ია აბულაშვილი
05.06.2015

 ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა, ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის მის ახალ მფლობელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ტილო რამდენიმე დღის წინ "კრისტის" აუქციონზე მილიონახევარ დოლარად შეიძინა. იმას, რომ წლების წინ დაკარგული ფიროსმანის შესანიშნავი ტილო ქართველ ხალხს დაუბრუნდა, ყველა სიხარულით შეხვდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ თუ ფიროსმანი უცხოელი მეპატრონის ხელში მოხვდებოდა, მისი ცნობადობა უფრო გაიზრდებოდა.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელსაც წლების წინ საბჭოთა კავშირში გაბნეული ფიროსმანის ნახატების მოძიებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის და რომელმაც პირველმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი ფიროსმანზე. რეჟისორი "რეზონანსთან" ფიროსმანის ამ ნახატთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერსო ამბავს იხსენებს.

გიორგი შენგელაია: მე ვთვლი, დღეს საქართველოში გამჟღავნდა ერთი მნიშანელოვანი მოვლენა, რომ ერთი მდიდარი კაცი მხარს უჭერს ხელოვნებას და ვაიპოლიტიკოსების ყაყანი, რომ საქართველოს მართავს ოლიგარქი, არადამაჯერებელია. ის არის ოლიგარქი, მაგრამ, პირველ რიგში, არის ქართველი; მან საქართველოს დაუბრუნა ეროვნული განძი, როგორც თავის დროზე გააკეთა ექვთიმე თაყაიშვილმა.

ფიროსმანის ეს ტილო მართლაც უნდა იყოს ხელოვნების მუზეუმში, რადგან მომავალმა თაობამ ხელოვნების ეს შედევრი იხილოს. დამთავრდა ამ სურათით, როგორც ნივთით ვაჭრობა, ხელოვნების მუზეუმიდან არაფერი იყიდება. მე როგორც ქართველი და ფიროსმანის შემოქმედების გაშუქებაში მონაწილე რეჟისორი, თქვენი გაზეთის მეშვეობით მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს ამ ღირსეული ქმედებისთვის.

"რეზონანსი": თქვენ იყავით პირველი რეჟისორი, ვინც ფიროსმანზე ფილმი გადაიღეთ და როგორც ჩვენთან ინტერვიუში განაცხადეთ, ძალიან ბევრი მასალა მოიძიეთ ალაბთ ამ სურათთან დაკავშირებითაც...

გ.შ: დიახ, დიდხანს ვმუშაობდი ფიროსმანზე; ამ თემაში ფუთი მარილი მაქვს შეჭმული. პირველად ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა გიორგი ლეონიძის ოჯახში ვნახე ფიროსმანის სურათი, დედაჩემმა ნატო ვაჩნაძემ მიმიყვანა. ფიროსმანის სურათები საქართველოში ძირითადად მწერლების - აკაკი ბელიაშვილის, სიმონ ჩიქოვანის, გიორგი ლეონიძის, იოსებ ნონეშვილის - ოჯახებში ინახებოდა. დედაჩემი და მამაჩემი მეგობრობდნენ ქართველ მწერლებთან და მეც მქონდა ბედნიერება ფიროსმანი მათ ოჯახებში მენახა.

სწორედ ბავშვობის შთაბეჭდილებებმა განაპირობა დიდი ფილმის გადაღება ფიროსმანზე. ყველაზე მნიშვნელოვანი სტატია ფიროსმანის შემოქმედებაზე დაწერა გრიგოლ რობაქიძემ, როდესაც ძმებმა ზდანევიჩებმა 1916 წელს თბილისში ფიროსმანის ნახატების პირველი გამოფენა გააკეთეს. მინდა ვთქვა, რომ ფიროსმანზე რამდენი რამ დაიწერა, მაგრამ დღესაც რობაქიძის ამ სტატიაში არის ყველაზე ამომწურავად მოცემული ფიროსმანის ფენომენი. რაც შეეხება ფიროსმანის სურათის ძიებას "არსენალის მთა ღამით", ამ ისტორიაში მეც ვიყავი ჩართული. ჯერ კიდევ მოსკოვში ვსწავლობდი, როცა გადავწყვიტე შემეგროვებინა მასალა, თუ რომელი კერძო პირების ხელში იყო ფიროსმანის ნახატები მოსკოვსა და პეტერბურგში. ამ ტილოს, "არსენალის მთა ღამით", მივაგენი ლილია ბრიკის ოჯახში. ეს ქალბატონი დედაჩემის მეგობარი იყო. იგი ცნობილი იყო იმით, რომ მაიკოვსკის სატრფო იყო. მას შევხვდი 1957 წელს, სანამ სურათი საფრანგეთში მოხვდებოდა, ოთახში კედელზე ეკიდა და მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტმა გადვიღე სურათი ფირზე, რომელიც შემდეგ მოხვდა ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ფიროსმანზე.

ლილია ბრიკს ვკითხე, საიდან მოხვდა ფიროსმანის სურათი მასთან - მითხრა, ზდანევიჩისგან ვიყიდეო. ძმები ზდანევიჩები იყვნენ ფიროსმანის ერთ-ერთი პირველი კოლექციონერები, ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის დროს. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მათი უდიდესი ღვაწლი ფიროსმანის სურათების მოძიებასა და შეგროვებაში; ერთ-ერთი ზდანევიჩი, კირილე, მოსკოვში ცხოვრობდა, ეკონომიურად გაუჭირდა და ლილია ბრიკს, რომელსაც ძალიან უყვარდა ფიროსმანი, სამი სურათი მიჰყიდა, მათ შორის იყო "არსენალის მთა ღამით".

ფრანგი მწერალი ელზა ტრიოლე ლილია ბრიკის ღვიძლი და, ცნობილი ფრანგი პოეტის, ლუი არაგონის ცოლი იყო. როდესაც ელზა ტრიოლე და ლუი არაგონი მოსკოვში ჩამოვიდნენ, ლილია ბრიკთან ოჯახში ნახეს ფიროსმანის ეს ნახატი და ლუი არაგონი აღფრთოვანებული დარჩა, საპასუხოდ ლილია ბრიკმა თავის სიძეს, ლუი არაგონს აჩუქა ფიროსმანის ეს ტილო.

"რ": ანუ სიმართლე არ არის, საბჭოთა ხელისუფლებამ ლუი არაგონს 60 წლის იუბილეზე აჩუქა ფიროსმანის ეს სურათი?

გ.შ: ასე არ იყო, კომუნისტებს არ უჩუქებიათ ეს სურათი არაგონისთვის. საბჭოთა პერიოდში საკავშირო დადგენილებით ფიროსმანი ეროვნული ღირებულების მხატვარი იყო და მისი ნამუშევრების გატანა ქვეყნიდან არ შეიძლებოდა. ამიტომ ელზა ტრიოლეს და არაგონს შეექმნთ პრობლემები, მაშინ ისინი ბრეჟნევთან მივიდნენ და ითხოვეს სურათის პარიზში გატანის ნებართვა, რაზედაც ბრეჟნევი დათანხმდა. ასე მოხვდა ფიროსმანის "არსენალი" პარიზში, ამის შემდეგ სულ არაგონთან იყო და არასდროს აუქციონზე არ გასულა; ერთ ადგილზე ეკიდა არაგონის სახლში პარიზის გარეუბანში.

ელზა ტრიოლეს და ლუი არაგონს შვილები არ ჰყავდათ, როდესაც მწერალი გარდაიცვალა ანდერძით თავის მდივანს დაუტოვა, რომლის გვარი და სახელი ახლა არ მახსოვს. მოსკოვში იყო ცნობილი კოლექციონერი იგორ სანოვიჩი; მოგვიანებით მისგან გავიგე, რომ არაგონი გარდაიცვალა და ეს სურათი მის მდივანს დარჩა, როგორც მითხრა სანოვიჩმა, ეს პიროვნება წარმოშობით იყო სომეხი. კიდევ უფრო მოგვიანებით მოხდა ის, რომ ფრნგული დოკუმენტური ფილმების სტუდიამ "სოდაპერაგამ" შემიკვეთა ფიროსმანზე დოკუმენტური ფილმის გადაღება. პარიზში ჩასვლამდე ჩემს დამკვეთებს ვთხოვე მოლაპარაკებოდნენ სურათის მფლობელს, ნებართვა მოეცა სურათის გადაღების (რაც მე ფილმის გადაღებისთვის აუცილებლად მიმაჩნდა). როცა პარიზში ჩავედი, ჩემმა დამკვეთებმა შეწუხებულებმა მითხრეს, რომ მფლობელი ჯერ დათანხმდა, შემდეგ კი იუარა. რამაც დამაფიქრა, რომ ამ პიროვნებას სურათზე არ ჰქონდა კანონიერი ფლობის უფლება. წლების შემდეგ კი მესმოდა, რომ ეს სურათი რამდენჯერმე გავიდა აუქციონზე, ჯერ ნიუ იორკის, შემდეგ ლონდონის აუქციონებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×