"მზად ვართ, ქუჩაში გამოვიდეთ და ძალიან სერიოზული პროტესტის ფორმები გამოვიყენოთ"
თიკო ოსმანოვა
09.06.2015

 მოახლოვებული საპარალმენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით არასაპარლამენტო ოპოზიცია შემოდგომიდან მასობრივ გამოსვლებს დაიწყებს. მანამდე კი იწრმუნებიან, რომ "ქართულ ოცნებას" დისკომოფორტს შეუქმნიან და ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლას აიძულებენ.

"ახალი მემარჯვენებიის" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, "ოცნება" მაჟორიტარული სისტემის დატოვებით მანდატების მოპარვა სურს, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

"არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს თავის გეგმები, არამხოლოდ დამოუკიდებლად, არამედ არასამთვარობო ორგანიზაციებთან ერთად. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტური ღონისძიებები, რომლის განხორციელებსაც ვაპირებთ, მათ შორის ამ კვირის განმავლობაში. ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებ რა იქნება, თუმცა ხელისუფლებას ყველანაირად ვაიძულებთ მაჟორიტარული სისტემა გააუქმოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კაციტაძე.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლამდე გადადო. 2016 წლის არჩევნები კი მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარდება. თუმცა ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის არსებული დისბალანსი შემცირდება და 50%-იანი ბარიერი დაწესდება.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, კარზე მომდგარი არჩევნების წინ რადიკალური ცვლილებები სასურველი არ არის. ეს არგუმენტი ოპოზიცისთვის მიუღებელია და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. უფრო მეტიც მამუკა კაციტაძე "ოცნებას" ახსენებს, რომ სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე იყო მიღებული ისეთი რადიკალური გადაწყვეტილება, როგორიც მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევა იყო.

"ხელისუფლების უარი სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით არ გახლავთ საბოლოო. ჯერ არ მახსოვს არცერთი ხელისუფლება, რომელსაც თავიდანვე თანხვედრი პოზიცია დაეხვედრებინა ოპოზიციის მოთხოვნაზე. ის თავიდან იწყებს მედგარი და შეუვალი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ შემდეგ ძალისხმევებიდან გამომდინარე, როგორც წესი პოზიცია იცვლება და ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიური რამ მოხდება.

"უსუფაშვილის პოზიცია, რომ კარზე მომდგარ არჩევნების დროს ასეთი რამ არ ხდებაო, არის ტყუილი, იმიტომ, რომ ჩვენ ეს თემა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გავაჟღერეთ, როცა არჩევნებამდე 2 წელი რჩებოდა. ბატონმა უსუფაშვილმა ამასთან დაკავშირებით თვითონაც მოაწერა მემორანდუმს ხელი და ეს მოხდა გაცილებით ადრე. კარზე მომდგარი არჩევნები არაფერ შუაში არ არის - ეს არის ხელოვნურად გაწელილი პროცესი, ხელისუფლებას უნდა, რომ მოიპაროს მანდატები.

"მიუხედავად იმისა, რომ ახლა არის ივნისი, ყოველგვარი ზედმეტი ფაციფუცისა და აჩქარების გარეშე ძალიან ნორმალურად არის მოსწრებადი, საკონსტიტუციო ცვლილება თავისი საჯარო განხილვით, იმპლემენტაციით და ადაპტირება კანონმდებლობასთან.

"უფრო მეტიც, თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს, როგორც იყო მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევა. მაშინ რატომღაც არ უფიქრიათ კარზე მომდგარი არჩევნები.

"ასე რომ, თავი დაანებონ ყურით მოთრეული არგუმენტებით საუბარს, გააშიშვლონ პროცესი, ღიად თქვან, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა შედარებით დაბალი რეიტინგით - 45% მიიღოს 75-80%, კონსტიტუციური უმრავლესობა ჩაიგდოს ხელში მოპარული მანდატებით, რომ შემდეგ 4 წელი თავი ქუდში ჰქონდეს", - გვითხრა კაციტაძემ.

თუმცა არ დააკონკრეტა, თუ როგორ აიძულებენ ხელისუფლებას პოზიციის შეცვლას. მისი თქმით, ხელისუფლებას შეუქმნიან სერიოზულ პოლიტიკურ დისკომფორტს. რა ფორმებში გააკეთებენ ამას, ამის დაკონკრეტებისგან თავი "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმაც შეიკავა. მისი თქმით, ეს ხელისუფლებისთვისაც სიურპრიზი უნდა იყოს.

"ხელისუფლება ახლა საზოგადოებას ემათხოვრება, ხელს უწვდის, რომ კიდევ 4 წელი დარჩნენ ხელისუფლებაში, ჩვენ კი ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. გვაქვს ამასთან დაკავშირებით რაღაც გეგმები, თუმცა ამის გაჟღერებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლებისთვისაც სიურპრიზი უნდა იყოს.

"ეს არის თემა, რომლის გულისთვისაც არამხოლოდ პოლიტიკური ბერკეტი იქნება ამოქმედებული, არამედ მზად ვართ სხვა რადიკალურ ზომებსაც მივმართოთ და ქუჩაშიც გამოვიდეთ - ძალიან სერიოზული პროტესტის ფორმები გამოვიყენოთ. ეს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

"რაც შეეხება უსუფაშვილის არგუმენტს, ვფიქრობ, სასაცილოა - ეს ის პოლიტიკური ლიდერები არიან, რომლებიც ამ მოთხოვნით 2008 წლის მარტში 16 დღე შიმშილობდნენ, 2 თვეში კი არჩევნები იყო ჩანიშნული. ზვიად ძიძიგური სასწრაფომ საავადმყოფოში საკაცით წაიყვანა იმდენად ცუდად იყო. ასეთ მდგომარეობაში იყვნენ სხვა პოლიტიკური ლიდერებიც, რომლებიც დღეს არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე ამ რეფორმის გატარებას ნაჩქარევად მიიჩნევენ", - უთხრა "რეზონანსს" ახვლედიანმა.

მისი კოლეგებისგან განსხვავებით კი "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კაკა კუკავამ "საიდუმლო" გაგვიმხილა და გვითხრა, რომ ოპოზიცია შემოდგომიდან მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადება.

"ყველა პოლიტიკურმა ძალამ შემოდგომიდან უნდა დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები და მოვითხოვოთ ხელისუფლების გადადგომა. თუ აქცია არ გაიმართა, მიზანს არ მივიღებთ და მოხდება არჩევნების ტოტალურად გაყალბება", - გვითხრა კუკავამ.

მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრის ერთ-ერთი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო, რომელიც შემდეგ გადაიზარდა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაში.

აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც უჭერს. მან ოპოზიციასთან ერთად ერთობლივ შემაჯამებელ დოკუმენტსაც მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ისინი რეგიონულ-პროპორციული სისტემის შემოღებას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×