უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებაში ორივე მხრიდან 100 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. მათ შორის ქართველებიც არიან. ისინი, როგორც ეს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა, ბარიკადების ორივე მხარეს იმყოფებიან და ერთმანეთს ებრძვიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ჯარებში მებრძოლი ჩვენი თანამემამულეების რიცხვი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველების რაოდენობას რამდენიმეჯერ აღემატება.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში ქართველები ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულიდან იმყოფებიან. სამთავრობო ჯარების რიგებში მებრძოლები გაერთიანებულნი არიან "ქართულ ლეგიონში". მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანი მამუკა ლომაშვილი მეთაურობს. ისინი, გასაგები მიზეზების და გამო, ინფორმაციას მებრძოლების რაოდენობის შესახებ არ ასაჯაროებენ.
სეპარატისტთა რიგებში მებრძოლ ქართველებს საკუთარი შეიარაღებული შენაერთი ამ ეტაპზე არ ჰყავთ, რაც მათ მცირერიცხვოვნებაზე მეტყველებს. ისინი დროდადრო ავრცელებენ ვიდეომიმართვებს უკრაინული თუ ქართული საზოგადოების მისამართით და მოუწოდებენ მათ, რომ "გონს მოეგონ".
ისინი რუსულ ტელეარხებზე გასულ სიუჟეტებშიც ხშირად ჩნდებიან, სადაც ხაზს უსვამენ საკუთარ ეთნიკურ წარმომავლობას. დონბასში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზეზად კი "ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას" ასახელებენ.
ერთ-ერთი მათგანი, მეტსახელად "კნიაზი", რომლის ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია, დონეცკელ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ ის წარმოშობით ქართველია, თუმცა, წლებია რაც რუსეთში, ეკატერინბურგში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
"მე აქ ჩემი ნებით ჩამოვედი. არანაირი მატერიალური დაინტერესება არ მაქვს. არც ფული მოუციათ და არც რაიმეს დამპირებიან. ჩამოვედი, რათა აქ ჩანასახშივე გავანადგურო ფაშიზმი, რათა ის ჩემს ქვეყანაში, კერძოდ კი რუსეთში არ გავრცელდეს", - ამბობს "კნიაზი".
სეპარატისტების მხარეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი მფრინავი არამ ავაგიანია. ის ქართული არმიის რიგებში 1993 წლის გაზაფხულში ჩადგა. იგი "მი-8" ტიპის შვეულმფრენს მართავდა და აფხაზეთის მიმართულებით საბრძოლო ფრენას ახორციელებდა. მონაწილეობდა კოდორის ხეობიდან დევნილების ევაკუაციაში.
ავაგიანი სამხედრო სამსახურიდან 1998 წელს დაითხოვეს. 2007 წელს მან სცადა არმიაში დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ. რუსულ მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ მართავს იგი "ლ-29 დელფინის" ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავს ლუგანსკის საავიაციო მუზეუმის ტერიტორიაზე.
უკრაინაში მოხალისედ წასვლის მიზეზად ისიც "ფაშიზმის წინააღმდეგ" ბრძოლის სურვილს ასახელებს. ავაგიანის თქმით, მისი ბაბუა მეორე მსოფლიო ომში გერმანელების მხარეს მებრძოლმა უკრაინელებმა, ე.წ. "ბანდერელებმა" მოჰკლეს.
ინტერნეტსივრცეში დიდი რეზონანსი მოჰყვა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოინტერვიუს. მამა-შვილი გია და რომან ფარცვანიები პრორუსი სეპარატისტების მხარეს 2014 წლის მაისიდან იბრძვიან. რომანი ერთ-ერთი ასეულის მეთაურია, ზედმეტსახელად "გრუზინი", გია კი 19 წლისაა და საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე მზარეულის ხელობას ეუფლებოდა.
რომან ფარცვანიას თქმით, იგი წლებია, რაც უკრაინაში ცხოვრობს. საქართველო მან 1990-იანი წლების დასაწყისში დატოვა. ის ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო და სამოქალაქო ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ის ხაზსგასმით აღნიშნავს, რომ არც სამხრეთ ოსეთსა და არც აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა.
ფარცვანიას თქმით, ის საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში უფროსი ლეიტენანტის ჩინით მსახურობდა.
"ჩემს ასეულში სხვადასხვა ეთნოსის ხალხია. არიან ყაზახები, აზერბაიჯანელები, ოსები და აფხაზებიც კი. ერთმანეთს ლუკმას ვუყოფთ და ვაზღვევთ. ერთმანეთისადმი არანაირი შურისძიების და სიძულვილის გრძნობა არ გვაქვს. აქ პატარა საბჭოთა კავშირი გვაქვს შექმნილი. იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორისაც აღდგება ის ძმური ურთიერთობა, რაც ოდესღაც იყო", - ამბობს ფარცვანია.
ის უკრაინული არმიის შესაძლებლობებს სკეპტიკურად აფასებს და კონფლიქტის გაღვივებაში ნატოს ადანაშაულებს.
"აქ ვიბრძვი იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი ცხოვრობს აქ, ამ მიწაზე. ამასთან, მშვიდად ვერ ვუყურებდი იმას, თუ როგორ ხოცავდნენ და ბომბავდნენ ფაშისტები მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ფაშიზმი ისე, როგორც ეს ჩვენმა პაპებმა გააკეთეს, რათა ჩვენ უღრუბლო ზეცის ქვეშ გვეცხოვრა", - დასძენს ასმეთაური რომან ფარცვანია.
მისივე თქმით, საქართველოში სამოქალაქო ომის დროს მამამისი დასავლეთ საქართველოს კომენდანტი იყო, თუმცა, ამის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი "რეზონანსმა" ვერ მოიპოვა. ამ გვარის ადამიანს ვერც ამ ომში მონაწილე სხვა პირები იხსენებენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. სამი მათგანი - ალექსანდრე გრიგოლაშვილი, თამაზ სუხიაშვილი და გიორგი ჯანელიძე უკრაინის სამთავრობო ჯარების რიგებში იბრძოდნენ. მეოთხე - შალვა ბუხაიძე კი ლუგანსკელი სეპარატისტების მხარეს იყო.