლის განმავლობაში ამის თვალსაჩინო ნიმუშია. არსებობდა საპროტესტო განწყობა, მაგრამ არ არსებობდა ძალა, რომელიც ამ პროტესტის პოლიტიკურად გაფორმებას შეძლებდა.
ჩვენი ახლანდელი მდგომარეობაც ამის განმეორების ტენდენციას ამჟღავნებდა. სააკაშვილის პოლიტიკური როლი მკვეთრად ამუხრუჭებდა პოლიტიკურ პროცესებს და მთელი პოლიტიკური ცდომილებები "ნაციონალებისა" და "ოცნების" დაპირისპირების მნიშვნელზე დაჰყავდა. სააკაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი გააღრმავებს "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე ეროზიას, მაგრამ არანაკლებ რთული ამოცანების წინაშე დააყენებს მის ოპონენტებსაც.