გასული დღეების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომხდარ სტიქიურ მოვლენებს სპეციალისტები ორი მიზეზით ხსნიან - გლობალური პროცესებით (კლიმატის გლობალური ცვლილება) და ქვეყნის შიგნით ბუნებრივი რესურსების არასწორი გამოყენებით, რაც, "სტიქიას სასათბურე პირობებს უქმნის."
გახშირებული წვიმა და დროის მოკლე პერიოდში არაბუნებრივი რაოდენობით მოსული ნალექი, სეტყვა, ტენიანობის მატება - ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რამაც პრობლემის სახით საქართველოში თავი გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების გამო იჩინა.
თუმცა პალეოკლიმატოლოგები (კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი მეცნიერების სპეციფიკური დარგი) ამბობენ, რომ შედეგი ამდენად მძიმე არ იქნებოდა, გლობალურ პროცესებს ყვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებიც რომ არ "ეხმარებოდეს". ტყეების გაჩეხვა, წიაღისეულისა და ინერტული მასალების არასწორი გამოყენება - სწორედ ეს ყველაფერი უწყობს ხელს, მათი თქმით, სტიქიას და შედეგად სახეზე გვაქვს მოხშირებული მეწყერი, ღვარცოფი თუ წყალდიდობა.
მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილებამ და მისით გამოწვეულმა გლობალურმა დათბობამ საფიქრალი მთელ მსოფლიოს გაუჩინა. გლობალური დათბობა ნიშნავს დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის თანდათანობით მატებას. ეს პროცესი წინაინდუსტრიული პერიოდიდან (დაახლოებით 1750 წლიდან) დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა.
გლობალური დათბობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ე.წ. "სათბურის გაზების" ატმოსფეროში გამოფრქვევა (ემისია) და შესაბამისად ატმოსფეროში მისი კონცენტრაციის ზრდა.რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავლენას საქართველოზეც ახდენს. შესაბამისად, უხვი ნალექი და სტიქია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მძვინვარებს, სეზონურ მახასიათებლადაც მიიჩნეოდა, რომ არა მისი მომეტებული სიხშირე.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის - "დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სიხშირე ცალსახად მომატებულია.
"გარდა ამისა, გუშინ ერთი საათის განმავლობაში მოსული წვიმის რაოდენობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე მთელ კვარტალში მოსული ნალექისა. როცა მზეა და უცებ ასეთი წვიმა წამოვა, ეს საქართველოსათვის დამახასიათებელი არ არის და კლიმატის ცვლილების ნიშანია.
"რაც ჩვენ ვიცით და რაც იზომება, ისაა, რომ გლობალური დათბობის შედეგად მყინვარების მოცულობა შემცირდა. მათი საფარი შეთხელდა. ეს ერთ-ერთი ცნობილი ინდიკატორია. მეორე ინდიკატორი კი ტენიანობის გაზრდაა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან ტენიანობა არ იზომება. მისი ზრდა მხოლოდ ამ მარტივი მაგალითით შეგვიძლია შევამჩნიოთ - თუკი ადრე თბილისში სარეცხის გაშრობას 2 საათი სჭირდებოდა, ახლა მთელი დღე სჭირდება. ეს ყველაფერი გლობალური დათბობის ნიშანია," - ამბობს ჩხობაძე.
მოხშირებული სტიქიის მიზეზებზე კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (სუტტ) პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილიც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერში გლობალური პროცესების წილი დაბალია. მისი თქმით, ექსტრემალური მეტეოროლოგიური პირობები კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი სიმპტომია. შესაბამისად, შეიძლება ამაში კავშირი ვეძებოთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, რომ სტიქიას ადგილზე ბევრი სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორი ხვდება, რაც მას კიდევ უფრო ამწვავებს.
"წყალდიდობა ბუნებრივი მოვლენაა და სეზონურობა ახასიათებს, თუმცა არაბუნებრივი ამაში ის არის, რომ მდინარეები უკვე სახეცვლილია. წყალშემკრები აუზი დეგრადირებულია, ტყეები - გაჩეხილი. შესაბამისად, მდინარეებს უკვე ღვარცოფული ხასიათი აქვთ. ეს ღვარცოფი წლიდან წლამდე მდინარეების კალაპოტს ავსებს და მისი ფსკერი უფრო მაღლაა, ვიდრე ნაპირი. შესაბამისად, ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა, ეს წვიმა იქნება თუ წყლის დონის აწევა, მდინარის ნაპირზე გადმოსვლას და იმ ზიანს იწვევს, რაც ამ დროს დგება," - ამბობს გეთიაშვილი.
სწორედ ამიტომ მიიჩნევს იგი, რომ კატასტროფებს ბუნებასთან არასწორი მოქცევა უფრო იწვევს, ვიდრე გლობალური პროცესები, ანუ, ძირითადი მიზეზი, მისი თქმით, ისაა, რომ ტყეები იჩეხება, მცირედი მიზეზი კი ის, რომ კლიმატი მთელ დედამიწაზე იცვლება.
შესაბამისად, იგი კიდევ არაერთ კატასტროფას პროგნოზირებს და ამბობს, რომ ეს მთავრობაშიც კარგად იციან. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ცხადდება საგანგებო სიტუაცია მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების პროგნოზირებისთანავე.
"ეს ძალიან კარგია, რადგან რეაგირება სათანადო უნდა იყოს. პარალელურად კი იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ ვმართოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსები სწორად. აქ არა მხოლოდ ტყეებს ვგულისხმობ, არამედ წიაღისეულს, ინერტულ მასალებს და ა.შ. ზოგადად, ბუნებრივი კატასტროფების მართვა საკმაოდ რთული პროცესია და როგორც მართვის სხვა სისტემები, საქართველოში 90-იანი წლების შემდგომ მოიშალა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო გარემოს დაზიანებაც. ახლა კი უკვე შედეგებს ვიმკით.
"დღეს ამის პრევენცია უკვე ძალიან ძნელია. უფრო ეფექტური ბუნებრივი რესურსების სწორი მართვა იქნება. საქართველოს მთავრობამ ამაზე ფიქრი უნდა დაიწყოს. პირველ რიგში ტყეების მოფრთხილება, ვინაიდან პრევენციული ღონისძიებები - საინჟინრო ტექნოლოგიები, ბიოინჟინერია და ა.შ. უკვე შედეგებთან ბრძოლაა, რაც დროებითია," - აღნიშნავს რეზო გეთიაშვილი.
ამბობს, რომ ყოველი წელი, რომელიც მოუმზადებლად გაივლის, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანსა და შედეგებს უფრო და უფრო დაამძიმებს. მისი თქმით, პრევენციისათვის თანხები იხარჯება, მაგრამ ამის პარალელურად ბუნებრივი რესურსების არასწორად გამოყენებასა და ტყეების გაჩეხვას ვაგრძელებთ. ამიტომ, ერთადერთ გამოსავლად ტყეების მოჭრაზე მორატორიუმის გამოცხადება ესახება.
"ვიცით, რომ ზამთარში 2 მილიონამდე კუბური მეტრი შეშა გვჭირდება, რადგან რაიონებში მოსახლეობის 80-90% შეშით თბება. ამ დროს კი სახელმწიფო ნახევარ მილიონ კუბურ მეტრს გამოყოფს. ამიტომ ტყეებს არალეგალურად ჭრიან და მათზე ოთხჯერ მეტი დაწოლა მოდის.
"უნდა შემუშავდეს შეშით უზრუნველყოფის ხანგრძლივვადიანი პროგრამა, რომელშიც გარემოს დაცვის სამინისტროსა და სატყეო სააგენტოს გარდა ენერგეტიკის სამინისტროც ჩაერთვება. ალტერნატივები უნდა გამოინახოს, რათა ტყის მოჭრა შემცირდეს. იმდენს უნდა მოვიხმარდეთ, რამდენის გამოყოფის უნარიც გვაქვს, რადგან ტყე იმაზე მეტს, რასაც ახლა გვაძლევს, ვერ მოგვცემს," - აღნიშნავს გეთიაშვილი.