"გარშემო უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. ბიჭი ყვიროდა, არ მომკლათ, გეხვეწებითო. ყველა სეირს უყურებდა. ბრგე კაცები იქვე იდგნენ და არც გატოკებულან. უყურებდნენ დანით სასტიკად როგორ ჩეხავდნენ და წარბიც კი არავინ შეიხარა," - აცხადებს ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი.
რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე 18 წლის ბეგლარ (ბეგი) მამალაძე, თვითმხილველების თქმით, დანით ორმა პირმა სასიკვდილოდ დაჭრა. მათი განცხადებით, ახალგაზრდა ეხვეწებოდა, რომ არ მოეკლათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას დანა 5-ჯერ ჩაარტყეს.
შემთხვევის ადგილზე მაცხოვრებლები "რეზონანსთან" საუბრისას იმასაც აცხადებენ, რომ ფაქტს უამრავი თვითმხილველი შეესწრო, თუმცა მსხვერპლს არავინ დაეხმარა. უბრალოდ, იდგნენ და უყურებდნენ, როგორ კლავდა ორი თანატოლი 18 წლის ახალგაზრდას.
"მკვლელობამდე ჩხუბის ხმა არ გამიგონია, შემთხვევას ჩემი სახლის აივნიდან შევესწარი. დავინახე, რომ ორი ახალგაზრდა, ქუჩაში მიდენილ ბიჭს მოულოდნელად მიმავალ. გარშემო უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. ბიჭი ყვიროდა, არ მომკლათ, გეხვეწებითო. ყველა სეირს უყურებდა. ბრგე კაცები იქვე იდგნენ და არც გატოკებულან. უყურებდნენ დანით სასტიკად როგორ ჩეხავდნენ და წარბიც კი არავინ შეიხარა.
"მხოლოდ მაშინ მივიდნენ, როცა იმ არამზადებმა საქმე მოათავეს და გაიქცნენ. როგორც მერე გავიგეთ, აქვე ექიმი ცხოვრობს, რომელმაც სასწრაფო გამოიძახა და ბიჭი საავადმყოფოში წაიყვანა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკვე გვიანი იყო. დანა გულში 5-ჯერ ჩაურტყამთ და საწყალი ბიჭი როგორღა გადარჩებოდა?" - აცხადებს ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი ნ.გ.
ერთ-ერთი თვითმხილველი და შემთხვევის ადგილას მცხოვრები მამაკაცი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ბიჭს ვერ დაეხმარნენ, რადგანაც მათ შორის ჩხუბი არ ყოფილა. მისი თქმით, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მათ ფაქტზე რეაგირება ვერ მოასწრეს.
"ყველაფერი ძალიან მოულოდნელად და სწრაფად მოხდა. მათ შორის შელაპარაკება და ჩხუბი არ ყოფილა. გზაზე მიმავალ ბიჭს ორი თანატოლი მიუახლოვდა და დანა მოულოდნელად დაარტყეს. ზოგი ამბობს, რომ ბიჭი ყვიროდა და ეხვეწებოდათ, არ მომკლათო, მე პირადად მისი ხმა არ გამიგონია. მისთვისაც იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვფიქრობ, საწყალი ბიჭი ამას თვითონაც ვერ წარმოიდგენდა," - აცხადებს თვითმხილველი მამაკაცი გ.გ.
ბეგლარ ("ბეგი") მამალაძის განზრახ მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა 19 წლის როინ ქარდავა დააპატიმრეს, რომელსაც ბრალი უკვე წაუყენეს. თუმცა გარდაცვლილის მეგობრები და ნათესავები ამბობენ, რომ მის მკვლელობაში ორი პირი მონაწილეობდა, რასაც, მათი თქმით, შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველებიც ადასტურებენ.
ბეგი ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ის დედისერთა იყო. მეზობლები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა მიუხედავად გაჭირვებისა, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ბიჭისთვის ხელი შეეწყოთ, რათა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრილიყო.
მან გარდაცავალებამდე რამდენიმე დღით ადრე სასკოლო საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ეროვნულ გამოცდებზე გასასვლელად ემზადებოდა. იგი 151-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო, ხოლო დედამისი ამავე სკოლაში ინგლისურის მასწავლებელია. როგორც სკოლის დირექტორი ზაზა ადამაშვილი აცხადებს, ბეგი საკმაოდ ნიჭიერი ბიჭი იყო და მას წინ ბრწყინვალე მომავალი ჰქონდა. ხოლო დედამისი მისი წარმატებით ძალიან ამაყობდა.
"როგორც გადმოცემით ვიცი, ბეგისა და დაკავებულ ბრალდებულს შემთხვევამდე წინა საღამოს, ერთ-ერთ წვეულებაზე შელაპარაკება მოსვლიათ. მეორე დღეს, მისი მეგობრების თქმით, ისინი უნდა შერიგებულიყვნენ, თუმცა ქუჩაში ჩაუსაფრდნენ და მოკლეს.
"საკმაოდ ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ემზადებოდა. დედამისი მისი წარმატებებით ძალიან ბედნიერი იყო და ამბობდა, რომ ბეგლარი ბევრს მიაღწევდა. სამწუხაროდ, ასეთი შემზარავი ფაქტი მოხდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უბრალო შელაპარაკება ამხელა უბედურებას მოიტანდა," - ამბობს ადამაშვილი.
გარდაცვლილის ახლობლები მკვლელობის შესაძლო ორ ვერსიაზე საუბრობენ. მომხდარ ფაქტს, ერთ-ერთი ვერსიით, გასულ წელს 17 წლის მიშო ტყემალაძის მკვლელობას უკავშირებენ, როდესაც 171-ე საჯარო სკოლის ეზოში მიშო და მისი ორი მეგობარი ურთიერთშელაპარაკებისას სასიკვდილოდ დაჭრეს.
მეგობრები გადარჩნენ, ხოლო ტყელამაძე გარდაიცვალა. მაშინ ამბობდნენ, რომ ჩხუბში ბეგიც მონაწილეობდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.
მკვლელობის მეორე მოტივად შემთხვევამდე წინა დღეს მომხდარი კამათი სახელდება. ამ ვერსიით, როინ ქარდავა და ბეგლარ მამალაძე წვეულებაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ შორის ჩხუბი მოხდა. როგორც მეგობრები ყვებიან, ბეგიმ როინს ხელიც კი გაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა როინ ქარდავამ, მიმდინარე წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ბეგლარ მამალაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიების ინფორმაციით, მეორე პირის მკვლელობაში მონაწილეობა არ დასტურდება. თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და სხვა დეტალების შესახებ უკვე გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.