თამაზ აქუბარდია
"ახლაც ადამიანი უფრო მაიმუნია, ვიდრე თვით მაიმუნი." ფრიდრიხ ნიცშე
საოცარი მეცნიერებაა ალბათობის თეორია - მეცნიერება, რომელიც საშუალებას იძლევა არასაკმარისი ინფორმაციის პირობებშიც კი მივიღოთ გადაწყვეტილება და, მათემატიკური სტატისტიკის მეთოდებთან ერთად, საკმარისად დიდი სიზუსტით ვიწინასწარმეტყველოთ ამა თუ იმ მოვლენის მოხდენის შესაძლებლობა.
ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მათემატიკის ამ დარგისადმი ხაზგასმით გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც სრულიად შემთხვევით ხელში ჩამივარდა დიდი მათემატიკოსის და, არანაკლებ დიდი ეკონომისტის, ირვინგ ფიშერის (რომლის, თავისი ფორმით უმარტივესმა და შინაარსით უდიდესმა ე.წ. "ფულის რაოდენობრივმა განტოლებამ" ფარდა ახადა ინფლაციის, ამ კაცობრიობის უბოროტესი მტრის, წარმოშობის მიზეზს, - ინფლაცია წარმოიშვება იმ შემთხვევაში და იმიტომ, რომ მთავრობა(?!) იმაზე მეტ ფულს ბეჭდავს, ვიდრე ეკონომიკას შეუძლია "მოინელოს") შესანიშნავი წიგნი "სტატისტიკური მეთოდი მკვლევართათვის".
ამ წიგნში, იმდენად გასაგებ ენაზე იყო ეს ულამაზესი მათემატიკური შენობა, საძირკველიდან დაწყებული და სახურავით დამთავრებული, აგებული, რომ უზარმაზარ ცოდნასთან ერთად ესთეტიურ სიამოვნებასაც ვღებულობდი და დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც ამ ნაშრომს იმდენად სიღრმისეულად ვეცნობოდი, რომ პრაქტიკულად მთელი წიგნი დაკონსპექტებული მაქვს. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს გაწეული შრომა ძალიან წაადგა ჩემი, როგორც მეცნიერის (ამ სიტყვის არაკარიერისტული გაგებით), ჩამოყალიბებას.
ვინმეს გასაქილიკებლად არ ვამბობ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დიციპლინას უნივერსიტეტში მთელი ოთხი სემესტრი გავდიოდით, მაშინ მის შესახებ იმდენივე ვიცოდი, რამდენიც დედამიწაზე მყოფმა რიგითმა დამკვირვებელმა მთვარის შესახებ და, დღესაც ასე მიმაჩნია, რომ ეს სულაც არ იყო მხოლოდ ჩემი ბრალი.
საქმე იმაშია, რომ ლექტორის დანიშნულებაა სტუდენტამდე გასაგებ ენაზე მიიტანოს ის ურთულესი დებულებები, რაც წიგნში, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა (და რომელთა რიგს, ზემოთ დასახელებული მეცნიერის, ხსენებული ნაშრომიც ეკუთვნის), როგორც წესი, ლექტორის დახმარების გარეშე, ძალიან ძნელი გასაგებია. სამწუხაროდ ლექტორთა უდიდესი უმრავლესობა, მაშინაც და დღესაც, უბრალოდ იმავე ენაზე, და ზუსტად ისევე, გადმოსცემს იმას, რაც სახელმძღვანელოშია მოცემული. ეს კი იმას იწვევს, რომ სტუდენტი, რომლისთვისაც ამ ასაკში ნიშანია მთავარი და არა ცოდნა, უბრალოდ იზუთხავს მას (აღარაფერს ვამბობთ ზოგჯერ იმ უბინძურეს ხერხებზე და მეთოდებზე, რასაც ისინი ამისათვის კადრულობენ). ცხადია ეს მხოლოდ სტუდენტთა უმრავლესობას (!) ეხება.
სხვათა შორის, ამ წიგნში, ავტორს მოყვანილი აქვს უნიკალური მაგალითი გენეტიკური ნიშან-თვისებების გადაცემის შესახებ, რომლითაც მკაცრად მათემატიკურად მტკიცდება მათი არსებობის უტყუარობა.
კერძოდ, მან შეისწავლა იმ პერიოდის ინგლისში, მონოზიგოტური (ერთი კვერცხუჯრედიდან) და დიზიგოტური (ორი კვერცხუჯრედიდან) დაბადებული ტყუპების ქცევის გენეტიკა. აღმოჩნდა, რომ იმ მონოზიგოტური ტყუპებიდან, რომლებიც ცალკ-ცალკე იზრდებოდნენ, თუ ერთი იყო ბოროტმოქმედი, 90 პროცენტიანი ალბათობით, მეორეც ბოროტმოქმედი ხდებოდა და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ისინი სრულიად განსხვავებულ გარემოშო იზრდებოდნენ. მაშინ, როდესაც დიზიგოტურ ტყპებში ასეთი კორელაცია გაცილებით ნაკლებად შეინიშნებოდა.
რაღა შორს წავიდეთ და, ჩემი ტყუპი შვილების (მონოზიგოტური) მაგალითიც კმარა გენეტიკური კორელაციის მაღალი დონის არსებობის საილუსტრაციოდ. როდესაც 3 წლის ასაკში ერთ-ერთ ტყუპის ცალს, - დავითს, თითიდან სისხლს უღებდნენ, მეორემ, - გიორგიმ თავის ზუსტად იმავე დასახელების თითს (არ მახსოვს შუათითი იყო, თუ არათითი), რომლიდანაც დავითს სისხლს უღებდნენ, თავისივე მეორე ხელი ჩაავლო და განწირული ხმით "ტკივილისაგან" ყვირილი დაიწყო.
ამხელა შესავალი კი იმისათვის დამჭირდა, რომ ადამიანური აზროვნების ამ უნიკალური ინსტრუმენტების დახმარებით, გარკვეული მინიშნებები გავაკეთო იმ ბიზნეს-გარემოს შესახებ, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ახალი პოლიტიკური გარემოს ფორმირების შედეგად ქვეყანაში შეინიშნება.
კერძოდ, ფარმაკოლოგიური ბიზნესის მაგალითზე განვიხილოთ რა ხდება ბიზნესში, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად იმპორტზე არის ჩამოკიდებული, ფასებთან დაკავშირებით, და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლარმა, ჩემი ღრმა რწმენით "პოლიტიკური თამაშები" დაიწყო.
რამდენიმე წელია, რაც წნევის წამალს ყოველდღიურად ვღებულობ და, ამდენად, მინდა ეს თუ არა, მსიამოვნებს თუ არა, იგი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ მომსვლია თავში აზრად, რომ სიტყვიერად მაინც გამომეხატა მადლობა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ეს წამალი შექმნეს. სამაგიეროდ ძალიან დიდი გულმოდგინებით, შეიძლება ითქვას, პერმანენტულად ვაკვირდები ამ წამლის ფასს.
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს წამალი სულ ცოტა 3 წლის უკან 17 ლარამდე ღირდა. ვერ ვიტყვი დაბეჯითებით 17 ლარი ფასდაკლების დღეს ღირდა თუ არა, მაგრამ სრული დაბეჯითებით ვიტყვი, რომ გასულ ოთხშაბათს, ანუ ფასდაკლების დღეს, ეს წამალი 37 ლარი და 45 თეთრი ღირდა და ჩემს კითხვაზე, ჩვეულებრივ დღეებში რა ღირს მეთქი, მიპასუხეს, 44 ლარიო (?). ანუ, წამლის ფასი სულ ცოტა ორჯერ გაზრდილა.
ცხადია ამ ერთი წამლის ფასით ძნელია რამდენადმე დამაჯერებელი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ალბათობის თეორია მაინც იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას და ცოტა თუ ეკონომიკურ თეორიასაც მოვიშველიებთ, გარკვეული დასკვნების გაკეთებას მაინც შეიძლებთ.
პირველ რიგში, ეკონომიკური თეორიიდან ცნობილია, რომ წამლებზე საზოგადოდ მოთხოვნა საკმაოდ არაელასტიურია (ქართულ თარგმანში ხმარობენ ტერმინს ელასტიკურობა, რასაც მე კატეგორიუალდ ვერ გავიზიარებ), ანუ ფასების ზრდა მასზე მოთხოვნას ან საერთოდ ვერ შეამცირებს, ან თუ შეამცირებს, ოდნავ და, მეორე, - თუ წამლების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გინდა გაზარდო, ფასების გაზრდა ამის უზრუნველყოდის შესანიშნავი საშუალებაა.
ახლა, მოდით, მცირე არითმეტიკული გაანგარიშებაც ჩავატაროთ. გაუფასურებამდე ლარის კურსი შეადგენდა 1,65 ლარს დოლარში, ხოლო ახლა შეადგენს 2,32 ლარს, ანუ ლარის გაუფასურება 50 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო ფასებმა (ჩემი წნევის წამლის შემთხვევაში) 100 პროცენტით მოიმატა. რადგანაც ალბათობის თეორია ერთი მონაცემის მაგალითითაც (თუ ეს წამალი შემთხვევით იქნა შერჩეული) დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, საკმაოდ მისაღები ალბათობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ფასების ამავე სიდიდით ზრდა წამლების უდიდეს უმრავლესობას შეეხო. ჩემთან არაფორმალურ საუბარში აფთიაქების თანამშრომლები ცალსახად მიუთითებდნენ, რომ კლენტთა ნაკადის მხოლოდ უმნიშვნელო შემცირება შეინიშნებოდა.
მაგრამ, რაშია საქმე? რით უნდა აიხსნას ის უცნაური ფაქტი, რომ წამლების ფასების ზრდის ტემპი ორჯერ აღემატება ლარის გაუფასურების ტემპს? და ამას რატომ უნდა უყურებდეს ხელისუფლება უბრალო დამკვირვებლის თვალით? ხალხი თუ არა, საკუთარი თავი მაინც უნდა ეცოდებოდეს, მითუმეტეს, რომ არჩევნები კარზეა მომდგარი?
ჩემი აზრით, რამდენადაც ბიზნესი ყოვლად გაუმართლებელი წნეხის ქვეშ იყო წინა ხელისუფლების დროს (და ეს ყველაზე ხელშესახებად დიდ ბიზნეს ეხებოდა), იმდენად ლოიალურია დღეს ხელისუფლება იმავე (ანუ ისევ მსხვილი ბიზნესი მყავს მხედველობაში) ბიზნესის მიმართ და რადგანაც მათ ეს ლოიალობა იგრძნეს, აკეთებენ იმას, რასაც ნებისმიერი ბიზნესმენი გააკეთებდა, - მაქსიმალურად შესაძლებელი მოგების მიღება ნებისმიერი, კანონის ფარგლებში არსებული წესებით დაცვით.
მაგრამ, ფასებთან მიმართებაში, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, ხელისუფლებას უფლება არა აქვს რაიმე პირდაპირი ფორმით ჩაერიოს და მიდის ყოვლად უმოწყალოდ მოსახლეობიდან ფულის ამოქაჩვა. ჩემი აზრით მათ იმ ფულის ამოღებაც აქვთ გადაწყვეტილი, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა შეწერილი, ოღონდ ეგ არის, ორივე შემთხვევაში ამოღების ობიექტი თითოეული ჩვენთაგანია.
არა მგონია ასეთი მიდგომა სასიკეთოდ წაადგეს ქვეყანას. ვერც ხელისუფლება აღმოჩნდება უკეთეს მდგომარეობაში ერთი შემთხვევის გარდა, - თუ ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი წასვლამდე ფულის კეთების მოსწრებაა!