ია აბულაშვილი
06.06.2015

 ამერიკელი პოლიტოლოგი, კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელი ედუარდ უოკერი მოუწოდებს დასავლელ პოლიტიკოსებს, ეძებონ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული კრიზისიდან გამოსვლის გზები. აანალიზებს რა არსებულ სიტუაციას, უოკერი კრიზისიდან გამოსვლის მისეულ სამ შესაძლო სცენარს სთავაზობს პოლიტიკურ წრეებს.

პირველი სცენარით, რუსეთი და დასავლეთი უნდა დაუბრუნდნენ ნორმალურ ვითარებას და განაგრძონ თანამშრომლობა.

მეორე სცენარი ასეთია - არასტაბილური მტრობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, როდესაც არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული თამაშის წესები, ზუსტად განსაზღვრული გამყოფი ხაზები მოწინააღმდეგეთა შორის. უოკერის აზრით, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ყველაზე მაღალია რუსეთსა და დასავლეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების ალბათობა.

უოკერის მესამე სცენარი განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოსათვის - სტაბილურად მტრული ურთიერთობები, როდესაც უკვე განსაზღვრულია თამაშის წესებიცა და გამყოფი ხაზებიც. დაახლოებით ასეთი მდგომარეობა იყო "ცივი ომის" დროს.

უოკერის აზრით, მესამე სცენარი ასევე გულისხმობს რუსეთსა და ნატოს შორის ბუფერული ზონების შექმნას, სადაც არ იქნება განლაგებული არც რუსული და არც ნატოს შეიარაღებული ძალები. ეს ზონები კი უნდა მოიცავდეს ბელარუსს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და საქართველოს.

"ბუფერულ ზონებში მდებარე ქვეყნები არ შევლენ არანაირ კავშირში და მათ ტერიტორიებზე არ იქნება არცერთი უცხოური ჯარი; ნეიტრალიტეტი არ ითვალისწინებს განიარაღებას და ამის მაგალითია შვეიცარია და ლიხტენშტეინი. ნეიტრალიტეტის სტატუსმა კი შეიძლება ამ ქვეყნებში ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღორძინებას", - ამბობს ედუარდ უოკერი.

რამდენად მყარი და რეალიზებადია ამერიკელი პოლიტოლოგის მიერ შემოთავაზებული სამივე სცენარი - ამის თაობაზე "რეზონანსი" ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა.

სოსო ცინცაძე: "პირველი სცენარით შერიგება და თანამშრომლობის გაგრძელება ზღაპარია, ვინიადან უკვე გამოქვეყნდა ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ დასავლეთმა სტრატეგია უნდა შეცვალოს რუსეთთან, ვინაიდან ნებისმიერი დათმობების შემთხვევაშიც კი პუტინი თავის კურსს არ შეცვლის და მისი ხედვა მსოფლიოს მიმართ არ შეიცვლება. ამიტომ საჭიროა რუსეთთან გაგრძელდეს სანქციები, ზეგავლენა მოხდეს რუსეთის მოსახლეობაზე, რათა თვითონ რუსები მიხვდნენ, რომ მათი ადგილი არის ევროპაში და ვიდრე პუტინი არის რუსეთის მმართველი, მისი ადგილი არ არის ცივილიზებულ სამყაროში.

"ყოველივე აქედან გამომდიარე, შეიძლება ვთქვათ, რომ თანამშრომლობა რუსეთთან გამორიცხულია, ამას გვიჩვენებს წარსულიც. დასავლეთმა არაერთხელ დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, 1945 წელს იალტის შეხვედრაზე, როდესაც აღიარა რუსეთის გავლენის სფეროები და ამაზე ელემენტარული მადლობაც არ უთქვამს მისთვის. 90-იანი წლების შემდგომ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ რუსეთთან ყველა მოლაპარაკება მთავრდებოდა ერთი და იგივე შედეგით.

"რატომ გახდა შეუძლებელი რუსეთსა და დასავლეთს, თუ გნებავთ აშშ-ს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის რეჟიმის სტაბილიზაცია? როდესაც რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს საბჭოთა კავშირის რეანიმაცია სხვა კონტექსტით, ამ დროს ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომ ყველა მონაწილე მხარე იყოს კმაყოფილი, პრაქტიკულად შეუძლებელია.

"რაც შეეხება მეორე სცენარს - ომის საფრთხეს, ეს გამორიცხულია, ვინაიდან მიუხედავად ფართო საზოგადოებისათვის განკუთვნილი განცხადებებისა, მოსკოვშიც მშვენივრად ერკვევიან ძალთა თანაფარდობაში.

"მესამე სცენართან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ, როგორც ჩანს, დღეს ამერიკაშიც იმდენი პოლიტოლოგია, რამდენიც საქართველოში და თავიანთი მომზადებით, გარდა თითოეული გამონაკლისისა, მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. ეტყობა, ამერიკაშიც არსებობს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი და კარგი იქნება, ამ ფანტაზიებს ერთმანეთს თუ გაუზიარებენ.

"დღეს თვით შვეიცარიასაც უაღრესად უჭირს თავისი ისტორიული სტატუსის შენარჩუნება; ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში საერთაშორისო თანამეგობრობის, გაეროს მიერ აღიარებული ერთადერთი ნეიტრალური სახელმწიფო - თურქმენეთი იქამდე მივიდა, რომ დღე-დღეზე რუსეთს სთხოვს დახმარებას ავღანელი თალიბებისა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა შეჭრის პერსპექტივისაგან დასაცავად.

"პოლიტოლოგის რჩევა ბუფერულ ზონებთან დაკავშირებით, საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, თეორიულად და პრაქტიკულადაც გამორიცხულია, ასევე მისი ნეიტრალიტეტის სტატუსი. ეს შეიძლება ქვეყნის უბედურებადაც იქცეს და ბედნიერებადაც, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების მარიფათზე. ასე რომ, არანაირი ბუფერული ზონები არ იქნება არასოდეს.

"ბუფერული ზონა სტაბილურობის გარანტიაა და იგივე აზერბიაჯანი არასოდეს იტყვის უარს მთიანი ყარაბაღის დაბრუნებაზე, თუნდაც იარაღის გამოყენებით. ასე რომ, პატივსაცემ ამერიკელ პოლიტოლოგს ეტყობა საერთოდ დაავიწყდა მოლდოვას მდგომარეობა, მისი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა; ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა; უკრაინა ხომ თავისთავად გამორიცხულია. ამ 4 ქვეყანაში თვითონ არ სურთ ნეიტრალური სტატუსი და ჯერ არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში შემთხვევა, რომ გარე ძალების მიერ თავს მოხვეული საერთაშორისო სტატუსი სადმე ეფექტური ყოფილიყო ხანგრძლივ გათვლებში", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტი კახაბერ ჯაყელი თვლის, რომ ამერიკელი პოლიტოლოგის მიერ შემოთავაზებული სამივე სცენარი გასათვალისწინებელია პოლიტიკოსების, პოლიტიკური მეცნიერების და თავად პოლიტიკური მარკეტინგისთვის, რადგან მასში მოცემულია მოვლენების შესაძლო განვითარების ყველა გზა და მიმართულება.

კახებერ ჯაყელი: "პირველი სცენარი - რუსეთსა და ევროპას შორის შერიგებაზე და თანამშრომლობის გაგრძელებაზე გამოთქმული აზრი, ნაკლებ საიმედოდ გამოიყურება ამერიკის პოლიტიკურ წრეებში, რადგან მთავარი ყურადღება გადატანილია რუსეთის, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი ქვეყნის გამოაშკარავებაზე. მსოფლიო პოლიტიკური აზრის შექმნაში კი დიდ გავლენას სწორედ ამერიკელი პოლიტოლოგები ფლობენ.

"პოლიტიკური მარკეტინგის თვალსაზრისით, პირველი პოზიცია ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული და ამერიკელი პოლიტოლოგის ედუარდ უოკერის მიერ გამოთქმული ეს იდეა მეტად სუსტია.

"რაც შეეხება მეორე სცენარს - ომის საფრთხეს ევროპასა და რუსეთს შორის, ეს იდეა უფრო მეტად აწყობს რუსეთის ისტებლიშმენტს, რადგან პოლიტიკურად გაკოტრებული რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს თავი ბუად წარმოაჩინოს და გარკვეული საფრთხეები შექმნას თავისი პოლიტიკური ბრენდისგან.

"პუტინს აწყობს იყოს საფრთხე ევროკავშირის პოლიტიკურ ბაზარზე; მას ამ მიმართულებით დიდი დივიდენდების მოზიდვა აქვს გადაწყვეტილი. შესაბამისად, რუსი პოლიტიკის ექსპერტები შეეცდებიან უოკერის ამ აზრის იმგვარად გამოყენებას, რომ კიდევ უფრო სახიფათო და სარისკო გახადონ რუსეთთან, როგორც ცეცხლთან თამაში ევროპის პრეზიდენტების და ე.წ. ევროკავშირის შეშინებული ბიურგერების მხრიდან.

"რაც შეეხება მესამე მიმართულებას უოკერის რჩევაში, ეს მიმართულება მეტი პოპულარობით სარგებლობს თავად იმ ქვეყნებში, რომელთა ბუფერულ ზონებად გამოცხადებაც არის ჩაფიქრებული. ამ ქვეყნების პროლიტიკური ბაზარი, რომელიც შექმნილია რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობაში და ასევე დასავლეთთან კეთილმეზობლურ კავშირებში, თავად მიისწრაფვის გარკვეული პოლიტიკური გარანტიებისაკენ.

"პოლიტიკური ბაზარი შედგება სუბიექტებისაგან. ყოველი ეს სუბიექტი ცდილობს შექმნას გარანტია ორივე მხარისგან, როგორც ევროპის ისე რუსეთისაგან. შესაბამისად, ამ სცენარის განვითარება გარკვეულწილად დიდ ხიფათს უქმნის "ომის პარტიას" თავად რუსეთის იმპერიაში; რადგან ბუფერულ ზონებში შექმნილი დემოკრატიული მმართველობა სულ ცოტა უფრო მიმზიდველი გახდება თავად რუსეთის ფედერაციის რეგიონებისთვის და რუსი ხალხისათვის, რომლებიც თავიანთი ხშირი ვიზიტებით უფრო მეტად გააცნობიერებენ იმ დიდ უფსკრულს, რასაც მათი ქვეყანა სთავაზობს ადამიანებს.

"თავად საქართველოს და სხვა ქვეყნებს, რომელებიც ჩამოთვლილია, მსგავსი იდეა სთავაზობს ე.წ. შეიარაღებულ მშვიდობას; ანუ მომზადებულ, კარგად დისციპლინირებულ სახელმწიფოს და ხალხს იმისათვის, რომ მათ იცხოვრონ მშვიდობიანად, მაგრამ მუდამ უფრთხილდნენ რუსეთის იარაღს. გააგრძელონ ცხოვრება დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, თუმცა თავიანთი ბედი თვითონ განაგონ. ასევე გარკვეული ეკონომიკური სარგებელი გასცენ რუსეთისა და ევროპის მხრიდან წამოსული ინვესტორებისთვის.

"მესამე მოდელი შეიძლება ყველაზე საინტერესო აღმოჩნდეს ზოგადად ამ ქვეყნებისათვის, მათი პოლიტიკური ბაზრისთვის.

"ამ სამივე სცენარში მოცემულია შესაძლო განვითარების ყველა გზა და მიმართულება. ეს გახლავთ ყველაზე კარგად დაწერილი სცენარი, რომელიც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წყარო ამ ბუფერული ქვეყნების განსჯისათვის და მათი სამომავალო გზების ძიებისათვის. ამერიკელი პოლიტოლოგის ედურად უოკერის შრომა დასაფასებელი და გასათვალისწინებელია, პოლიტიკოსების, პოლიტოლიკური მეცნიერების და თავად პოლიტიკური მარკეტინგისათვის", - განაცხადა "რეზონანსთან" კახაბერ ჯაყელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×